21 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასა და ინდურ კომპანია "ჰინდუსტან სილიჩენ პრაივატ ლიმიტედს“ შორის პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულება გაფორმდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
"ეს შეთანხმება წარმოადგენს კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს საქართველოსა და ინდოეთს შორის ეკონომიკური პარტნიორობისა და მეგობრობის განმტკიცების მიმართულებით. ის ხელს შეუწყობს საქართველოს ენერგეტიკული რესურსების განვითარებას, ახალი ინვესტიციების მოზიდვას და ნავთობის წარმოების სექტორში თანამედროვე მაღალტექნოლოგიური გადაწყვეტილებების დანერგვას“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ, ენერგეტიკის დარგის კურატორმა ინგა ფხალაძემ.

მისი შეფასებით, აღნიშნული ხელმოწერით საფუძველი ეყრება ახალ ეტაპს, რომელიც გააძლიერებს საქართველოს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და შექმნის ახალ შესაძლებლობებს ეკონომიკის ზრდისა და რეგიონების განვითარებისთვის.
სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის საინვესტიციო პაკეტის მოცულობა შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში დაახლოებით 50 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ხოლო ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე კომპანია სახელმწიფო ბიუჯეტში 4.15 მილიონ აშშ დოლარს გადაიხდის.
როგორც ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, Hindustan Silichine Private Limited-ი წარმოადგენს ინდურ მულტი-ბიზნეს ჰოლდინგს, რომელიც ნავთობის მოპოვებისა და ბუნებრივი გაზის მიწოდების მიმართულებით საქმიანობს.
ცნობისთვის, წილობრივი განაწილების ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს საქართველოს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი ტატიშვილმა, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა ეკატერინე სისაურმა და კომპანია "ჰინდუსტან სილიჩენ პრაივატ ლიმიტედს“-ის დირექტორმა ხიტიშ კუმარ ნაიაკმა.
ნავთობის და ბუნებრივი გაზის მოპოვება-წარმოების ინდური ჰოლდინგი, Hindustan Silichine Private Limited ერთ-ერთ ძირითად აქტივს საქართველოში მანამდეც ფლობდა. კერძოდ, 2017 წელს უპეშ და გაურავ თაკარების მიერ დაარსებული Hindustan Silichine თავის ვებგვერდზე კუთვნილ ძირითად აქტივებს შორის ნავთობისა და გაზის დადგენილი რეზერვებიდან ინდოეთის გუჯარათში მდებარე სანანდ-მიროლსა და ანკლეშვარს, ასევე, საქართველოში არსებულ ნავთობისა და გაზის ბლოკ 7B-ს ასახელებს, რომელიც შავი ზღვის მახლობლად 1,175 კვ. კმ ფართობის საწარმოო ბლოკია. გააგრძელეთ კითხვა