ავტორი:

“არ მინდა დროის კარგვა“ - დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა

“არ მინდა დროის კარგვა“ - დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა

“ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა. ეს ჩემთვის არასწორი იყო“, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნატოს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან ერთად ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

"არ მეჩვენებოდა, რომ მივიდოდით იმ ადგილამდე, სადაც უნდა მივსულიყავით, ამიტომ გავაუქმე. მაგრამ ამას მომავალში გავაკეთებთ“, - დასძინა ტრამპმა.

ტრამპი აღნიშნავს, რომ პუტინთან მისი "კარგი საუბრები არსად მიდის“.

დონალდ ტრამპი და მარკ რუტე ოვალურ კაბინეტში

"ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ ყოველ ჯერზე, როცა ვლადიმერთან ვსაუბრობ, კარგი საუბრები მაქვს და შემდეგ, ისინი არსად მიდის. მე ვიტყოდი, რომ შეთანხმების დადების დროა. ბევრი ადამიანი იღუპება“, - აცხადებს ტრამპი და დასძენს:

  • ტრამპი იმედოვნებს, რომ პუტინი გახდება გონივრული.

"იმედია, ის [ვლადიმერ პუტინი] გონივრული გახდება და იმედია, [ვოლოდიმირ] ზელენსკიც გონივრული იქნება. ტანგოსთვის ორია საჭირო, როგორც ამბობენ“, - დასძენს ის.

  • აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, შეხვედრის გაუქმების ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ “არ უნდა შეხვედრა უშედეგო იყოს“.

"არ მინდა, რომ შეხვედრა უშედეგო იყოს. არ მინდა დროის კარგვა, ამიტომ ვნახოთ, რა მოხდება“, - თქვა აშშ-ის პირველმა პირმა. .

  • ტრამპის კომენტარები რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებების შემდეგ გაკეთდა. ლავროვმა კი მანამდე განაცხადა, რომ რუსეთი ეწინააღმდეგებოდა ტრამპის მიერ შემოთავაზებულ “დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტას“.

კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა სამშაბათს ასევე განაცხადა, რომ შეხვედრამდე “სერიოზული მომზადებაა საჭირო“.

ორი ლიდერი ბოლოს აგვისტოში ალასკაში შეხვდა ერთმანეთს, თუმცა სერიოზული ცვლილება რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებასთან დაკავშირებით არ მომხდარა.

ამჟამად რუსეთს უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით ერთი მეხუთედი აქვს ოკუპირებული.

იხილეთ ასევე: