ავტორი:

"ადრე დავქვრივდი და 3 წლის ბავშვით მარტო დავრჩი... გულიდან არ ამოდის ქართველი ბიჭი, ომის დროს ზღვის პირას რომ დავკრძალე" - დევნილი აზა ჩილაჩავას მძიმე გზა და პროტესტი

"ადრე დავქვრივდი და 3 წლის ბავშვით მარტო დავრჩი... გულიდან არ ამოდის ქართველი ბიჭი, ომის დროს ზღვის პირას რომ დავკრძალე" - დევნილი აზა ჩილაჩავას მძიმე გზა და პროტესტი

დევნილი ქალი აფხაზეთიდან, 71 წლის აზა (მადლენა) ჩილაჩავა, მიმდინარე უწყვეტი პროტესტის აქტიური მონაწილეა. რამდენიმე დღის წინ აქციაზე სახის დაფარვის გამო, სამართალდამრღვევად ცნეს, თუმცა მის მიმართ შსს-მ სიტყვიერი შენიშვნის მიცემა მოითხოვა, რაც მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა დააკმაყოფილა.

AMBEBI.G-მ აზა ჩილაჩავასთან ინტერვიუ მის განვლილ ცხოვრებაზე ჩაწერა.

"ბევრი წლის წინ ზოოვეტერინარული დავამთავრე... საერთოდ უმძიმესი ცხოვრება მაქვს გავლილი. ადრე დავქვრივდი და 3 წლის ბავშვით დავრჩი. მერე კაციც ვიყავი და ქალიც" - გვიყვება აზა ჩილაჩავა, რომელიც გაგრაში დაიბადა, სადაც 39 წელი იცხოვრა.

- გაგრას რომ იღებდნენ, უმძიმესი ამბები ხდებოდა იქ, ქართველებს უმოწყალოდ ხოცავდნენ. ხალხი გარბოდა და მეც იძულებული გავხდი, პატარა ბავშვით და მოხუცი დედით იქიდან გავქცეულიყავი, მაგრამ საზღვარზე გადმოსვლა ვერ მოვასწარი, ჩაკეტილი ჰქონდათ. უკან მიბრუნება მომიწია. ტყვიების წვიმაში მივდიოდით. ვიღაცები მიყვიროდნენ, - გამოდით, სად დადიხართ, რას სჩადიხართ, ვერ გადარჩებით, - გარშემო გვამები ეყარა... მერე ერთ-ერთ სახლში შეგვიყვანეს და შეგვიფარეს. იმ ღამეს იქ დავრჩით. რადგან ვერსად მივდიოდით, მეორე დღეს სახლში წავიდეთ-მეთქი, - ვთქვი. იქ, სადაც ვიყავით, უცნობი ოჯახი იყო, იმ ქალის სახელი მახსოვს, ნარგიზა ერქვა... თუ შემთხვევით ამას წაიკითხავს, იქნებ საკუთარი თავი შეიცნოს... ჩემი გოგოს ტოლი პატარა ბიჭი ჰყავდა. ჩემი შვილი მაშინ 7 წლის იყო. ნარგიზას ის ერთი ბიჭი და რუსი ქმარი ჰყავდა. მე კამოს ქუჩაზე ვცხოვრობდი, ისინი ქალაქის ცენტრში... იმ ტყვიების წვიმაში არ ვიცი, როგორ გადავრჩით, - ღმერთმა გადაგვარჩინა.

- სახლში დაბრუნება შეძელით?

- მეუღლე ომამდე, 1987 წელს დაიღუპა, მამაც გარდაცვლილი მყავდა, სახლში მეომარი და მამაკაცი არავინ იყო, ამიტომ, ვიფიქრე, ქალებს ალბათ არაფერს დაგვიშვებენ. დავბრუნდები და ჩემს ძირ ოჯახში მივალ-მეთქი. ჩემი სახლი კი მეფრინველეობის ფაბრიკასთან იყო, - ზღვის პირას... სახლისკენ რომ წავედით, ჩემი სომეხი ამხანაგი გოგო შემხვდა და გზა ერთად გავაგრძელეთ. კოლხიდის ხიდს რომ მივუახლოვდით, შორიდან დავინახეთ, რომ ხიდზე მეომრები იდგნენ. იმ გოგომ მითხრა, - აზა, რაღაც რომ მოხდეს, ვთქვათ, შენ და დედასთან ერთად დაგხვრიტეს, მანანას (ჩემ შვილზე მითხრა) მოვკიდებ ხელს და ვიტყვი, რომ ჩემი შვილია და გქონდეს იმედი, რომ მე გავზრდიო. როგორია, ამის მოსმენა?! ახლაც რომ ვიხსენებ, საშინლად განვიცდი... როგორაც კამოს ქუჩაზე ჩემი ძირი ოჯახისკენ ამოვედით, და საშინელი სურათი დაგვხვდა - ქართველების არც ერთი სახლი აღარ იდგა. ყველა გადამწვარი იყო და არაფერი ჩანდა, ნაცარ-ტუტად იყო იქაურობა ქცეული.

აღარც ჩვენი სახლი დაგვხვდა. იქიდან ჩემი ბინისკენ წავედით. გზაში არავინ შეგვხვედრია, მაგრამ გულს მიკლავდა ის, რომ გარშემო დახოცილი ადამიანები უპატრონოდ ეყარა... სახლში რომ შევედით, ბოევიკები დამხვდნენ. რომ დაგვინახეს, ვინ ხართო? - ამ ბინის პატრონები-მეთქი. მერე რუსულად მითხრა - მოშორდით აქედან თქვენს საქართველოში. როდის გახდა ეს ბინა თქვენი?! რაც გაგვაჩნდა, ფული, ოქრო თუ ძვირფასი ნივთები, ყველაფერი წაგვართვეს და წავიდნენ. წინააღმდეგობა რომ გაგვეწია, იქვე დაგვხვრეტდნენ... მერე ჩვენთან აფხაზი მეზობელი ქალი მოვიდა და მითხრა - კი გაატანე, რაც გქონდა, მაგრამ შეიძლება კიდევ სხვა ბოევიკი მოვიდეს, ვერ დაუმტკიცებ, რომ აღარაფერი გაქვს და მოგკლავენო. უმჯობესია, წახვიდეთ, თავს უშველოთო.

- ქალბატონო აზა, თქვენზე სოციალურ ქსელში ასეთი რამ წავიკითხე, აფხაზეთში ქართველი გარდაცვლილი ჯარისკაცი ჰყავს დამარხულიო...

- კი, ჩემს ბინასთან იყო ახლოს მიცვალებული. ერთი სომეხი მეზობელი ბიჭი მოვიდა და მითხრა, - აზა, წამოდი, მომეხმარე, ქართველია და დავმარხოთო. მეზობელი სომეხი კი იყო, მაგრამ მაინც ეშინოდა, რომ ენახათ, იმ მიცვალებულს მასაც დააკლავდნენ. გარდაცვლილს მარცხენა ხელზე ინიციალები ჰქონდა - გ. ს... ის საწყალი დავმარხეთ. ოდესმე დაბრუნება თუ იქნება გაგრაში და მე ცოცხალი ვიქნები, მის საფლავს ყოველთვის ვუპატრონებ. ის ჩემი გულიდან ვერ ამოდის, ვერ ვივიწყებ. ზღვის პირას დავკრძალეთ ისევე როგორც იყო, რადგან არაფერი მქონდა, რომ იმაში მაინც გაგვეხვია. სწრაფად და შიშით ვმოქმედებდით. ბოევიკებს რომ ვენახეთ, ორივეს დაგვხვრეტდნენ. გაგრაში ქართველების ოჯახი არ დაუტოვებიათ, სულ გაანადგურეს. მერე ქართველებს მოაგროვებინეს მიცვალებულთა გვამები - მათ შორის იყვნენ ჯარისკაცები, მოსახლეობა. ერთ ადგილას ტრაქტორით დიდი ორმო ამოთხარეს და ყველა იქ ჩაყარეს. ის ქართველები კი, ვისაც ის გვამები მოაგროვებინეს, დახოცეს.

- მართლა რა მძიმე ამბები გაქვთ გადატანილი... საბოლოოდ როგორ გამოაღწიეთ იქიდან?

- და მყავდა ბიჭვინთაში და იქ წავედით, მაგრამ არც იქ გაგვაჩერეს. ჩემი და თავის მულთან მივიდა, რომელსაც კარის მეზობელი აფხაზი ჰყავდა. იმ აფხაზმა ემამ, რომელიც ჩვენს გადარჩენაზე ზრუნავდა, გვითხრა, - თავს უნდა უშველო, თორემ მეც გამამწარებენო... უმჯობესია, საზღვარზე გაგაცილოთ და აქედან გაგიყვანოთ. იქ კი უკვე თავს მიხედავთო. სექტემბერი კი იყო, მაგრამ უკვე ციოდა და შეგვფუთა. გვითხრა, რომ ვითომ აფხაზები ხართ, საზღვარზე რომ მივალთ, აფხაზურად დაგელაპარაკები და შენ მხოლოდ თავი მიქნიეო. საზღვარზე რომ მივედით, როგორც გამაფრთხილა, ისე ვიქცეოდი, აფხაზურად მელაპარაკებოდა და თავს ვუქნევდი. იქაურობა რომ დავტოვეთ, მერე გემით ბათუმში გავემგზავრეთ. ბათუმიდან წყალტუბოში ჩავედით.

- როგორც დევნილი დაგაბინავეს?

- რაღაც სანატორიუმის შენობაში ვიყავით, სადაც გაუსაძლისი მდგომარეობა იყო - არც წყალი, არც შუქი და არც საჭმელი... ბავშვი და მოხუცი დედა უნდა გადამერჩინა და გამომეკვება, ამიტომ 50-კილოგრამიანი შაქრის ტომრების თრევა დავიწყე. 39 წლის ახალგაზრდა ქალს იმ ტომრების თრევა არ მეუხერხულებოდა, - მეოთხე სართულზე ამქონდა. მეზობლები, რომლებიც ასევე დევნილები იყვნენ, მაგრამ ყველა სხვადასხვა რაიონიდან თუ სოფლიდან იყო, ერთმანეთს არ ვიცნობდით და მომაძახებდნენ ხოლმე, - კაცი არ გყავს ოჯახში, რომ ასეთი მძიმე ტომრები არ ათრიოო?!. ჰიგიენა დასაცავი იყო, წყალი ხომ ჭირდა, ამიტომ კილომეტრებიდან მომქონდა, თან რიგში ვიდექი და ისე ვიღებდი. სარეცხი იქვე მიგვქონდა და ვრეცხავდით... რა არ მაქვს გამოვლილი... მერე თბილისში რომ გადმოვედით, სადაც ახლაც ვცხოვრობ, ეს ბინა 100 დოლარად ვიყიდე, ჩემთვის არავის მოუცია. ტომრებს რომ ვათრევდი, პატარა თანხა ასე მოვაგროვე და იმ დანაზოგით შევიძინე. ბინას ვამბობ, თორემ, პატარა ოთახია ძველი ტურბაზის შენობაში. სანამ აქ შემოვიდოდი, ფრინველები ჰყავდათ. საცხოვრებელი არც არის, მაგრამ წლებია აქ ვარ. მერე თურქეთში წავედი, 11 წელი იქ ემიგრაციაში ვიყავი და ვმუშაობდი.

- შვილზე რას გვეტყვით?

- 27 წლის იყო ჩემი გოგო, რომ მითხრა, - დედა, მასწავლიო?! როგორ არ გასწავლი-მეთქი. ყოველთვის უნდოდა, უმაღლეს სასწავლებელში ჩაებარებინა, მაგრამ ამის საშუალება არ მქონდა. მოკლედ, გამოცდებამდე 6 თვე მოემზადა, ჩააბარა და 10 წლის წინ სკოლადამთავრებულმა 30%-იანი გრანტიც აიღო. ისწავლა. იმ დღეს ერთ-ერთი ტელევიზია იყო მოსული ჩემთან. ჯგუფს „ოცნების“ მხარდამჭერი მეზობელი გადაუდგა და უთხრა - კარგად ნახეთ ერთი, ვინ არის ღარიბი, მე თუ ეგო?! თუ ღარიბი არ ვარ, არც მდიდარი ვარ. ხომ გეუბნებით, ემიგრაციაში 11 არც ისე მარტივი წელი გავატარე. ჩემი შვილი უკვე დიდია, 40 წლის არის. ბოლოს იძულებული გახდა, მოხუცი დედა აქ დავეტოვებინე და ემიგრაციაში, სამუშაოდ წასულიყო. იტალიაშია. ცოტა ხანს წავალ, ვიმუშავებ და დავბრუნდებიო. კიდევ კარგი, ფეხზე ვდგავარ, თორემ ვერ მიმატოვებდა და ვიქნებოდით ორივე მშიერი. იქ ბავშვს უვლის. აქ რომ იყო, ვერაფერს გახდა და ვალი ვალზე ედებოდა. შვილი იქაა და მე აქ ვიბრძვი...

შვილთან ერთად

- დედათქვენი როდის გარდაიცვალა?

- დედაჩემს გულით უნდოდა, რომ ბინა მიეღო. ვერ მიიღო და რომ გარდაიცვალა, ადგილი არ მქონდა, რომ დამესვენებინა. არ იყო დედა ერთი ნორმალური ოთახის ღირსი?! ნატრულობდა, რომ ჩემთვის ბინა დაეტოვებინა და ისე წასულიყო. ამ ნატვრაში ამოხდა სული... ახალი გარდაცვლილია, - თბილისში დავასაფლავეთ... მას ბინა ხომ არ აღირსეს და ახლა არც მე მაღირსებენ... 71 წლის ვარ და ერთჯერადი დახმარება არავის მოუცია. არც დენის, არც გაზის შეღავათი მქონია. თუკი რამ მაქვს, ხომ ვამბობ, ჩემი შრომით და ემიგრაციაში ყოფნის შედეგია. ადამიანი კუდს ვერ მოიქნევს, ისეთი პატარა ოთახია.

ფოტო "მაუწყებელი"

- აქციაზე ყოველ დღე დადიხართ?

- არ დაიჯერებთ, მაგრამ ყოველდღე დავდივარ. ფეხი მტკიოდა და საზმაუდან მაინც მოვდიოდი ხოლმე. ახალგაზრდებმა ჩემ მიმართ დიდი სითბო, სიყვარული გამოიჩინეს. ფეხზე უკვე მყარად ვდგავარ და აქციაზე სულ მივდივარ. ვერ გავჩერდები. შარშან როგორც კი დაიწყო აქციაზე მყოფი ადამიანების დარბევა, იქ ახალგაზრდებთან ერთად, ღამეებს ვათენებდი - მათ გვერდით ვიყავი. ახალგაზრდებს ძალიან ვუყვარვარ და ვახსოვარ. მიუხედავად ჩემი ასაკისა, სტუდენტების გვერდით, პარლამენტის წინ 4 ღამე მაქვს გათენებული. არ მინდა რუსული კანონი და ამიტომ ვიბრძვი. ამ ქვეყანას რუსებს ვერ დავუთმობ.

- იმ დღეს გაფრთხილება მოგცეს...

- ნუ ასრულებთ უკანონო დავალებებს-მეთქი, - პოლიციელებს ვუთხარი. გადადით ტროტუარზე, თორემ კანონით ვიმოქმედებთ, დაისჯებითო. რომელ კანონზე მელაპარაკებით, თვითონ რომ აქვთ მორგებული-მეთქი?!. გაგრაში გენოციდი მოაწყვეს და დღეს მთავრობა მეუბნება, რუსეთს ბოდიში მოვუხადოთო... არასდროს გავხდები რუსეთის მხარეს მდგომი. რუსი ჩემი და ქართველების მტერია. არ მინდა რუსეთი და გარუსება. ამ ოქროს ახალგაზრდა თაობის იმედი მაქვს. მოდის უშიშარი და მტკიცე ახალგაზრდობა, რომლებიც ურყევად დგანან, არაფრის ეშინიათ. გაოგნებული ვარ ამ ადამიანებით. იმედს მხოლოდ ეგენი მაძლევენ!