ავტორი:

"ადრე სრულიად ლიკვიდირებული იყო, ახლა - გახშირდა..." - ქვეყანაში მუნის შემთხვევები იმატებს: როგორ ჩნდება და ვრცელდება ეს დაავადება, რა უნდა ვიცოდეთ პრევენციისა და მკურნალობისთვის?

"ადრე სრულიად ლიკვიდირებული იყო, ახლა - გახშირდა..." - ქვეყანაში მუნის შემთხვევები იმატებს: როგორ ჩნდება და ვრცელდება ეს დაავადება, რა უნდა ვიცოდეთ პრევენციისა და მკურნალობისთვის?

საქართველოში ბოლო პერიოდში მუნის შემთხვევებმა იმატა, რის გამოც რამდენიმე სკოლაში სასწავლო პროცესი შეჩერდა და სველი წესით დასუფთავება ჩატარდა. სპეციალისტების შეფასებით, სკოლებში ბავშვებს შორის ახლო კონტაქტის გამო, ინფექციის გავრცელების რისკი მაღალია. ექიმები მშობლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ და მოუწოდებენ, გამონაყარის ან ძლიერი ქავილის შემჩნევისთანავე, ბავშვები სკოლაში არ გაუშვან და დერმატოლოგს მიმართონ.

  • თბილისის N136 სკოლაში მუნის შემთხვევები დაფიქსირდა

როგორც სსიპ ქალაქ თბილისის N 136 საჯარო სკოლა 12 ოქტომბერს, 18:35 საათზე გაავრცელა, სკოლაში ინფექციური დაავადების - მუნის ორი შემთხვევა დაფიქსირდა.

„სსიპ ქალაქ თბილისის N 136 საჯარო სკოლა გაცნობებთ, რომ სკოლაში დაფიქსირდა ინფექციური დაავადების -მუნის ორი შემთხვევა და ორივე ჯერზე მოხდა შესაბამისი სამსახურის მიერ სკოლის სრული დეზინფიცირება. აქვე, გატყობინებთ, რომ ნებისმიერი ინფექციური დაავადების გამოვლენისას სკოლა თანამშრომლობს სპეციალისტთან, იღებს რეკომენდაციებს და შემდგომ ასრულებს. ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება იქნება ეს სასწავლო რეჟიმთან თუ სკოლის დეზინფიცირებასთან დაკავშირებული, მიიღება შესაბამისი სამსახურის ინფექციონისტების რეკომენდაციების საფუძველზე. აქვე, გიზიარებთ ინფექციონისტის რეკომენდაციებს“, - აღნიშნული იყო სკოლის განცხადებაში.

მუნი არ არის "სიბინძურის დაავადება", როგორც მას ადრე ეძახდნენ, ის კონტაქტით გადამდები პარაზიტული ინფექციაა, რომელსაც ტკიპა Sarcoptes scabiei იწვევს.

  • რა უნდა ვიცოდეთ მუნზე?

ექიმების შეფასებები: პედიატრი, დერმატოლოგი და დერმატოზ-ვენეროლოგი ვრცლად განმარტავენ დაავადების სიმპტომებს, მკურნალობასა და პრევენციულ ზომებს.

  • "ადრე სრულიად ლიკვიდირებული იყო ეს დაავადება, ახლა კი გახშირდა"

პედიატრი ინგა მამუჩიშვილი აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სიტუაციას ეპიდემია არ ეთქმის, ის მაინც ფართოდ გავრცელებულად შეიძლება ჩაითვალოს:

"მუნს იწვევს ტკიპა სკაბიესი, რომელიც კანის ქვეშ შედის და ძირითადად უყვარს ისეთი ადგილები, როგორიცაა მუცელი, ხელები, მტევნები, თითებს შორის არე. ახასიათებს ძლიერი ქავილი და დისკომფორტი. ახასიათებს წვრილი ნაჩხვლეტივით გამონაყარი და ზოგჯერ ხაზები - ეს იმ შემთხვევაში, როცა მუნის გამომწვევი ტკიპა ერთი ადგილიდან მეორეზე გადაადგილდება და ტოვებს ხაზს. აუცილებელია ჰიგიენის დაცვა, კონტროლი. ადრე მუნს ბინძურთა დაავადებას ეძახდნენ და ეს ასე არ არის. ეს არ არის აირწვეთოვანი ინფექცია, გადადის კონტაქტით... ადრე სრულიად ლიკვიდირებული იყო ეს დაავადება, ახლა კი გახშირდა".

ექიმის თქმით, დაცვა მხოლოდ ჰიგიენითაა შესაძლებელი და თუ მშობლები შეამჩნევენ სპეციფიკურ გამონაყარს ხელებზე, მუცელზე ან ძლიერ ქავილს, აუცილებლად უნდა მიმართონ სპეციალისტს. სხვა სიმპტომები, როგორიცაა სიცხე, ტკივილი, დაავადებას არ ახასიათებს.

"დაუშვებელია თვითმკურნალობა შინაური და სახალხო მეთოდებით, აუცილებლად ექიმმა უნდა დანიშნოს პრეპარატი, ასევე არ შეიძლება ამ პრეპარატის თვითნებურად მოხმარება. სკრუპულოზურად შესასრულებელი მკურნალობაა, რომ არ გადავიდეს მუნი ოჯახის სხვა წევრებზე. თეთრეული უნდა დამუშავდეს, გაირეცხოს მაღალ ტემპერატურაზე და იზოლირება სჭირდება პაციენტებს. გართულება არ ახასიათებს, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ადგილობრივად გართულდა ნაკაწრები, მაგრამ კარგი მოვლის შემთხვევაში გართულება არ ხდება. რაც შეეხება დაავადების მიმდინარეობას, ინდივიდუალურია, ზოგ შემთხვევაში შეიძლება ჩამთავრდეს სამ დღეში, ზოგის კი რამდენიმე კვირა გაგრძელდეს", - ამბობს პედიატრი.

  • "ძალიან გადამდები დაავადებაა და სწრაფად ვრცელდება"

დერმატოლოგი ნინო მოსაშვილი ადასტურებს, რომ მუნი ძალიან გადამდები დაავადებაა და სწრაფად ვრცელდება.

"არ აქვს მნიშვნელობა ასაკს, ნებისმიერ ადამიანს შეიძლება დაემართოს და საჭიროებს დროულ დიაგნოსტიკას" - ამბობს ექიმი, რომელიც ასევე აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში მუნის შემთხვევები გახშირდა.

  • "ღამით ქავილი განსაკუთრებით ძლიერდება"

დერმატო-ვენეროლოგი ლიკა ბარელაძე განმარტავს, რომ მუნი ხშირად ეშლებათ ალერგიულ დერმატიტში და პაციენტები ცოტა გვიან მიდიან ექიმთან:

"ამ დაავადებას ახასიათებს ძლიერი ქავილი, დღისით და განსაკუთრებულად ღამით, იმიტომ რომ ტკიპა ღამით აქტიურდება და კანის ქვეშ გადასვლას იწვევს. ასევე ახასიათებს წვრილი გამონაყარი, წერტილოვანი, ორ-ორი ერთად. სამკურნალოდ ამ დროს პაციენტმა უნდა მიმართოს დერმატოლოგს, გადამდებია იქამდე, სანამ ქავილია. მუნი ხელის ჩამორთმევით, ერთი და იგივე ნივთებზე შეხებით გადადის. კანზე მოხვედრით, ლორწოვანი არ სჭირდება".

  • მკურნალობა და პრევენცია:

"ანტიბიოტიკით მკურნალობა არ სჭირდება, ამ დროს ინიშნება გოგირდის მალამო სხვადასხვა პროცენტებით, განსხვავებულ ასაკში და ამ მკურნალობას აქვს თავისი სქემა, ამიტომ დაუშვებელია ექიმის მეთვალყურეობის გარეშე თვითმკურნალობის ჩატარება... დერმატოლოგი დაავადებას ადგენს სიმპტომატიკით, ვიზუალური დათვალიერებით. ბავშვებში ძალიან ხშირია ტერფებისა და სასქესო ორგანოების არეში, ბავშვებს ახასიათებთ ასევე ჯირკვლები. თუ მაინც ეჭვი გვეპარება, არსებობს დერმატოსკოპია, რომლის საშუალებითაც ვადგენთ და ასევე ანაფხეკის მეთოდი. სრულ კურსს სჭირდება შვიდი დღე."

  • რა ხდება სკოლაში მუნის აღმოჩენის შემთხვევაში?

"დაავადებულთან კონტაქტი ვისაც ჰქონდა, უნდა ჩაიტარონ საპრევენციო მკურნალობა. დასალევი ამ შემთხვევაში არაფერი არ არის, მხოლოდ მალამო ინიშნება. ორი კვირა სჭირდება, რომ გამოვლინდეს და ამიტომ ყველა ისვამს ერთჯერადად სპეციალურ მალამოს.

რაც შეეხება გართულებას, შესაძლოა გამონაყარმა მოიმატოს, დაიფაროს სხეულის 80 პროცენტი, ასევე დაერთოს ინფექცია. თუმცა, მარტივი სამკურნალოა."

დერმატო-ვენეროლოგი ასევე აღნიშნავს, რომ მომართვიანობა ყოველთვის არის, მაგრამ შარშან, ზამთრის პერიოდიდან დაწყებული გაზაფხულის ჩათვლით, "ამდენი მუნი არ მინახავს, უამრავი იყო." ის კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს: "ეს არ არის სიბინძურის დაავადება, ეს არის ჩვეულებრივი მკბენარი, პარაზიტი".