აშშ-მა ორი უდიდესი რუსული ნავთობკომპანია - “როსნეფტი” და “ლუკოილი” - დაასანქცირა. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი ავრცელებს. ასავე, დასანქცირებულია "როსნეფტისა" და "ლუკოილის" 34 შვილობილი კომპანია.
განცხადების თანახმად, აშშ-ის სანქციები “რუსეთის მხრიდან უკრაინაში ომის დასასრულებლად სერიოზული ერთგულების ნაკლებობის შედეგია”.
აშშ მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ცეცხლი.
“ახლა მკვლელობების შეწყვეტისა და დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტის დროა. პრეზიდენტი პუტინის უარის გათვალისწინებით, დაასრულოს ეს უაზრო ომი, სახაზინო დეპარტამენტი რუსეთის ორ უდიდესი ნავთობკომპანიას ასანქცირებს, რომლებიც კრემლის ომის მანქანას აფინანსებენ. სახაზინო დეპარტამენტი მზად არის, შემდგომი ქმედებებისთვის, თუ საჭირო იქნება, რათა მხარი დაუჭიროს პრეზიდენტ ტრამპის მცდელობებს, დაასრულოს კიდევ ერთი ომი. ჩვენს მოკავშირეებს მოვუწოდებთ, შემოგვიერთდნენ და დაიცვან ეს სანქციები,” - განაცხადა აშშ-ის სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა.
აღინიშნება, რომ დღევანდელი სანქციები რუსეთის ორ უდიდესი ნავთობკომპანიაზე ვრცელდება, კერძოდ “როსნეფტზე” და “ლუკოილზე.”
განცხადების თაბახმად, “როსნეფტი” ვერტიკალურად ინტეგრირებული ენერგოკომპანიაა, რომელიც სპეციალიზირებულია ბენზინის, ბუნებრივი აირისა და ნავთობპროდუქტების აღმოჩენაში, მოპოვებაში, გადამუშავებაში, ტრანსპორტირებასა და გაყიდვაში. “ლუკოილი” კი თავის მხრივ, ჩართულია ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოპოვებაში, წარმოებაში, გადამუშავებაში, მარკეტინგსა და გავრცელებაში, როგორც რუსეთში, ასევე, საერთაშორისოდ.
“ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა. ეს ჩემთვის არასწორი იყო“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ნატოს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან ერთად ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან საუბრისას.
"არ მეჩვენებოდა, რომ მივიდოდით იმ ადგილამდე, სადაც უნდა მივსულიყავით, ამიტომ გავაუქმე. მაგრამ ამას მომავალში გავაკეთებთ“, - დასძინა ტრამპმა.
ტრამპი აღნიშნავს, რომ პუტინთან მისი “კარგი საუბრები“ “არსად არ მიდის“.
“მე ვიტყოდი, რომ შეთანხმების დადების დროა. ბევრი ადამიანი იღუპება".
დონალდ ტრამპს ჰკითხეს რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობმწარმოებელ კომპანიაზე - “როსნეფტზე“ და “ლუკოილზე“ აშშ-ის მიერ ახლახან გამოცხადებული სანქციების პოტენციურ გავლენაზე.
“ვფიქრობ, რომ მათ აუცილებლად ექნებათ გავლენა. ეს არის მასშტაბური სანქციები და სანქციები ნავთობზე, ორ უდიდეს ნავთობკომპანიაზე", - აღნიშნა ტრამპმა.
ტრამპი იმედოვნებს, რომ პუტინი გახდება გონივრული.
"იმედია, ის [ვლადიმერ პუტინი] გონივრული გახდება და იმედია, [ვოლოდიმირ] ზელენსკიც გონივრული იქნება. ტანგოსთვის ორია საჭირო, როგორც ამბობენ“, - დასძენს ის.
რუტე კი აცხადებს, რომ დღეს უფრო მეტს ისაუბრებენ იმაზე, თუ როგორ შეუძლიათ უკრაინაში-რუსეთის ომის დასრულების “შემდეგ ეტაპზე“ გადაყვანა.
ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმდნენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტზე. ამის შესახებ ბლოკის დანიის თავმჯდომარეობამ განაცხადა.
„დიდი სიამოვნებით გაცნობებთ, რომ დარჩენილმა წევრმა სახელმწიფომ ახლახან გვაცნობა, რომ მას შეუძლია მოხსნას თავისი დათქმა მე-19 სანქციების პაკეტზე.
შესაბამისად, დაიწყო საბჭოს დამტკიცების წერილობითი პროცედურა. თუ არანაირი წინააღმდეგობა არ იქნება, პაკეტი ხვალ დილის 8 საათზე იქნება დამტკიცებული.", - აღნიშნულია განცხადებაში.