ცხოვრება "მარსზე": ეს აღარც ფანტასტიკაა და არც სიზმარი - ექსტრემალური თავგადასავალი, რომელიც ტურისტების ასტრონავტებად აქცევს
წარმოიდგინეთ, უკვე 25- ე დღეა, რაც ცივილიზაციისგან შორს, შენს საწოლ კაფსულაში იღვიძებ, გარეთ -30°C ტემპერატურაა და ვიწრო ფანჯრიდან მარსის პეიზაჟი მოჩანს. მედიტაციისა და გაყინული პელმენებით საუზმის შემდეგ, ეკიპაჟის დანარჩენ ექვს წევრთან ერთად, სკაფანდრების ქვეშ თერმულ ტანსაცმელს იცვამ და ქვიშის ქარიშხალში გადიხართ მისიის შესასრულებლად.

აღწერილი სიტუაცია არც ბოდვაა და არც ფანტასტიკური სიზმარი, ეს მონღოლეთის გობის უდაბნოში, გადარჩენის ერთთვიანი კურსია, რომელიც სპეციალურად ტურისტებისთვის მარსზე ცხოვრების სიმულაციის მიზნით არის შექმნილი.

პროექტი, სახელად MARS-V Project მონღოლეთის დედაქალაქ ულან-ბატორში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ არის შემუშავებული, მისი მიზანია გობის უდაბნოში იმ სადგურის სრული ანალოგის შექმნა, რომელიც მომავალში მარსზე განთავსდება, რათა ადამიანებს წითელი პლანეტის პირობებისადმი უკეთ ადაპტირებაში დაეხმაროს. გობის “მარსიანული“ სადგური პირველი ვიზიტორების მიღებას 2029 წელს დაიწყებს.
დედამიწაზე არცერთი ადგილი არ ჰგავს მარსის გეოგრაფიასა და კლიმატს ისე, როგორც მონღოლეთის გობის უდაბნო - მშრალი, უკაცრიელი: +45-დან -40°C-მდე უკიდურესი ტემპერატურული ცვლილებებით. მიწა რკინის ოქსიდითაა შეღებილი, რაც მას წითელ შეფერილობას და საოცრად იერს აძლევს.

იზოლაცია, სიმაღლე და მკაცრი კლიმატი გობის უდაბნოს ასტრონავტების სავარჯიშო და სამეცნიერო ექსპერიმენტების ჩასატარებელ იდეალურ ადგილად აქცევს.
პროექტში მონაწილეებმა თავდაპირველად ფიზიკური, ფსიქოლოგიური და ინტელექტუალური ტესტები უნდა ჩააბარონ. ამას სამთვიანი ონლაინ მომზადების კურსები მოსდევს, სადაც იზოლაციის ფსიქოლოგია, ჟანგბადის გამოყენების პროტოკოლები და ასტრონავტებისათვის საჭირო სხვა უნარ-ჩვევები ისწავლება.
მონღოლეთში ჩასვლის შემდეგ, მონაწილეები ულან-ბატორში სამი დღის განმავლობაში პრაქტიკულ ვარჯიშებს გაივლიან, შემდეგ ტელეფონებს ჩააბარებენ და “მარსის ბანაკისკენ“ წითელ, მტვრიან გზაზე ათ საათიან მგზავრობას შეუდგებიან.

“ სიურრეალისტურია გარემოა, ეს უსასრულო სივრცის შეგრძნება - გობი ნამდვილად მშვენიერია, მაგრამ ზოგისთვის დამთრგუნველიც, - აცხადებს MARS-V აღმასრულებელი დირექტორი.
ერთი თვის განმავლობაში მონაწილეები მარსის ლანდშაფტზე გათვლილ მედულარულ კაფსულებში იცხოვრებენ, რომლებიც საცხოვრებელი ბლოკებით, ლაბორატორიით და სათბურით იქნება აღჭურვილი. პირველივე დღე მკაცრი რეჟიმით იწყება: ვიტამინები, მედიტაცია, ვარჯიში, საუზმე და გეგმების ჯგუფურად განხილვა.
ბანაკში ყოველი დღე ახალი ამოცანებით იქნება სავსე - გეოლოგიური რუკების შექმნა, ნიადაგის ნიმუშების აღება ან “დედამიწასთან“ (სამართავ ცენტრთან) დაგვიანებული კომუნიკაცია, რითაც რეალური პლანეტათაშორისი კავშირის შეფერხების იმიტაცია ხდება.
უდაბნოში სიმულაციები ოქტომბრიდან მარტამდე ჩატარდება, იმ დროს როდესაც გობი გაყინულია და ტემპერატურა საშუალოდ -27°C-მდე ეცემა. მონაწილეები სპეციალურ თერმულ ტანსაცმელს, კომბინეზონებს და სკაფანდრების იმიტაციებს ატარებენ.
“ყველაფერი ისეა ორგანიზებული, რომ გარე მხარდაჭერა უხილავი დარჩეს და ადამიანებმა თავი მაქსიმალურად რეალისტურ გარემოში შეიგრძნონ, თუმცა ცხადია მნიშვნელოვანი საფრთხის შემთხვევაში სიმულაცია მაშინვე დასრულდება“ - აცხადებენ ორგანიზატორები.

"ასტრონავტების" მენიუში ძირითადად ადგილობრივი კერძები ჭარბობს, თვითონ ბანაკის დიზაინშიც ჩანს მსგავსება, “მარსის ბანაკის" გუმბათები მონღოლურ ტრადიციულ იურტებს წააგავს.
მარსზე ცხოვრების სიმულაციები ახალი არ არის - NASA და ESA წლებია მსგავს ბაზებს ასტრონავტების მოსამზადებლად იყენებენ.
თუმცა MARS-V -ემ ახალი იდეა შეიმუშავა და სამეცნიერო მიდგომა ტურისტულ ბიზნესთან გააერთიანა. იდეა ნამდვილად აქტუალურია, განსაკუთრებით იმ დროს როდესაც კერძო კოსმოსური მოგზაურობა სულ უფრო მეტ პოპულარობას იძენს.

მომავალში გობის "მარსიანული ბანაკი“ იდეალური ალტერნატივა გახდება მათთვის, ვინც სურვილის მიუხედავად მარსზე მოგზაურობას ვერ შეძლებს. ამ შემთხვევაში მსურველები უკვე ყოველგვარი რისკების და დეპრესიის განცდის გარეშე შეძლებენ უცხო პლანეტას მიმსგავსებულ პეიზაჟებით ტკბობას იმ ადგილიდან, რომელიც ალბათ დედამიწაზე ყველაზე მეტად უახლოვდება შორეულ წითელ პლანეტას.