ვიქტორია ბექჰემმა დევიდ ბეკჰემთან ურთიერთობის შესახებ ამჯერად პოდკასტ "Call Her Daddy“-ში ისაუბრა. წამყვანს, ალექს კუპერს დიზაინერმა ქორწინების შესახებ აქამდე უცნობი დეტალები უამბო.
"ბავშვობიდანვე ვებრძოდი წონას. 90-იან წლებში საკვების შესახებ იმდენი არაფერი ვიცოდით, რამდენიც ახლა. ამაზე ღიად არავინ საუბრობდა. მახსოვს, მაშინ ყველა "უცხიმო“ საკვებით იყო შეპყრობილი და მეც ცხიმის ჭამის ძალიან მეშინოდა. როდესაც კვებითი აშლილობა გაქვს, ეს უბედურს გხდის.

სკოლაში ბულინგის მსხვერპლი ვიყავი. სკოლის შემდეგ ყველა ბავშვი ეწეოდა და ერთობოდა, მე ცეკვის ან დრამის გაკვეთილებზე დავდიოდი. ასევე, იცით, საშინელი კანი მქონდა. საშინელი აკნე. მახსოვს, სათამაშო მოედანზე ვიდექი, ბავშვები კი გუბეებიდან კოკა-კოლის ქილებს აგროვებდნენ და მესროდნენ. სკოლაში ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალიან მჩაგრავდნენ.
ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ისე არ ვსაუბრობდით, როგორც დღეს. ამიტომ, ეს ყველაფერი უბრალოდ შინაგანად გავითავისე და ამან უფრო მორცხვი გამხადა", - თქვა ვიქტორიამ.
მოდის დიზაინერმა მეუღლის, დევიდ ბექჰემის გაცნობის ისტორიაც გაიხსენა და განმარტა, რომ დევიდმა მასზე დაქორწინება Spice Girls-ის ერთ-ერთი მუსიკალური ვიდეოს ნახვის შემდეგ გადაწყვიტა:

"როდესაც დევიდმა ეს ვიდეო ნახა, მეგობართან ერთად სასტუმროში იმყოფებოდა და მეორე დღეს დაგეგმილი თამაშისთვის ემზადებოდა. MTV-ს უყურებდა, როცა მეგობარს უთხრა: "მე ამ გოგოზე დავქორწინდები".
"დევიდის სიყვარულის ენა საჩუქრებია. ჩემთვის არაა აუცილებელი ძვირადღირებული ნივთი იყოს, მაგრამ ასე გამოხატავს ის სიყვარულს", - ამბობს ვიქტორია.