ავტორი:

როგორ ეხმაურებიან ღარიბაშვილის სკანდალს ცნობილი ადამიანები, მათ შორის ხელისუფლების მომხრეები?

როგორ ეხმაურებიან ღარიბაშვილის სკანდალს ცნობილი ადამიანები, მათ შორის ხელისუფლების მომხრეები?

ფართო საზოგადოების განხილვის მთავარი თემაა ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გარშემო მიმდინარე სკანდალური პროცესები, მოგეხსენებათ, ის გუშინ სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოიკითხა, რის შესახებაც სუს-ში გამართულ ბრიფინგზე ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა, ემზარ ძაგნიძემ განაცხადა.

"ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილმა სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი“, - აღნიშნეს უწყებაში. სოციალურ ქსელში არაერთი ადამიანი გამოეხმაურა ამ მოვლენებს, მათ შორის ხელისუფლების მომხრეებიც. გთავაზობთ რამდენიმე პოსტს:

ნანუკა ჟორჟოლიანი, ტელეწამყვანი:

"მილიონებს ჯიბეში იდებდნენ და ბავშვების ფონდი დააყადაღეს. არ შეგერგოთ არცერთს. ქვად გექცეთ ყველა ლარი".

ლევან თაქთაქიშვილი, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი:

"ღარიბაშვილმა აღიარაო! რა აღიარა? აღიარა დანაშაული! ეს ცხადია!

მე ჩემი ყოფილი პრეზიდენტი, დავიჯერე, რომ დამნაშავე იყო! ჩემი მეზობელი, ჩემს ეზოში ერთად რომ ვთამაშობდით, ის პრეზიდენტი განვსაჯე! რისთვის? მასზე წაყენებული დანაშაულებისათვის, რომელიც ღარიბაშვილის მიერ განცხადდა პირველად!

ახლა რა ვქნათ? კოსტიუმები საიდანო? - იკითხა ღარიბაშვილმა მაშინ! მეც ვკითხულობ: უკანონო შემოსავლები საიდან, ბატონო ღარიბაშვილო?და კიდევ ერთი მინდა გავიხსენო: როცა ღარიბაშვილი პრემიერად დაინიშნა, ტელევიზორში ვუყურებდი რეპორტაჟს, სადაც ბატონმა ივანიშვილმა ის წარადგინა და მის მეუღლეზე თქვა-აი, თქვენი ნამდვილი პირველი ლედიო! არადა, პირველ ლედად პრეზიდენტის მეუღლე ითვლება, პრეზიდენტი კი მარგველაშვილი იყო.აი, ეს შეცდომა რამაც გამოიწვია, იმანვე გამოიწვია ეს უკანონო შემოსავლები და შემდეგ კი ეს აღიარება!

მე არავის განვსჯი, მე სამართლიანად მივანიშნებ: სხვას რომ კოსტიუმებს უთვლით, თქვენც დაგითვლიან!

დღეს აღმოჩნდა, რომ საათები გქონიათ დასათვლელი, შ ე მ ო ს ა ვ ლ ე ბ ი ც!

და ერთი რჩევა ხელისუფლებას: "ნაციონალური მოძრაობა" არ აღიარებდა შეცდომებს, შედეგი დავინახეთ! თქვენ კი, მსურს, გირჩიოთ - აღიარეთ თქვენი შეცდომები, ეს ბოლო მოვლენები არა მარტო ღარიბაშვილის შეცდომაა, თქვენი შეცდომაცაა!"

ლალი მოროშკინა, პიარის სპეციალისტი:

"ამ მილიონებს ისე ისროდნენ წინ და უკან, გეგონება პენიცილინია! კარგით რა, მართლა და მართლა! გავწყდით წელში და ბანკის ვალების მეტი ხელში არაფერი გვიჭირავს!!!დაუბრუნდით კალოშებს!!!"

მერაბ მეტრეველი, ჟურნალისტი:

"ესე იგი, მზიამ პოლიციელს ლოყაზე ხელი მოუცაცუნა და ეგრევე დააკავეს, განყოფილებაში ღირსება შეულახეს წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს, როგორც სასტიკ დამნაშავეს, მოწმეებზე ზეწოლას მოახდენსო და ამ დროს ღარიბაშვილმა და ლილუაშვილმა ხელისუფლებივე განცხადებით, მილიონები მოიპარეს და გარეთ დასეირნობენ. ცოტა ხანი დავაკვირდებით როგორ მოიქცევიან და მერე გადავწყვეტთ, დავაკავოთ თუ არაო..."

მარინა მუსხელიშვილი, საზოგადოების კვლევის ცენტრის დირექტორი, პროფესორი:

"როგორც ვარიანტი: შემდეგი ჩხრეკა ბიძინა ივანიშვილის სახლში იქნება..."

ზურაბ ფარჯიანი,საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი:

"ძალიან დიდ ფულზეა საუბარი.

და თან არც თუ ისე დიდი თანამდებობის პირებისაგან.

ღარიბაშვილი და ლილუაშვილი შეიძლება მართლა იყვნენ მილიარდზე ასული. ოდნავ არ გამიკვირდება.

"კობა ხუნდაძე, რომელიც პროკურატურამ კორუფციის ბრალდებით დააკავა - რკინიგზის დეპარტამენტში წლების განმავლობაში იურიდიულ სამსახურში ერთ-ერთი ხელმძღვანელის პოსტს იკავებდა.

ხუნდაძე ასევე ფლობდა ორ სამშენებლო კომპანიას [მალკო და დაგი ბილდინგი], რომლებიც კორპუსებს დიდ დიღომსა და გლდანში აშენებდა.

წლების განმავლობაში მაღალ თანამდებობებზე მუშაობდა ხუნდაძის ძმაც, ვლადიმერ ხუნდაძეც, ფინანსთა სამინისტროში თანამდებობა დატოვა 2 თვის წინ. ძმები ხუნდაძეები გრიგოლ ლილუაშვილის კადრებად ითვლებოდნენ.

"ღარიბაშვილ-ლილუაშვილ-ფარცხალაძის საქმის ფარგლებში დამატებით ჩატარდა 11 ობიექტის ჩხრეკა. ხუნდაძის სახლის ჩხრეკისას ამოღებული იქნა 94 კონვერტად დახარისხებული სხვადასხვა ოდენობის ფულადი თანხა, მთლიანობაში 1 მილიონ 319 ათას 300 დოლარი.

გამოძიების მტკიცებით, ხუნდაძემ ფულის ლეგალიზაციის მიზნით შეიმუშავა მრავალეტაპიანი სქემა, რომლის ფარგლებშიც თბილისში შეიძინა მიწის ნაკვეთები და ქონება, ხოლო დაუსაბუთებელი თანხებით ინვესტირება განახორციელა საკუთარ კომპანიებსა და ამხანაგობებში.ასევე, ფარცხალაძესთან დაკავშირებული მიხეილ ჩოხელის და მისი ოჯახის წევრის სახლიდან ამოღებულია 2 904 900 დოლარი".

ვეღარ ვითვლით, რამდენი მოიპარეს - რასაც საჯაროდ გვეუბნებიან. კიდევ ერთხელ - სახლში რომ მილიონი დოლარი უდევს ტიპს, მინიმუმ ოცი მილიონის სხვა აქტივები ექნება".

იხილეთ ასევე: