ავტორი:

"16 წლის ვიყავი, პაატა ბურჭულაძე რომ გავიცანი" - გია ბურჯანაძე პოლიტიკაზე და შვილზე, რომელიც 2008 წელს ტელევიზიაში "დაბლოკეს"

"16 წლის ვიყავი, პაატა ბურჭულაძე რომ გავიცანი" - გია ბურჯანაძე პოლიტიკაზე და შვილზე, რომელიც 2008 წელს ტელევიზიაში "დაბლოკეს"

ყოველი გათენებული დღის ფასი იცის. თუმცა, როდესაც ვერაგ დაავადებას თვალებში ჩახედა, ყველაფერი თავდაყირა დადგა, მაგრამ უფლის მიერ მიწოდებული ჯვრის ტარებას არ შეუშინებია და მას ძლიერი მხრებით დღემდე ღირსეულად ატარებს. ძალიან მდიდარი შინაგანი სამყარო აქვს, განათლებულ და დიდი ინტელექტის მქონე არტისტს, სხვა დიდ ჯილდოებთან ერთად, საპატიო თბილისელის წოდებაც მიენიჭა. მსახიობ გია ბურჯანაძეს მის მშობლიურ მარჯანიშვილის თეატრში შევხვდი.

- გილოცავთ საპატიო თბილისელის წოდებას! თავადაც ნამდვილ თბილისურ გარემოში იზრდებოდით...

- დიდი მადლობა! ძალიან მაგარი საზოგადოება იყო, მარტო ჩემს ეზოში კი არა, მთლიანად მაშინდელ თბილისში. ვაკის, ვერის, მთაწმინდის და სოლოლაკის ბიჭები ერთმანეთთან ვმეგობრობდით. თუ ვინმე რაიმე ღირსეულ საქციელს ჩაიდენდა, მეორე დღეს ყველამ ვიცოდით. თუ ვიღაცას შეეშლებოდა რაღაცა, მაგასაც ვიგებდით. ჩვენი სახლის უკანა ეზოში ცხოვრობდნენ ეროსი მანჯგალაძე, სესილია თაყაიშვილი, მიშა თუმანიშვილი, რობერტ ბარძიმაშვილი...

- ბატონო გია, კალათბურთსა და მსახიობობას ერთად როგორ უმკლავდებოდით?

- პირველი კურსის ბოლოს მუხლებმა მიმტყუნა, ფიზიკურადაც გამიჭირდა, თან მთელი დღე ინსტიტუტში ვიყავი, შემდეგ სპორტზე გავრბოდი. გვიან საღამოს კი ინდივიდუალური მეცადინეობები გვიტარდებოდა სამსახიობო ოსტატობაში. საბოლოოდ ჩემს ძირითად პროფესიაში დავრჩი.

ლილი იოსელიანი ჩემთვის დედასავით იყო. გარდა იმისა, რომ პროფესია მასწავლა, ცხოვრებისეული გამოცდილებებიც მასთან გავიარე. ცოლიც მის სახლში მივიყვანე - ჯაბას დაბადების დღე იყო, რომ ავიყვანე და გამოვაცხადე, ეს გოგო დღეიდან ჩემი ცოლი იქნება-მეთქი. ლილი სულ მეუბნებოდა, ფულის გამო შენს პროფესიას არასოდეს უღალატო, ჯობია მშიერი იყო და "ხალტურა" არ გააკეთოო. და ყველაზე მთავარი, შენ ჯერ მოქალაქე ხარ, ქართველი კაცი, და ვინც არ უნდა გახდე, ეს არასოდეს დაივიწყოო. შემდეგ ბატონ მიშა თუმანიშვილთან მომიწია ყოფნამ, სადაც ის იმავეს გვასწავლიდა. როცა ინსტიტუტი დავამთავრე, დავსხედით მე და ქალბატონი ლილი და გადაწყდა, წავსულიყავი მარჯანიშვილის თეატრში. ერთ დღესაც მირეკავს გენიოსი ადამიანი, თემური ვარ, ჩხეიძე, და მინდა ჩემთან წამოხვიდეო... შეხვედრის დღიდან მოყოლებული უსიტყვოდ ვუგებდით ერთმანეთს. მის ყველა სპექტაკლში ვიყავი დაკავებული.

- თქვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სპექტაკლი იყო "მგზავრის წერილები"...

- ადრე სპექტაკლი ცეკასთვის უნდა ჩაგებარებინა. დასხდებოდნენ მაშინდელი ჩინოვნიკები და მათ უნდა გადაეწყვიტათ, ესა თუ ის სპექტაკლი გავიდოდა თუ არა დიდ სცენაზე. ეს სპექტაკლიც ნახეს და აგვიკრძალეს. თემურმა ჰკითხა, ერთი სიტყვა მაინც მითხარით, რომელიც ილიას არ უწერია, მე-9 კლასში ასწავლით ამ ნაწარმოებს სკოლაშიო... არა, სიტყვები არა გაქვთ შეცვლილი, მაგრამ აქცენტებია ხაზგასმულიო; მაგ აქცენტებისთვის დავდგი ეს სპექტაკლიო, უპასუხა თემურმა. მერე შევარდნაძემ დაიბარა თემური. მესამე მოქმედებაც დაამატეთ, რამდენიმე თვე ითამაშეთ და მერე მოხსენითო. ორ კვირაში დაამატა თემურმა მესამე მოქმედება და ორი წელი ვითამაშეთ.

- გრიგოლ რობაქიძის "გრაალის მცველნიც" მაშინ ხმამაღალი სიტყვა იყო...

- ეგ ცხონებული კაკო ბაქრაძის დიდი დამსახურება იყო. რა უნდა გვიქნან, ითამაშეთო. 1989 წლის 9 აპრილი უკვე მომხდარი იყო. ვითამაშეთ ეგ სპექტაკლი და დაინგრა აქაურობა. მარჯანიშვილის ხიდზე ჯერ კიდევ ტანკები და რუსი ავტომატიანი ჯარისკაცები იდგნენ, ეს რომ ვითამაშეთ. ვთამაშობდით მანამდე, სანამ ომი არ დაიწყო თბილისში. მერე ბიჭებიც დაგვეღუპნენ, მალხაზ გორგილაძე, საშკა იოსელიანი, ლევან აბაშიძე... ერთი თვე იყო გასული თბილისის ომის დამთავრებიდან, რომ გადავწყვიტეთ სპექტაკლების აღდგენა. 50-60 კაცი ამ ყინვაში, უშუქობაში და გაუსაძლის პირობებში მოდიოდა თეატრში. საშიში პერიოდი იყო, რაღაც 15 მანეთს გვაძლევდნენ, მაგრამ მაინც ვთამაშობდით.

- კინო...

- თეატრში რეჟისორებშიც გამიმართლა და როლებშიც, კინოში არა. ლიმონა, ვისაც "თეთრ ბაირაღებში" ვთამაშობ, სინამდვილეში ჩემი მეგობრის მამა, ილო დევდარიანი იყო. როცა გამოვიდა ეკრანებზე, დამირეკა ამ ჩემი მეგობრის, კახა დევდარიანის დედამ, ციალა დეიდამ, ჩემი ილოს სურათები ხომ გაქვს ნანახი, ყოველთვის გაპიწკინებული და მოწესრიგებული იყო და შენ რას ჰგავხარ, გაუპარსავი, მოდღლეზილიო... კარგად გამთათხა... მე თვითონ ამ კაცს ვერ მოვესწარი, ჩვენ პატარები ვიყავით, ილოს ტრაგედია რომ მოხდა.

- ვიცი, რომ პიესა გაქვთ დაწერილი, რომლის გადაღებაც გინდათ...

- პიესა 1921 წლის ამბებზეა აგებული. სამწუხაროდ, მე არ შემიძლია თანხების მოძიება გადაღებისთვის, მაგრამ ჩვენმა ნიჭიერმა რეჟისორმა თიკო ყაჯრიშვილმა მითხრა, გადაიღებ თუ არა, პიესად მაინც დავბეჭდავთო... სხვათა შორის, იგივე ხდება დღესაც, რაც ხდებოდა 20-30-იან წლებში, ბოლშევიკების დროს... მე ამათ "აკაცუკებს" ვეძახი, მათ, ვისაც საკუთარი აზრი არ გააჩნია...

ორჯერ დამაპატიმრა სააკაშვილმა. პირველად, პატიმრებს რომ აწამებდნენ, გასაპროტესტებლად წავედით 50-მდე კაცი პენიტენციარულთან და დამაპატიმრეს. მეორედ, 26 მაისის ამბები რომ ხდებოდა. პატრიარქის ნაჩუქარი პალტო მეცვა. ვყვიროდი, მისი უწმინდესობის ნაჩუქარი პალტო მაცვია და არ დამიხიოთ-მეთქი...განაგრძეთ კითხვა