სამშაბათს დილით, კიევსა და უკრაინის სხვა რეგიონებზე ღამის მასირებული იერიშის შემდეგ, რუსეთის სამხედროებმა ხარკოვზე მიიტანეს იერიში. შედეგად, მნიშვნელოვნად დაზიანდა კერძო საბავშვო ბაღის შენობა. საბედნიეროდ, ამ დროს ბავშვები თავშესაფარში იმყოფებოდნენ. ცნობილია ერთი დაღუპული მამაკაცის შესახებ.
ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმა განმარტა, რომ დაბომბვის დროს ყველა ბავშვი თავშესაფარში იმყოფებოდა.

"დღეს ხარკოვმა სასწაულებრივად აიცილა დიდი უბედურება", - დაწერა ტერეხოვმა Telegram-ზე. მისი თქმით, Shahed-ის ტიპის სამი დრონი პირდაპირ იმ შენობას მოხვდა, სადაც საბავშვო ბაღი იყო გათავსებული.
"დარტყმის სიმძლავრისგან მეორე სართული მთლიანად ჩამოინგრა, საბედნიეროდ, აღმზრდელებმა დროულად მოახერხეს ბავშვების იმავე შენობაში არსებულ თავშესაფარში ჩაყვანა" - განაცხადა მერმა.
ბავშვები და აღმზრდელები სარდაფში დაიმალნენ, საიდანაც მოგვიანებით მათი ევაკუაცია განხორციელდა. მაშველების ინფორმაციით, თავშესაფარში 48 ბავშვი იყო.
სინეგუბოვის ცნობით, თავდასხმის შედეგად ქალაქში 40 წლის მამაკაცი დაიღუპა, ხოლო ცხრა ადამიანი დაშავდა. დაღუპული მამაკაცი კომუნალური სამსახურის თანამშრომელი იყო, რომელიც ქუჩას ასუფთავებდა.
"ეს საშინელება, რაც ყველამ, განსაკუთრებით კი მშობლებმა გადავიტანეთ იმ რამდენიმე წუთის განმავლობაში, სანამ არავინ იცოდა, ყველა ცოცხალი იყო თუ არა, სამუდამოდ დარჩება მეხსიერებაში“, - დასძინა ქალაქის მერმა.

პრეზიდენტი და მერის მოწოდება
„რუსული დრონის დარტყმა ხარკოვის საბავშვო ბაღზე - მასირებული ღამის თავდასხმის შემდეგ. სამწუხაროდ, ერთი დაღუპულის შესახებ არის ცნობილი“, - ასე გამოეხმაურა ხარკოვის დაბომბვას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. მისი თქმით, ბევრი ბავშვი ძლიერ სტრესს განიცდის.
ხარკოვის მერმა აღნიშნა, რომ საბავშვო ბაღის მუშაობის „საბოლოო გარემოებებს“ გამოძიება დაადგენს. „მაგრამ მე არაერთხელ მითქვამს და ვიმეორებ: ხარკოვში მიწისქვეშ ნამდვილი, სერტიფიცირებული საბავშვო ბაღები უნდა აშენდეს. ბავშვების უსაფრთხოება გარანტირებული უნდა იყოს და არა იღბლის იმედზე“, - დაწერა ტერეხოვმა.
წაიკითხეთ ასევე: