თურქეთში მდებარე ბიბლიურ ქალაქ კოლოსეში, რომელიც ახალი აღთქმის ტექსტებში არის მოხსენიებული არქეოლოგებმა ახლახან 60-ზე მეტი უძველესი სამარხი აღმოაჩინეს.
ქალაქი ყველაზე მეტად ცნობილია, როგორც ადრეული ქრისტიანული თემის სამშობლო, რომელსაც წმინდა პავლე თავისი წერილით - „ეპისტოლე კოლოსელთადმი“ (ახალი აღთქმის მე-12 წიგნი) მიმართავდა.

მიუხედავად იმისა, რომ ქალაქი ძვ.წ. VI საუკუნიდან იყო დასახლებული, მან თავისი მნიშვნელობა ჩვენი წელთაღრიცხვის I საუკუნეში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ დაკარგა. VII საუკუნეში ხელახლა აღდგენის მიუხედავად, მოსახლეობამ კოლოსე საბოლოოოდ 787 წელს, კიდევ ერთი დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ მიატოვა.


ჟურნალისტებთან საუბარში არქეოლოგმა ბარის იენერმა განაცხადა, რომ აღმოჩენილი სამარხები 2,200 წელზე მეტს ითვლის და თავად ეს ტერიტორია “ანატოლიის უდიდეს ნეკროპოლისს წარმოადგენს, სადაც სამარხები თავად ქვის ფერდობშია ამოკვეთილი".
არქეოლოგის თქმით ნეკროპოლისი ასახავს, თუ როგორი “განსაკუთრებული გამჭრიახობით“ იყენებდნენ უძველესი ადამიანები ამ რეგიონის გეოლოგიურ და ტოპოგრაფიულ თავისებურებებს "მიწათმოქმედებისთვის ვარგისი მიწის შესანარჩუნებლად".
არქეოლოგებმა ასევე აღმოაჩინეს თიხის კერამიკა, მინის ბოთლები და ზეთის სანათები. მონეტები და სანდლები და გარდაცვლილთა სხვა პირადი ნივთებიც.