ავტორი:

ამაზონი შრება - რეგიონი შესაძლოა, სავანად იქცეს: რა არის მეცნიერების პროგნოზი

ამაზონი შრება - რეგიონი  შესაძლოა, სავანად იქცეს: რა არის მეცნიერების პროგნოზი

მეცნიერების თქმით, ამაზონი საგანგაშო ტემპით შრება. ჟურნალ „Nature Communications“- ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის თანახმად, ტყეების ჩეხა მშრალი სეზონის დროს ნალექების მკვეთრ შემცირებას და რეგიონში სიცხის გაძლიერებას იწვევს.

მკვლევრები ამბობენ, რომ ეს ცვლილებები შესაძლოა "ბიომის დესტაბილიზაციის ადრეული ნიშნები" იყოს - სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს იმის სიგნალია, რომ ტყეს სტაბილურობის შენარჩუნებისთვის ბრძოლა უჭირს.

  • ახალი ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს მდინარე ამაზონის აუზში წყლის დონემ ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია. ამბობენ, რომ ამაში წვლილი 2022-ის მიწურულსა და 2023-ის დასაწყისში ლა ნინიადან ელ ნინიოზე გადასვლას მიუძღვის.

1985 წლიდან 2020 წლამდე, მშრალ სეზონზე ნალექების რაოდენობა დაახლოებით 21 მმ-ით (0.8 ინჩი) შემცირდა, რომლის დაახლოებით სამი მეოთხედი პირდაპირ კავშირშია ტყეების ჩეხასთან. იმავე პერიოდში მაქსიმალური დღიური ტემპერატურა დაახლოებით 2°C-ით (3.6°F) გაიზარდა, რომლის 16.5 პროცენტი ტყეების განადგურებით იყო განპირობებული, დანარჩენი კი გლობალური კლიმატის ცვლილებით.

-

მცენარეები ამაზონის წვიმების ციკლისთვის აუცილებელია. როდესაც ხეები იჭრება, ეს ციკლი სუსტდება: ნაკლები ღრუბელი წარმოიქმნება, ნაკლები ნალექი მოდის და ტყე უფრო ცხელი და მშრალი ხდება.

საბოლოოდ, ამაზონი გარდამტეხ წერტილს მიაღწევს: ეკოსისტემა სწრაფად და შეუქცევადად დაინგრევა, რამაც, საბოლოოდ, შეიძლება რეგიონი სავანად აქციოს.

"ეს დასკვნა ხაზს უსვამს ამაზონის ტყის საფარის შენარჩუნებისა და აღდგენის მნიშვნელობას, როგორც კლიმატის ცვლილების შერბილებისა და ეკოსისტემების სტაბილურობის უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანეს სტრატეგიას“, - ამბობენ მეცნიერები.

წყარო

წაიკითხეთ ასევე: