პარიზის ლუვრის მუზეუმიდან ისტორიული სამკაულების სენსაციური ქურდობიდან სულ რამდენიმე საათის შემდეგ, საფრანგეთის კიდევ ერთი მუზეუმი გაძარცვეს - ამჯერად დაახლოებით 104 ათასი აშშ დოლარის ღირებულების 2000-მდე ოქროსა და ვერცხლის მონეტაა დაკარგული. ეს უკანასკნელი შემთხვევა მთელი ქვეყნის მასშტაბით კულტურული დაწესებულებების ბოლოდროინდელი ძარცვების სერიის ნაწილია.
ძარცვა კვირა საღამოს მოხდა ქალაქ ლანდრში, საფრანგეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით, დენის დიდროსადმი მიძღვნილ მუზეუმ Maison des Lumières-ში. სამშაბათს სამსახურში დაბრუნებულმა თანამშრომლებმა აღმოაჩინეს გატეხილი ვიტრინა და განგაში ატეხეს. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, მონეტები „საქმის კარგად ცოდნით“ იყო მოპარული.
ლუვრის სკანდალი: მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო ლუვრის მუზეუმის გაძარცვამ, როდესაც იქიდან 88 მილიონი ევროს ღირებულების ისტორიული სამკაულები მოიპარეს. კვირას, მსოფლიოს ყველაზე პოპულარული მუზეუმის გახსნიდან რამდენიმე წუთში, მუშებად გადაცმული დამნაშავეები მეორე სართულზე, აპოლონის გალერეაში ელექტრო ინსტრუმენტებისა და ამწეს გამოყენებით შევიდნენ.
მოპარულ ძვირფასეულობას შორის იყო იმპერატორ ნაპოლეონის მიერ მეუღლისთვის ნაჩუქარი ბრილიანტებისა და ზურმუხტების ყელსაბამი, იმპერატრიცა ეჟენიას (ნაპოლეონ III-ის მეუღლე) ტიარა, ასევე რამდენიმე სამკაული, რომელიც ეკუთვნოდა დედოფალ მარია-ამელიას. ხელოვნების დანაშაულებზე სპეციალიზებულმა დეტექტივმა, არტურ ბრანდმა, BBC-ს განუცხადა, რომ ქვეყნის მასშტაბით შესაძლოა "მიმბაძველები" მოქმედებდნენ, ან რამდენიმე დაჯგუფება იყოს პასუხისმგებელი ამ თავდასხმებზე.

ბუნების ისტორიის მუზეუმი: გასულ თვეს, პარიზის ბუნების ისტორიის მუზეუმში შეღწევის შემდეგ, დანაშაულებრივმა პირებმა ექვსი ოქროს ზოდი მოიპარეს, რომელთა საერთო ღირებულება დაახლოებით 1,5 მილიონ ევროს შეადგენდა. ფრანგული მედიის ცნობით, შენობის სიგნალიზაცია და ვიდეოთვალთვალის სისტემები კიბერთავდასხმის შედეგად იყო გათიშული, რის შესახებაც ქურდებმა, სავარაუდოდ, იცოდნენ.
ამ ძარცვასთან დაკავშირებით, ბარსელონაში დააკავეს ჩინეთის მოქალაქე.. მას ბრალი თვის დასაწყისში წაუყენეს და სასამართლოს მოლოდინში პატიმრობაში იმყოფება.
ლიმოჟის ფაიფურის მუზეუმი: სექტემბერში, უცნობმა პირებმა ლიმოჟის ფაიფურის ეროვნული მუზეუმიდან მოიპარეს ორი ჩინური ფაიფურის თეფში და ვაზა. მოპარული ნივთების საერთო ღირებულება 6,55 მილიონ ევროდ არის შეფასებული. ექსპონატები ჯერ კიდევ ვერ იპოვეს, ხოლო დამნაშავეები თავისუფლებაში რჩებიან.
„მათი გაყიდვა ხელოვნების ბაზარზე შეუძლებელია. ამ ნივთების მიკვლევა ძალიან ადვილია, რადგან კარგად არის დოკუმენტირებული“, - განუცხადა ძარცვის შემდეგ კერამიკის ექსპერტმა გაზეთ Le Parisien-ს.
უსაფრთხოების ხარვეზები
ლუვრის ძარცვამ საფრანგეთში განგაში გამოიწვია იმის გამო, რომ უძვირფასესი ექსპონატების მქონე დაწესებულებებში უსაფრთხოება სუსტი აღმოჩნდა.
პირველივე საჯარო განცხადებაში, ლუვრის დირექტორმა, ლორანს დე კარმა, ფრანგ სენატორებს განუცხადა, რომ მუზეუმის გარშემო ვიდეოთვალთვალის სისტემა სუსტი და „მოძველებული“ იყო. დირექტორის თქმით, ერთადერთი კამერა, რომელიც ლუვრის გარე კედელს აკონტროლებდა, საიდანაც ქურდები შევიდნენ, სხვა მიმართულებით იყო მიმართული.
"ჩვენ ვერ შევძელით ამ ძვირფასეულობის დაცვა, - განაცხადა დე კარმა და დასძინა, რომ არავინაა დაზღვეული დამნაშავეების ქმედებებისგან, თუნდაც ლუვრი.
წინასწარი ანგარიშის თანახმად, ლუვრის ყოველ მესამე ოთახში არ იყო ვიდეოთვალთვალის კამერები, ხოლო ზოგადი სიგნალიზაციის სისტემა არ ამუშავდა.
იუსტიციის მინისტრმა, ჟერარ დარმანენმა, უსაფრთხოების სისტემის ჩავარდნა აღიარა და სინანულით აღნიშნა, რომ ის ფაქტი, რომ ქურდები უპრობლემოდ მივიდნენ მუზეუმამდე გადაკეთებული სატვირთო მანქანით, სერიოზული ზიანი მიაყენა საფრანგეთის იმიჯს.