მზის სისტემის იდუმალი სტუმრის სვლა გრძელდება - უცნაური ტრაექტორია, არათანმიმდევრული სიჩქარე: ყველაფერი, რაც აჩენს ვარაუდს, რომ 3I/ATLAS-ი შესაძლოა უცხოპლანეტელების ხომალდი იყოს
მოყოლებული ა.წ. ივლისიდან მსოფლიო თვალს ადევნებს მზის სისტემაში მოძრავ უცნობ ობიექტს, რომელიც სხვა გალაქტიკიდან არის და რომელსაც 3I/ATLAS-ი ეწოდა. როგორც ასტრონომები ამბობენ, ამგვარი ვარსკვლავთშორისი ობიექტის აღმოჩენა უდიდესი იშვიათობაა, შესაბამისად, სრულიად ბუნებრივია ის ყურადღება და ვარაუდები, რაც მის გამოჩენას მოჰყვა. ყველა არ ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ 3I/ATLAS უბრალო კომეტაა, არსებობს მოსაზრება, მათ შორის მეცნიერთა შორისაც, რომ ის შესაძლოა, მზის სისტემაში შემოსული უცხოპლანეტელთა ხომალდი იყოს… ის ამ ეტაპზე მიუახლოვდა მზეს, ამიტომ მისი ხილვა მალე შეუძლებელი იქნება და ეს გაგრძელდება, დაახლოებით, ა.წ. ნოემბრის ბოლომდე.

3I/ATLAS - ახლად აღმოჩენილი ვარსკვლავთშორისი ობიექტია - იშვიათი "უცხო სტუმარი“, რომელიც მზის სისტემის ფარგლებს მიღმა მდებარე სივრციდან მოდის. ის პირველად შენიშნეს 2025 წლის 1-ელ ივლისს, ჩილეში მდებარე ტელესკოპის მეშვეობით. NASA-ს, ESA-სა და უმეტეს მეცნიერთა ოფიციალური პოზიცია ერთმნიშვნელოვანია: 3I/ATLAS ბუნებრივი წარმოშობის კომეტაა და ისტორიაში მესამე ვარსკვლავთშორისი ობიექტია, თუმცა ისინიც მიიჩნევენ, რომ აუცილებელია გაგრძელდეს ობიექტზე დაკვირვება და მისი შესწავლა.
გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ საერთაშორისო ასტეროიდების გამაფრთხილებელმა ქსელმა (IAWN), რომელიც NASA-ს ხელმძღვანელობით მუშაობს, უკვე გაუშვა სპეციალური ზონდი, რათა დააკვირდეს ამ იდუმალ სტუმარს. მიზეზი მარტივია: 3I/ATLAS არ იქცევა ისე, როგორც კომეტები ჩვეულებრივ იქცევიან. ის მოძრაობს არათანმიმდევრული სიჩქარით, უცნაურად ირეკლავს სინათლეს და გამოყოფს მეტალებს, რომლებიც ბუნებაში უბრალოდ არ გვხვდება.
ჰარვარდის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსი ავი ლოები კი აცხადებს, რომ ეს მანჰეტენის ზომის ობიექტი, რომელიც მზის სისტემაში მოგზაურობს, შესაძლოა იყოს უცხოპლანეტური "ტროას ცხენი“, რომელიც კაცობრიობას სერიოზულ შედეგებს მოუტანს.
“ის მინიმუმ ათასჯერ უფრო მასიურია, ვიდრე სხვა ვარსკვლავთშორისი ობიექტები, რაც აქამდე გვინახავს",“ - აცხადებს ასტროფიზიკოსი.
ლოების არგუმენტები ასეთია:
პირველი დაკვირვებისას ობიექტი ძალიან ნათელი ჩანდა. თუ ეს ნათება მხოლოდ მზის შუქის არეკვლით იყო გამოწვეული, მაშინ ობიექტის დიამეტრი უნდა ყოფილიყო დაახლოებით 20 კილომეტრი. ასეთ გიგანტი ობიექტი, ლოების აზრით, უკვე საეჭვოა. ის ამბობს, რომ ეს ობიექტი შეიძლება იყოს უცხოპლანეტელთა ტექნოლოგიური ზონდი - თითქოსდა უდანაშაულო კომეტა, რომელიც სინამდვილეში სხვა მიზნებითაა გაგზავნილი.
"ჩვენ ვხედავთ რაღაცას, რაც მანჰეტენის ზომისაა და წონა აქვს დაახლოებით 33 მილიარდი ტონა. ასეთი დიდი ობიექტი აქამდე არასდროს გვინახავს. რატომ მოხვდა ის ჩვენს მზის სისტემაში?“ - კითხულობს ლოებო.

"კომეტები, ჩვეულებრივ, მზესთან მიახლოებისას ქმნიან მკაფიო გაზისა და მტვრის კუდებს, ხოლო სპექტრებში აღინიშნება აირების (მაგ., CO₂ ან მეთანის) კვალი. თუმცა 3I/ATLAS-ის შემთხვევაში მსგავსი არაფერი დაფიქსირებულა - მხოლოდ სუსტი წითელი ნათება, რომელიც შეიძლება მიანიშნებდეს ორგანულ მტვერზე ან სულაც რაღაც ხელოვნურზე", - ამბობს ასტროფიზიკოსი.
3I/ATLAS თითქმის იდეალურად მიჰყვება ეკლიპტიკის სიბრტყეს და თან ისე მოძრაობს, თითქოს განზრახ აუარა გვერდი იუპიტერს, მარსს და ვენერას. ლოების აზრით, ეს შემთხვევითი არაა, "ეს შეიძლება იყოს მიზანმიმართული გზა, რომელსაც გონივრულად არის დაგეგმილი", - ამბობს ის.

ცნობილია, რომ ობიექტი 2025 წლის ოქტომბრის ბოლოს მზეს ჩამოეფარება და რამდენიმე კვირით ტელესკოპების ხილვიდან გაქრება. ლოების აზრით, თუ იგი მართვადია, ეს იდეალური დრო იქნებოდა კურსის შესაცვლელად ისე, რომ დედამიწიდან ეს ვერავინ შეამჩნიოს.
თუ იგი მართლაც შეცვლის ტრაექტორიას მზის მიღმა და დედამიწისკენ მოტრიალდება, ეს შეიძლება ნიშნავდეს მიზანმიმართულ კურსს ჩვენი პლანეტისკენ.
ამ ვარაუდების მიუხედავად, ჯერჯერობით მეცნიერების ოფიციალური პოზიციით, რომ 3I/ATLAS-ი კომეტაა, რომელიც დედამიწას მინიმუმ 270 მილიონი კილომეტრით შორს ჩაუვლის, რაც მზემდე მანძილზე ორჯერ მეტია. მეცნიერები აცხადებენ, რომ ის ჩვენს ტელესკოპებში "შემოიჭრება“, თუმცა ჩვენს ცაში - არა.