ავტორი:

"გამწარებული დავდივარ, რომ ადამიანებმა წამლები შემომწირონ... ამ ერთხელაც ამომიდექით მხარში" - მამა, რომელიც შვილის გადასარჩენად იბრძვის, საზოგადოებას მიმართავს

"გამწარებული დავდივარ, რომ ადამიანებმა წამლები შემომწირონ... ამ ერთხელაც ამომიდექით მხარში" - მამა, რომელიც შვილის გადასარჩენად იბრძვის, საზოგადოებას მიმართავს

"საზოგადოება მხარს რომ არ გვიჭერდეს, არ ვიცი, რა გვეშველებოდა. თვის მანძილზე საშუალოდ 1000 ლარი გამოდის ჯაბას წამლებიან პამპერსიანად ხარჯი. ბევრი რამ სჭირდება. ჩვენი პენსია არ არის საკმარისი,“ - ამბობს შშმ პირი და ასევე შშმ პირის მამა გოგიტა მურცხვალაძე, რომელიც წლებია უმძიმესი დიაგნოზის მქონე შვილის ჯანმრთელობისთვის იბრძვის.

გოგიტა მურცხვალაძე:

- ამ ზაფხულს სოფელში რომ მყავდა, ბედნიერად ვიყავი იმ თვალსაზრისით, რომ იქ უფრო მოსვენებულად იყო, ბავშვი ყოველდღე ეზოში გამყავდა. ვასეირნებდით. ამას ქალაქში, ბათუმში ვერ ვახერხებ. უკვე ბათუმში დავბრუნდით... აჭარის იურიდიული დახმარების ადვოკატები ჩაერთნენ იმაში, რომ ჯაბას მიმართ ადგილი აქვს დისკრიმინაციას. რომ სახელმწიფო მას ადაპტირებულ მისასვლელს არ უკეთებს. არადა აჭარის ცენტრალურ მთავრობას 2-3 წელიწადი ვთხოვდი ადაპტირებული ლიფტის დამონტაჟებას. ლიფტს ვინღა ჩივის, იქნებ ახლა ეტლი მაინც შეგვიძინონ.

- რა ეტლს გულისხმობთ?

- ერთ-ერთმა ქართულმა კომპანიამ შშმ პირებისთვის კიბეზე მოსიარულე ეტლების შემოტანა დაიწყო - ანუ კიბის საფეხურებზე მოსიარულე ეტლია (სპეციალური მუხლუხები აქვს). მისი საშუალებით ნებისმიერი წონის და ასაკის ადამიანი კიბის საფეხურებზე გადაადგილდება. უნიკალური გამოგონებაა. ძვირი ღირს - 5000 ლარი. ჰოდა, ლიფტს თუ ვერ აკეთებენ, ეტლი მაინც შეუძინონ. მერე ადრე დედისთვის მომვლელის სახით, ვინც შშმ შვილს უვლიდა, დანამატი 22 ლარი იყო. საერთოდ რამდენიმე კატეგორიის შშმ პირები არიან - უმაღლეს დამთავრებულები, აუტისტური სპექტრისა და დაუნის სინდრომის მქონეები, რომლებიც დადიან, ლაპარაკობენ.

ყველაზე მოწყვლადი ჩემი შვილის მსგავსი პაციენტები არიან. ჯაბა ფსიქომოტორული ჩამორჩენითაა. მასთან რაიმეზე საუბარი გამორიცხულია, მხოლოდ მშობელი, დედა შვილის სახის გამომეტყველებით ხვდება, რა უჭირს და რა ულხინს. ამიტომ, ვითხოვთ, დანამატის სახით რომ მიეცეს ჯაბას დედას თანხა. მას უმძიმესი შრომა უწევს. რამდენჯერ უნდა ვთხოვო საზოგადოებას მიშველეთ, დამეხმარეთ-მეთქი?! წესით, სახელმწიფოსგან ფინანსური დახმარების სახით უნდა გვქონდეს გარკვეული თანხა. ახლა გამწარებული დავდივარ, რომ ადამიანებმა წამლები შემომწირონ. ანტიეპილეფსიური მედიკამენტები აღრიცხვაზე მყოფ ბავშვზე ფასიანი გახადეს. სირცხვილია. ამიტომ ისევ საზოგადოებას უნდა ვთხოვო - თქვენი მეშვეობით, ბევრჯერ გადავრჩით. ბევრჯერ დამდგომიხართ გვერდით და ამ ერთხელაც ამომიდექით მხარში. საქველმოქმედო ფონდი "ხომლი" ჯაბა მურცხვალაძის დასახმარებლად.

ანგარიშის ნომერი:

საქართველოს ბანკი: GE42BG0000000162421607

თიბისი ბანკი: GE45TB7420136080100007 თიბისი ბანკი. მიმღები: გოგიტა მურცხვალაძე.

ანგარიში: GE57TB7080645064300028 ლიბერთი ბანკი.

ბანკის კოდი: LBRTGE22

მიმღების ანგარიში: GE04LB0711186007624000