ავტორი:

პიკასოს ნახატი, რომელიც უცნაურ ვითარებაში გაუჩინარდა, პოლიციამ მადრიდში აღმოაჩინა

პიკასოს ნახატი, რომელიც უცნაურ ვითარებაში გაუჩინარდა, პოლიციამ მადრიდში აღმოაჩინა

ბოლო დროს ხელოვნების ბაზარზე გახშირებულ ქურდობებზე ხშირად საუბრობენ, განსაკუთრებით ლუვრის ცნობილი ძარცვის შემდეგ, თუმცა ესპანელმა სამართალდამცავებმა, როგორც ჩანს წარმატებით ამოხსნეს ის საქმე, რომელმაც დეტექტივები კვირების განმავლობაში საგონებელში ჩააგდო.

მიმდინარე თვის დასაწყისში პიკასოს ნახატი “ნატურმორტი გიტარით“ მადრიდის საწყობიდან, გრანადაში, Centro Cultural CajaGranada-ის გამოფენისთვის უნდა გადაეტანათ. პატარა ჩარჩოში ჩასმული, 1919 წლის, გუაშში შესრულებული ნახატი იმ 56 ნამუშევარს შორის იყო, რომლებიც 25 სექტემბერს დედაქალაქის საცავიდან გამოფენისთვის გაიგზავნა. მთლიანი ტვირთი დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ ჩავიდა დანიშნულების ადგილს, თუმცა როგორ მოგვიანებით გახდა ცნობილი, შეფუთვა სათანადოდ არ იყო დანომრილი, რის გამოც საგამოფენო ნივთების სრულად შემოწმება გახსნის გარეშე შეუძლებელი გახდა.

CajaGranada Fundación-ის წარმომადგენლების განცხადებით, ჩატარდა მიზნობრივი შემოწმება და მიწოდების დოკუმენტებზე ხელი იქნა მოწერილი, თუმცა სრულად გახსნა 6 ოქტომბრამდე - გამოფენის გახსნის დღისთვის გადადეს. სწორედ იმ დღეს აღმოაჩინეს პიკასოს ნამუშევრის გაუჩინარება და პოლიციას შეატყობინეს.

ეროვნულმა პოლიციამ ფართომასშტაბიანი საგამოძიებო პროცესი დაიწყო, დაკარგული ნახატი ინტერპოლის მოპარულ ან დაკარგულ ხელოვნების ნიმუშების ბაზაში მოხვდა.

როდესაც ძიებამ შედეგი ვერ გამოიღო, გამომძიებლებმა გადაზიდული ტვირთის მონაცემები გადაამოწმეს და შეფუთვის ნომრებში შეუსაბამობები აღმოაჩინეს, რამაც მათ მადრიდის საწყობში დაბრუნებისკენ უბიძგა, სადაც აღმოაჩინეს კიდევაც 600,000 ევროს ღირებულების მქონე დაკარგული ნამუშევარი, რომელიც სავარაუდოდ საერთოდ არ მოხვედრილა სატვირთო მანქანებზე.

წყარო