პენტაგონის ცნობით, აშშ-ის ძალებმა დაარტყეს ნავს, რომელსაც წყნარი ოკეანის წყლებში, სავარაუდოდ, ნარკოტიკები გადაჰქონდა.
- თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეთის განცხადებით, ნავზე მყოფი სამი ადამიანი დაიღუპა, ამერიკელი სამხედროები არ დაშავებულან. ჰეგსეთის ინფორმაციით, ნავი ცნობილი იყო აშშ-ის დაზვერვისთვის და საერთაშორისო წყლებში ცნობილი ტრეფიკინგის მარშრუტით ნარკოტიკები გადაჰქონდა.
ეს დარტყმა აშშ-ის მიერ 2 სექტემბრის შემდეგ განხორციელებული მერვე დარტყმაა ნარკოტიკების გადამზიდავი ნავების წინააღმდეგ, მაგრამ პირველია წყნარ ოკეანეში.

- პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას აქვს იურიდიული უფლებამოსილება, გააგრძელოს დარტყმები საერთაშორისო წყლებში, მაგრამ შეიძლება მიმართოს აშშ-ის კონგრესს, თუ სამიზნეებზე ხმელეთზეც დარტყმასაც გადაწყვეტს.

ნარკოტიკებთან ბრძოლის ოპერაციის ფარგლებში კარიბის ზღვის აუზში დაახლოებით 10 000 ამერიკელი ჯარისკაცი, ასევე ათობით სამხედრო თვითმფრინავი და გემი განლაგდა.