თბილისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.
პროკურატურა ყოფილი პრემიერის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით 1 მილიონი ლარის ოდენობის გირაოს შეფარდებას მოითხოვს. ამასთან, უწყება ღარიბაშვილის მიმართ დამატებითი ვალდებულებების დაკისრებასაც მოითხოვს, მათ შორის, საქართველოს პასპორტის სამართალდამცავი უწყებისთვის ჩაბარებას და ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრების აკრძალვას.
აღნიშნულ შუამდგომლობას გირაოს ნაწილში დაცვის მხარე დაეთანხმება, რაც შეეხება დანარჩენ შემზღუდავ ღონისძიებებს, აღნიშნულთან დაკავშირებით პოზიცია სასამართლოზე გაჟღერდება.
ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც გულისხმობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.