ავტორი:

"ვერაფრით ვიფიქრებდი, რომ მიკროფონს მომცემდა... როცა ეს მოხდა, მივხვდი, ჩემი ქვეყნის ადვოკატად უნდა ვქცეულიყავი"  -  ვინ არის მასწავლებელი თბილისიდან, რომელიც კეტი პერის კონცერტზე საქართველოს ხმად იქცა?

"ვერაფრით ვიფიქრებდი, რომ მიკროფონს მომცემდა... როცა ეს მოხდა, მივხვდი, ჩემი ქვეყნის ადვოკატად უნდა ვქცეულიყავი"  -  ვინ არის მასწავლებელი თბილისიდან, რომელიც კეტი პერის კონცერტზე საქართველოს ხმად იქცა?

ამერიკელი პოპ-ვარსკვლავის, კეტი პერის, "The Lifetimes Tour"-ის ბერლინის კონცერტი ქართველი გულშემატკივრისთვის და მთელი საქართველოსთვის ისტორიული მნიშვნელობის აღმოჩნდა. 22 წლის გიორგი ბრეგვაძემ - ინგლისურის მასწავლებელმა თბილისიდან - წინა რიგებში დგომის ბავშვობის ოცნება არა მხოლოდ აიხდინა, არამედ ეს შანსი მსოფლიოსთვის საქართველოს აქტუალური პოლიტიკური საკითხების გასახმაურებლად გამოიყენა.

გიორგიმ მომღერალს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების, ქვეყნის ევროპული მისწრაფებისა და საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების შესახებ ამცნო, რის შემდეგაც ქეთი პერიმ სცენიდან მთელი მსოფლიოს გასაგონად განაცხადა: "საქართველო, ჩვენ შენ გვერდით ვდგავართ! ჯერ კიდევ გვჯერა დემოკრატიის.“

ჩვენ ვესაუბრეთ გიორგი ბრეგვაძეს, რომელიც ცოტა ხნის წინ დაბრუნდა საქართველოში.

- გიორგი, როგორ აღმოჩნდით ქეთი პერის კონცერტზე? დიდი ხნის ფანი ხართ?

- თბილისში ვცხოვრობ, ვმუშაობ, ინგლისურის მასწავლებელი ვარ. უკვე ექვსი წელია რაც ემიგრანტებთან ვმუშაობ. ცხრა თვის განმავლობაში ვაგროვებდი ფულს, რომ ამ კონცერტზე წავსულიყავი და წინა რიგებში დავმდგარიყავი, ამით, ჩემი ბავშვობის ოცნება ამეხდინა, მენახა ქეთი პერი.

ბავშვობიდან მისი ფანი ვარ. მეოთხე კლასში რომ ვიყავი, სკოლაში მასზე გავაკეთე პრეზენტაცია და მახსოვს, ბავშვებმა ულვაშები რომ მიახატეს, ძალიან მეწყინა. ისე არ დავიძინებდი მისი კლიპები რომ არ მენახა. ჩემთვის ღმერთთან შეხვედრასავით იყო.

- როგორ შეძელით ქეთი პერის ყურადღების მიპყრობა და როგორ მოგცათ მან მიკროფონი?

- დაგეგმილი არ მქონია, მაგრამ მისი იმდენად "სტაჟიანი“ გულშემატკივარი ვარ, რომ ვიცოდი ორი ბილეთი უნდა მეყიდა, რომ ახლოს ვმდგარიყავი მასთან. ასევე ვიცოდი, რომ ინტერაქცია ჰქონდა ფანებთან, რომლებსაც ეცვათ განსაკუთრებული ჩაცმულობა. შესაბამისად, ხელით ავაწყე ეს ჩაცმულობა, რომელიც ახლოს იყო მის სიმღერასთან "peacock" ("ფარშევანგი"). ფარშევანგის ფორმაში ჩაცმული მივედი კონცერტზე, რომ მარტივად თვალში საცემი ვყოფილიყავი. ამავე დროს ვიდექი წინა რიგებში და მეკავა პლაკატი, სადაც ეწერა, "მხოლოდ იმიტომ მოვედი, რომ ჩაგხუტებოდი". ეს რომ დაინახა ქეთიმ, მითხრა, თუ ჩახუტება გინდა, მოვალ და ჩაგეხუტებიო, ამით დაიწყო ყველაფერი.

გარდა ამისა, ვიცოდი, რომ ერთ-ერთი სიმღერის "last friday night" პერფორმანსის დროს, ერთ-ერთ გულშემატკივარს ართმევდა ტელეფონს და ამით იღებდა. სწორედ იმ ადგილას დავდექი, სადაც ვიცოდი, რომ ფანს ტელეფონს გამოართმევდა. სწორედ მე ვიყავი ის ბიჭი, ვისაც იმ ღამით ტელეფონი გამოართვა.

დაგეგმილი არ მქონდა რომ საქართველოზე ვილაპარაკებდი, ვერაფრით ვიფიქრებდი, რომ მიკროფონს მომცემდა. ერთადერთი, მინდოდა შევემჩნიე. შემდეგ რადგან მომეცა იმის შესაძლებლობა, რომ მკითხა, საიდან ვიყავი, ჩემში ნაპერწკალი აინთო და უშრეტი მდინარესავით ვიყავი. მომინდა, რომ მელაპარაკა და აღარ გავჩუმებულიყავი.

- როცა თქვით, რომ ციხეში იყავით მშვიდობიანი პროტესტის გამო, რა კონკრეტულ ამბავს გულისხმობდით?

- შარშან 7 დეკემბერს დამიჭირეს, მშვიდობიანი პროტესტის დროს. ფერადი ქურთუკი მეცვა და ამან მიიქცია ყურადღება. მოულოდნელად ოთხი სპეცრაზმელი მეცა, გამიტაცეს, მირტყეს. მადლობა ღმერთს, რომ იმ ღამით სათვალე არ მეკეთა და ლინზებით ვიყავი, რადგან ისე დამარტყეს თვალში, რომ ლინზა ამომივარდა. ძგიდის ოპერაცია, რომელიც იქამდე გავიკეთე, ხელახლა მაქვს გასაკეთებელი, სპეცრაზმის მიერ ჩემი ცემის შემდეგ.

ეს დაკავება მედიამ გადაიღო და სისხლის სამართლით ვერ მომედავნენ. სასამართლო მოვიგე.

- რას გრძნობდით იმ წუთებში, როდესაც ამ მნიშვნელოვან სიტყვებს ამბობდით უზარმაზარი აუდიტორიის წინაშე?

- ამ დროს ჩემი გული ისე სცემდა, თითქოს 15 ცალი ენერგეტიკული სასმელი მქონდა დალეული. არადა ყავასაც ვერ ვსვამ, იმიტომ, რომ ვერ ვიტან კოფეინს. ჩემი ბავშვობის კუმირს თვალებში ვუყურებდი და ვსაუბრობდი იმას, რაც იმ წუთას პირზე მადგებოდა. მივხვდი, ჩემი ქვეყნის ადვოკატად უნდა ვქცეულიყავი. ყველას არ აქვს საშუალება წავიდეს ბერლინში ქეთი პერის კონცერტზე, ის რომ მე მოვახერხე და ეს ადამიანი მაძლევს მიკროფონს, შემიძლია ჩემი ქვეყნის სასიკეთოდ გამოვიყენო, იმიტომ, რომ სინდისის პატიმრები კიდევ ციხეში არიან. ჩემი თანატოლები, რომელთა დაკავებაც მედიას არ გადაუღია, უსაფუძვლოდ ციხეში სხედან. ერთადერთი რისი გაკეთებაც ამ დროს შემიძლია, არის ის, რომ ავამაღლო ცნობიერება და 25 ათას ადამიანს გავაგებინო, რომ ჩვენ ვართ ევროპა, იმ ადამიანების ხმა, რომლებიც ყოველდღიურად ვაპროტესტებთ, ყველგან უნდა ისმოდეს.

- რა იყო თქვენი პირველი რეაქცია, როდესაც ქეთი პერიმ თქვა: "საქართველო, ჩვენ შენ გვერდით ვდგავართ! ჯერ კიდევ გვჯერა დემოკრატიის“?

- ზუსტად მაგ სიტყვების შემდეგ გავიაზრე, რომ კუმირი სწორად ავირჩიე. ხშირად, როდესაც შენს კერპს ხვდები, რომელსაც დიდი გავლენა აქვს შენზე, ეს არქეტიპი იმსხვრევა. ჩემს შემთხვევაში, პირიქით მოხდა. ქეთი პერი იმიტომ მიყვარს, რომ მისი კლიპები ფერადია, ტექსტები მამოტივირებელი. ყოველთვის ამბობს, რომ უნდა იყო გვირილა სარეველა ბალახში, ფეიერვერკი, რომელიც ღამეს გაანათებს. ეს ვნახე ლაივში და ადამიანი, რომელსაც მაკიაჟი აქვს და პოპვარსკვლავის "ლუქშია“, ზუსტად ისეთი ადამიანია, როგორიც მე ვარ. როგორც ნიკო ლორთქიფანიძე იტყოდა "ადამიანი ადამიანია, არც მეტი, არც ნაკლები", ამ ყველაფრის შემდეგ მგონია, რომ ჩემში არსებული შინაგანი ბავშვი არამარტო ბედნიერია და სალტოებს აკეთებს, არამედ შალახოს ცეკვავს სიხარულისგან.

- როგორ ფიქრობთ, რა გავლენა შეიძლება მოახდინოს თქვენი გზავნილის ამგვარად გახმაურებამ (და ქეთი პერის მხარდაჭერამ) საქართველოს საერთაშორისო იმიჯზე?

- ჯერ იყო სიტყვა და სიტყვას აქვს ძალიან დიდი ძალა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ელიტის წარმომადგენლები დიდი ნაწილი იყო საერთაშორისო პროექტებზე, არ გაეკეთებინათ განაცხადი. არასოდეს ჰქონიათ სურვილი, რომ საქართველოს რეპრეზენტაცია გაეკეთებინათ. ვერ გვიშველის მეხანძრის მეტაფორა, რომელიც ცეცხლს ჩააქრობს, ვერც თეთრი მანდილი, რომელიც პერფორმანსის უბრალო ატრიბუტია, მნიშვნელოვანია ვიქცეთ ხმად… ქეთის აქვს ასეთი ტექსტი, იყავი ფეიერვერკი და გაანათე ღამე... სამას დღეზე მეტია, რაც დავიწყეთ ქართველებმა უწყვეტი პროტესტი, ციხეშიც ვისხედით, ბევრი ჯარიმაც გადავიხადეთ, გვემუქრებიან, ისევ გვიჭერენ, სამსახურებიდან გათავისუფლებას გვიპირებენ და მიუხედავად იმისა, მაინც ვაგრძელებთ ბრძოლას.

ჩემი ოცნების ახდენამ მომცა იმის შესაძლებლობა, რომ დავისახო ახალი ოცნება, რომ ჩემი ცხოვრების მიზანი გავაკეთო ყველაფერი დამოუკიდებელი საქართველოს შესაქმნელად, მოვიყვანო სისრულეში. თუ ადამიანი, რომელსაც ბავშვობიდან ვაღმერთებ, მეუბნება, რომ საქართველოს გვერდით დგას, არ მაქვს იმისი უფლება, რომ დავნებდე და ვთქვა დავიღალე...

იხილეთ ასევე: