ავტორი:

გაუჩინარება, სამშობლოს ღალატის ბრალდება და ეჭვი, ФСБ-სთან თანამშრომლობაზე - 27 წლის გოგონას ბურუსით მოცული ამბავი, რომელსაც რუსეთში ასამართლებენ

გაუჩინარება, სამშობლოს ღალატის ბრალდება და ეჭვი, ФСБ-სთან თანამშრომლობაზე - 27 წლის გოგონას ბურუსით მოცული ამბავი, რომელსაც რუსეთში ასამართლებენ

10 ოქტომბერს მოსკოვის ოლქის სასამართლომ 27 წლის ნიკა გუინის საქმის განხილვა დაიწყო, რომელიც რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით, სამშობლოს ღალატშია ბრალდებული.

როგორც BBC-მ გაარკვია, უკრაინაში დაბადებული გოგონა ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, 2024 წლის ოქტომბერში დააკავეს მოსკოვში, თუმცა მისი დაკავების შესახებ ინფორმაცია მედიასა და ღია წყაროებში არ გავრცელებულა. მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ ჩანაწერებიც არ იძებნება სასამართლო მონაცემთა ბაზებში.

ვინ არის ნიკა გუინი?

ნიკა გუინი უკრაინაში, ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ ბერდიანსკში დაიბადა და სკოლა 2013 წელს დაამთავრა. მისი კლასელის თქმით, ის იყო "წყნარი, ფრიადოსანი გოგონა, რომელზეც არასდროს არაფერი ცუდი არ თქმულა“. ყირიმის ანექსიის შემდეგ, თუმცა ბერდიანსკის ოკუპაციამდე დიდი ხნით ადრე, ნიკა მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად. ის ფლორისტად, შემდეგ კი მანიკიურის სალონში მუშაობდა. ბოლო სამი წლის განმავლობაში სტომატოლოგიურ კლინიკაში მასალების შესყიდვებს კურირებდა.

მისი ყოფილი კოლეგები ნიკას პოლიტიკასთან შეუთავსებელ ადამიანად აღწერენ. თუმცა, Twitter-ის პოსტების მიხედვით, მოსკოვში გადასვლის პირველ წლებში ნიკა მაინც ინტერესდებოდა უკრაინაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებით და აკრიტიკებდა უკრაინის ხელისუფლებას. ამავე დროს, ნიკა ხაზს უსვამდა, რომ ბედნიერი იყო რუსეთში ცხოვრების შესაძლებლობით. ერთ-ერთ პოსტში (2016 წ.) იგი წერდა, რომ ეშინოდა, მისი დამოკიდებულების გამო "აზოვის" ბატალიონის მიმართ "იპოვიდნენ და დახვრეტდნენ“, თუმცა შემდეგ დასძენდა: "მე, თქვენი დედაც, პირველ რიგში მსოფლიოს მოქალაქე ვარ, რა ჯანდაბად მჭირდება პატრიოტობა?“

ცნობილია, რომ ნიკას მამა, ვიეტნამის მოქალაქე, მოსკოვში ცხოვრობდა, სანამ 2019 წელს სასამართლომ ქვეყნიდან არ გააძევა. ნიკა უკრაინულად საუბრობდა და მამის გაძევების შემდეგ ვიეტნამური ანბანის შესწავლასაც ცდილობდა.

გაუჩინარება და გამოძიება

კლინიკის თანამშრომლის თქმით, ნიკა გუინი 2024 წლის ოქტომბერში "გაუჩინარდა". კოლეგებმა პოლიციას მიმართეს, სადაც გაარკვიეს, რომ გოგონა ФСБ-მ დააკავა. "უბნის ინსპექტორმა გვითხრა, რომ აჟიოტაჟი არ აგვეტეხა. ის კრასნოდარის ФСБ-ს ბიჭებმა წაიყვანეს - "გაუჩინარებამდე" ცოტა ხნით ადრე კრასნოდარის მხარეში იყო ნამყოფი. კითხვები სწორედ იქ გაუჩნდათ“, - განაცხადა კლინიკის თანამშრომელმა.

2024 წელს ნიკა გუინი ბევრს მოგზაურობდა, მათ შორის სოჭში, დაღესტანში, კალინინგრადში, სომხეთსა და თურქეთში. ის ასევე იმყოფებოდა ოკუპირებულ ბერდიანსკში თავის უმცროს ძმასთან ერთად.

კლინიკის თანამშრომლის მტკიცებით, დაკავებიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ ნიკა გუინი დაუკავშირდა და სამუშაო საკითხებზე პასუხობდა მიმოწერაში. კოლეგის თქმით, ამ დროს გოგონა „ФСБ-ს ბინაში“ იმყოფებოდა და ძალოვან სტრუქტურებთან თანამშრომლობდა. უფლებადამცველი პროექტის „პირველი განყოფილება“ იურისტის, ევგენი სმირნოვის განმარტებით, ცნობილია შემთხვევები, როდესაც ФСБ ადამიანს პროცესუალური გაფორმების გარეშე, რამდენიმე კვირის ან თვის განმავლობაში აკავებს.

რატომ სამშობლოს ღალატი?

სამშობლოს ღალატის მუხლი რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსით მხოლოდ რუსეთის მოქალაქეებისთვის არის გათვალისწინებული. უცხოელების ბრალდება შესაძლებელია ჯაშუშობაში ან, 2025 წლიდან, რუსეთის მტრისთვის სამხედრო მოქმედებების დროს დახმარებაში. ამ მუხლებით გათვალისწინებული სასჯელები (10-15 წელი) უფრო დაბალია, ვიდრე სამშობლოს ღალატისთვის (12 წლიდან სამუდამო პატიმრობამდე).

ნიკა გუინი მოსკოვში 2016 წლიდან ცხოვრობდა, მაგრამ რუსეთის მოქალაქეობა მხოლოდ მშობლიური ბერდიანსკის ოკუპაციის შემდეგ, 2023 წელს მიიღო. სწორედ ამან მისცა ФСБ-ს საშუალება, იგი სამშობლოს ღალატში დაედანაშაულებინა.

გუინის საქმის მოსკოვის ოლქის სასამართლოში გადაცემა იმაზე მიუთითებს, რომ, სმირნოვის განმარტებით, დანაშაული მოსკოვის ოლქში იქნა ჩადენილი.

ოკუპირებული რეგიონების მაცხოვრებლების მიმართ, რომლებმაც რუსეთის მოქალაქეობა მიიღეს, სამშობლოს ღალატის საქმეების და განაჩენების რაოდენობა იზრდება. ამ რეგიონებში ბრალდებულთა მესამედი ქალია, რაც რუსეთის მასშტაბით ასეთი საქმეების ფიგურანტ ქალთა რაოდენობას ხუთჯერ აღემატება. საქმეების მნიშვნელოვანი ნაწილი ეხება ფულად გადარიცხვებს, რომლებიც თითქოს უკრაინის შეიარაღებული ძალების დასაფინანსებლად განხორციელდა.

"პირველი განყოფილების“ მონაცემებით, 2023-დან 2025 წლამდე სასამართლოები სამშობლოს ღალატისა და ჯაშუშობის საქმეების ფიგურანტების დაახლოებით 60%-ის ვინაობას მალავდნენ, სხდომები კი დახურულ რეჟიმში ტარდება. უკრაინაში შეჭრის დაწყებამდე სასამართლოები წელიწადში დაახლოებით ათამდე „ჯაშუშურ“ საქმეს განიხილავდნენ, ხოლო 2025 წლის შუა რიცხვებისთვის ამ მუხლებით სულ მცირე 774 ადამიანი იქნა გასამართლებული.