23 ოქტომბერს გერმანიიდან თბილისში ჩარტერული რეისით 48 ადამიანი გამოაძევეს. მათ შორის ბერლინში მოკლული ყოფილი ჩეჩენი საველე მეთაურის, ზელიმხან ხანგოშვილის ძმა და სხვა ნათესავებიც იყვნენ. DW აეროპორტში დეპორტაციის პროცესს აკვირდებოდა.
23 ოქტომბერს, დილით ადრე, ქალაქ ვიუნსდორფში (ბრანდენბურგის ფედერალური მიწა) პოლიციამ შეამტვრია ბინის კარი, სადაც 2019 წლის აგვისტოში ბერლინში მოკლული ყოფილი ჩეჩენი საველე მეთაურის, ზელიმხან ხანგოშვილის ძმა, ზურაბ ხანგოშვილი ცხოვრობდა. პოლიციელებმა ოჯახის წევრებს მობილური ტელეფონები ჩამოართვეს, ავტობუსებში ჩასვეს და ბერლინის აეროპორტში წაიყვანეს. ამის შესახებ DW-ს ზელიმხან ხანგოშვილის ყოფილმა მეუღლემ, მანანა წათიევამ, ნათესავის მონათხრობზე დაყრდნობით განუცხადა.
მოკლული ხანგოშვილის ძმა გერმანიაში დაახლოებით სამი წლის წინ შვედეთიდან გადავიდა და საკუთარი უსაფრთხოების გამო შიშობდა. ერთი წლის წინ, მას შემდეგ, რაც ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის გერმანიაში გასამართლებული ქილერი ვადიმ კრასიკოვი გაცვლის შედეგად გაათავისუფლეს და რუსეთს გადასცეს, მან ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა: "ჩემი ძმის მკვლელი თავისუფალია, თავს დამცირებულად ვგრძნობთ. ეს მტკივნეულია".
გფრ-მ ქართული ეროვნული ავიაკომპანიის ლაინერი იქირავა
ფრენების მონიტორინგის სერვისის, Flightradar24-ის მონაცემებით, 11:12 საათზე ბერლინის აეროპორტში ქართული ავიაკომპანია Georgia Airways-ის ბოინგ-737 დაეშვა. ის ბერლინ-შენეფელდის ყოფილი აეროპორტის მე-5 ტერმინალთან გააჩერეს. ამჟამად ტერმინალი მგზავრებისთვის დახურულია და პერიოდულად უცხოელთა დეპორტაციისთვის გამოიყენება.

დღის ორ საათისთვის ტერმინალის მოპირდაპირე ავტოსადგომის სახურავზე ხანგოშვილის ნათესავები შეიკრიბნენ, მაგრამ ერთადერთი, რისი გაკეთებაც შეეძლოთ, წვიმაში დგომა და მდუმარედ ყურება იყო, თუ როგორ სვამდნენ მათ ახლობლებს თბილისის თვითმფრინავში. DW-ს გადამღები ჯგუფი ამ დროისთვის აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურმა სახურავიდან გააძევა. როგორც ხანგოშვილის ნათესავებმა DW-ს აცნობეს, ოჯახის ადვოკატები ბოლო მომენტში დეპორტაციისთვის ხელის შესვლას წარუმატებლად ცდილობდნენ. თვითმფრინავი ბერლინიდან თბილისის მიმართულებით 15:35-ზე, საათნახევრიანი დაგვიანებით გაფრინდა.
ბრანდენბურგის ფედერალური მიწის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა DW-ს მოთხოვნების საპასუხოდ თბილისში დეპორტაციაზე კომენტარი ვერ გააკეთა და განაცხადა, რომ პასუხის მოსამზადებლად მინიმუმ ერთი სამუშაო დღე სჭირდებოდათ.
გფრ-ის შსს: საქართველოში 48 ადამიანი გამოაძევეს
პარასკევს, 24 ოქტომბერს, ბერლინში გამართულ სამთავრობო პრესკონფერენციაზე, გფრ-ის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, სონია კოკმა (Sonja Kock), DW-ს კითხვის საპასუხოდ, თბილისის მიმართულებით ჩარტერული რეისის შესრულების ფაქტი დაადასტურა, თუმცა ვერ დააკონკრეტა, ვინ შეუკვეთა და გადაიხადა ჩარტერის საფასური. მისი თქმით, თვითმფრინავის ბორტზე გერმანიიდან გასაძევებელი 48 პირი იმყოფებოდა. მან განაცხადა, რომ თბილისის ჩარტერულ რეისზე მყოფი ცალკეული მგზავრების ვინაობაზე კომენტარს ვერ გააკეთებდა.
გფრ-ის შსს-ს წარმომადგენლის თქმით, მმართველი კოალიციის ფორმირების შესახებ შეთანხმება დეპორტაციების რაოდენობის გაზრდის შესახებ პუნქტს შეიცავს. მისი მიზანია ქვეყნის დატოვების შესახებ მითითებების თანმიმდევრულად განხორციელება.
"დეპორტაციების ორგანიზებაზე პასუხისმგებლობა ფედერალურ მიწებს ეკისრებათ. ფედერალური მთავრობა მათ ამაში უკიდურესად ინტენსიურად უჭერს მხარს. დეპორტაციების რაოდენობა ბოლო დროს მნიშვნელოვნად გაიზარდა. ეს ჩვენი პირველი წარმატებაა", - თქვა სონია კოკმა.
სკანდალური მკვლელობა ბერლინში
ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინის ცენტრში 2019 წლის 23 აგვისტოს ჩაცხრილეს. მანამდე რუსეთის ხელისუფლება ტერორიზმის ბრალდებით ხანგოშვილის დეპორტაციას წარუმატებლად ცდილობდა. შეკვეთილი მკვლელობის ბრალდებით ბერლინის სასამართლომ რუსეთის მოქალაქე ვადიმ კრასიკოვს უვადო პატიმრობა მიუსაჯა. ეს გახმაურებული მკვლელობა დიპლომატიური სკანდალისა და რუსეთ-გერმანიის ურთიერთობების სერიოზული გაუარესების მიზეზი გახდა. გერმანიის გენერალური პროკურატურის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მკვლელობა რუსეთის სახელმწიფოს დაკვეთით შესრულდა.
თუმცა, 2024 წლის აგვისტოში კრასიკოვი, რუსული სპეცსამსახურების სხვა მხილებულ თანამშრომლებთან ერთად, რუს პოლიტპატიმრებსა და The Wall Street Journal-ის ჟურნალისტ ევან გერშკოვიჩზე გაცვალეს. მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში ვადიმ კრასიკოვს პირადად რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დახვდა.