ავტორი:

"ქვრივობა იყო ჩემი ბედისწერა..." - დონარა გვრიტიშვილის ბოლო "როლი", დრამატული ფინალით, რთული გზა სცენისკენ და ამერიკული განსაცდელი

"ქვრივობა იყო ჩემი ბედისწერა..." - დონარა გვრიტიშვილის  ბოლო "როლი", დრამატული ფინალით, რთული გზა  სცენისკენ და ამერიკული განსაცდელი

69 წლის ასაკში, ქართული კინოსა და თეატრის საყვარელი მსახიობი, დონარა გვრიტიშვილი, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. მისი ცხოვრების გზა იყო ამბავი დიდ ხელოვნებაზე, უდიდეს სიყვარულზე, ემიგრანტულ ტკივილსა და დედობრივ თავდადებაზე, რომლის ბოლო აკორდიც შვილის ნახვის სანუკვარი სურვილით დასრულდა.

დონარა - ხელოვანი, რომელმაც "თავი დაიღუპა"

დონარა გვრიტიშვილი 1956 წლის 8 ივნისს დაიბადა. მისი გზა სცენისკენ არ ყოფილა მარტივი. მშობლებს, განსაკუთრებით კი მამას, არ სურდათ, შვილი მსახიობი გამხდარიყო. როგორც თავად იხსენებდა, ოჯახის ნებას მუსიკალური ტექნიკუმის გზით გაჰყვა, მაგრამ ოცნება მაინც აისრულა:

დონარა გვრიტიშვილი (ჟურნალი „თბილისელები“): "მე მუსიკალურ ტექნიკუმში ჩამაბარებინეს, იმიტომ რომ მშობლებს ასე უნდოდათ. მერე უცხო ენებში ჩასაბარებლად მამზადებდნენ. აი, მაშინ ვიხმარე ჭკუა თუ თავი დავიღუპე – დღემდე არ ვიცი, რატომ, მაგრამ მსახიობობა ავირჩიე. ოცნებებს თვითონ მივყავართ საკუთარ ბილიკებზე და ასე მოხდა ჩემს შემთხვევაშიც."

მამა ამ გადაწყვეტილებაზე გაბუტული იყო და "ეს რა დაემართაო", მაგრამ დონარას არც ერთხელ არ გაუწევია ანგარიში ცხოვრებისეული არჩევანისთვის. ის მოხვდა თავის საოცნებო ინსტიტუტში, გიზო ჟორდანიას ჯგუფში, რომელსაც პიროვნების ჩამოყალიბებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის. სწორედ ამ ჯგუფის წარმატებული დადგმა, რეზო გაბრიაძის პიესა „სამოთხის ჩიტი“, გახდა მისი კარიერის დასაწყისი.

მალევე დონარა გვრიტიშვილი რუსთავის თეატრში მიიწვიეს და წლების განმავლობაში ამ თეატრის ერთგული იყო. პოპულარობა კი ნაბიჯ-ნაბიჯ მოვიდა:

"ჩემთან ეს ერთ დღეს არ მოსულა. აგურ-აგურ, ნაბიჯ-ნაბიჯ მივდიოდი წინ... მოვიდა დიდი სიყვარული და სითბო, რომელიც ისეთ სიხარულსა და ბედნიერებას განიჭებს ადამიანს, რომ ენით ვერ აღწერ, ეს წარმოუდგენელია. მეტირება, რომ მახსენდება. უცხო ადამიანი რომ მოგვარდება, ჩაგეხუტება და გეუბნება, როგორ მიყვარხართო, ამაზე დიდი ბედნიერება რა უნდა იყოს?!"

მისი ფილმოგრაფიიდან განსაკუთრებით გამორჩეულია ლევან ზაქარეიშვილის „ისინი“ და „თბილისი-თბილისი“, რამაზ იოსელიანის „მაგრამ რა მერე?“ და ლევან ანჯაფარიძის „არის ასეთი ქვეყანა“.

ქვრივობა, შვილები და მსახიობის ტკივილი

ხელოვნებაში წარმატების მიუხედავად, მსახიობს პირად ცხოვრებაში უმძიმესი დარტყმები შეხვდა. იგი ადრეულ ასაკში დაობლდა, დაკარგა ძმა, ხოლო მისი ცხოვრების დიდი ნაწილი ქვრივობამ განსაზღვრა:

"ქვრივობა იყო ჩემი ბედისწერა. წლებია, მეუღლე გარდამეცვალა. გამიმართლა იმ მხრივ, რომ ძალიან კარგი მეუღლე მყავდა. არაჩვეულებრივი შეყვარებული იყო და მის გვერდით ყოველთვის ბედნიერ ქალად ვგრძნობდი თავს."

დონარა გვრიტიშვილს სამი შვილი დარჩა: ორი ქალიშვილი – ეკა გვრიტიშვილი და ხატია ხოსროშვილი – და ვაჟი, გიორგი ხოსროშვილი. ის შვიდი შვილიშვილის ბედნიერი ბებია იყო. როგორც თავად აღნიშნავდა, შვილებთან ყოველთვის ახლო კავშირი ჰქონდა.

მსახიობი ხშირად საუბრობდა საქართველოში ხელოვანების მძიმე ბედზე:

"მსახიობებს არასდროს გვქონია ფული. ჩემს კოლეგას, უნიჭიერეს კაცს, შიმშილის გამო სცენაზე გული წაუვიდა. ჩვენს ქვეყანაში ეს პროფესია შესაბამისად არ ფასდებოდა. სულ უკანასკნელი, მსახიობს არ უნდა შიოდეს."

სწორედ ამ მძიმე ეკონომიკურმა ფონმაც განაპირობა მისი ცხოვრების დრამატული შემობრუნება – ემიგრაცია.

ამერიკული განსაცდელი და ქართველი ემიგრანტების "სასწაული"

2021 წლის სექტემბერში დონარა გვრიტიშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში დოკუმენტურ ფილმზე სამუშაოდ გაემგზავრა. როგორც ამბობდა, ემიგრანტობა მისი არჩევანი არ ყოფილა, მაგრამ ბედისწერამ მისი იქ დარჩენა განაპირობა: ჩასვლიდან ექვსი თვის შემდეგ, მსახიობს სიმსივნის მძიმე დიაგნოზი დაუსვეს.

ეს იყო უზარმაზარი, წარმოუდგენელი გამოცდა, რომელიც მისთვის "სულში ვულკანის აფეთქებას" უტოლდებოდა. მსახიობი შიშს განიცდიდა, თუმცა არა სიკვდილის:

დონარა გვრიტიშვილი (ჟურნალი „სარკე“): "იყო ტკივილი, იყო შიში, იყო პანიკა, მაგრამ სიკვდილის შიში არ მქონია. სამშობლოში არ დაბრუნების შიშმა შემიპყრო. შემეშინდა, რომ ჩემი შვილები ასე გამწარდებოდნენ, ასეთი ფორმით დაკარგავდნენ დედას. ამ ფიქრმა დიდი შინაგანი პროტესტი გამოიწვია. „არა!“ – ეს განცდა იმდენად ძლიერი იყო, რომ მთელმა ჩემმა სხეულმა და გონებამ დაიჯერა..."

ამ უმძიმეს პერიოდში მან ქართველი ემიგრანტებისგან მიიღო დახმარება, რომელსაც "სასწაული“ უწოდა. განსაკუთრებულ მადლობას უხდიდა ნიკოლოზ ჩხეიძესა და ეკა ანდრიაშვილს:

"არ მინდა, ვინმემ ისე გაიგოს, რომ საქართველოს ვაკნინებ... მაგრამ ვერ წარმოიდგენთ, რა თანადგომა და სიყვარული ვნახე აქ ქართველების მხრიდან. ამ საოცარმა თანადგომამ და ენერგიამ გადამარჩინა და სიცოცხლე მაჩუქა. ქართველებმა სასოწარკვეთის უფლება არ მომცეს. ნიკოლოზს სახეზე ვატყობდი ხოლმე შიშს, როდესაც ექიმებთან საუბრობდა, გადაფითრდებოდა, მაგრამ ნელ-ნელა ყველაფერი ნორმაში ჩადგა."

ამერიკაში ჩატარებული ოპერაციის და ქიმიოთერაპიის შემდეგ, სადაც მსახიობის თქმით, მას გროში არ დაუხარჯავს, დონარა გვრიტიშვილი გამოჯანმრთელდა. მან სიგარეტს დაანება თავი და ახალი ცხოვრების დაწყებას აპირებდა, მაგრამ ბედისწერამ კიდევ ერთხელ შეცვალა გეგმები.

რეციდივი და დედა-შვილის შეხვედრის დრამა

ხუთი წლის შემდეგ, ორი თვის წინ, მსახიობი სამშობლოში რეაბილიტაციის მიზნით დაბრუნდა, თუმცა სიმსივნის რეციდივით. მისი მდგომარეობა უმძიმესი იყო. ამ დროს გაჟღერდა დედის უკანასკნელი, სანუკვარი სურვილი – ენახა შვილი, გიორგი ხოსროშვილი, რომელიც ერთი წელი იყო პატიმრობაში.

მსახიობის ქალიშვილმა, ხატია ხოსროშვილმა, სოციალური ქსელის საშუალებით მთელ საქართველოს მიმართა და ადამიანური სიკეთის საოცარი ტალღა ააგორა. მისი თხოვნა იყო: "დონარა გვრიტიშვილი სიცოცხლის ბოლო დღეებს ითვლის, მისი ერთადერთი სურვილია ბოლო შეხვედრა შვილთან..."

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა გიორგი ხოსროშვილი შეიწყალა. ხატია ხოსროშვილის სიტყვებით, ეს იყო ერის უდიდესი გამარჯვება ადამიანობაზე:

ხატია ხოსროშვილი: "დავინახეთ - როგორ ბუნებრივად, ძალდაუტანებლად და ბრწყინვალედ იქცა ათასობით ადამიანი სიკეთის ზვავად. დედა-შვილის შეხვედრის სევდიანი ამბავი გადაიქცა ისტორიად, რომელიც არა მხოლოდ მათზეა — ეს არის ადამიანობაზე, სიკეთეზე, იმ ემოციებზე, რომლებიც გვალამაზებს ყველას."

დედა-შვილის შეხვედრა შედგა, თუმცა, სამწუხაროდ, არა ისეთი, როგორიც დედას სურდა – დონარას უმძიმესი მდგომარეობის გამო. მსახიობი, რომელმაც მთელი ცხოვრება სცენაზე და კამერის წინ გაატარა, ბოლო როლიც თავისი ცხოვრების დრამატული ფინალით შეასრულა.

მსახიობის კოლეგამ, ვახო ბიჭიკაშვილმა, ამ მოვლენას „ფილმის სცენარივით დასასრული“ უწოდა:

ვახო ბიჭიკაშვილი: "შვილთან გამომშვიდობების მომენტი კიდევ სხვა სიმძაფრეს სძენს ამ ამბავს, თითქოს ფილმის სცენარივითაა, თავისი ძალიან სევდიანი, მაგრამ სიყვარულით გაჟღენთილი დასასრულით. თითქოს ბოლო კადრია…"

დონარა გვრიტიშვილი გუშინ, 23 ოქტომბერს, 69 წლის ასაკში გარდაიცვალა. მან დატოვა სევდა, მაგრამ, რაც მთავარია, "სიყვარული დატოვა, შინ თუ გარეთ." მისი გარდაცვალების ამბავი, რომელიც თავდაპირველად მცდარად გავრცელდა და ოჯახმა უარყო, საბოლოოდ რეალობად იქცა. მსახიობი, რომელიც ამბობდა, რომ "ბედნიერი ვარ იმიტომ, რომ ცოცხალი ვარ", უკვდავების გზაზე დადგა, დაიმსახურა რა ქართველი ხალხის უდიდესი სიყვარული და დატოვა თავისი შეუცვლელი კვალი ქართული კინოსა და თეატრის ისტორიაში.