პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეების ნაწილმა რუსთაველის გამზირი გადაკეტა.
აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად პროტესტის მონაწილეები პარლამენტის მიმდებარედ, ტროტუარზე იყვნენ შეკრებილები.

რუსთაველის გამზირის გადაკეტვის შემდგომ, პოლიციამ აქციის მონაწილეებს მოუწოდა გადასულიყვნენ გზის სავალი ნაწილიდან და პროტესტი გამოეხატათ კანონით დადგენილი წესით. პოლიციის აღნიშნულ მოწოდებას პროტესტის მონაწილეები არ დაემორჩილნენ, მათ ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს.

საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე 311-დღეა მიმდინარეობს.
რუსთაველის გამზირზე შეკრებილთა მოთხოვნები უცვლელია - დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ პროტესტის ფარგლებში დაკავებული პირები.

გარკვეული ხნის შემდეგ პოლიციამ მოქალაქეები გზის სავალი ნაწილიდან გადაიყვანა. გზაზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა.
პოლიციამ, შესაბამისი ღონისძიების გატარება მას შემდეგ დაიწყო, რაც პროტესტის მონაწილეები გააფრთხილა, გადასულიყვნენ გზის სავალი ნაწილიდან.

პოლიციის ჯგუფი რუსთაველის გამზირზე როგორც ჭიჭინაძის ქუჩიდან, ასევე თავისუფლების მოედნის მხრიდან გამოჩნდნენ.
აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ: "ძირს პოლიციური რეჟიმი!”

ამ დროისთვის აქციის მონაწილეები პროტესტს ტროტუარზე განაგრძობენ.