ყველაზე საინტერესო, მრავალფეროვანი და პერსპექტიული პროგრამის სტუდენტი - სწორედ ასე ახასიათებს საკუთარ პროფესიას ანა კვირკვია, რომელიც აგრარულ უნივერსიტეტში სასურსათო ტექნოლოგიებზე სწავლობს. როგორც თავად გვიყვება, აღნიშნულ პროგრამაზე ჩაბარება სპონტანური გადაწყვეტილება იყო, რადგან მრავალფეროვანი ინტერესები ჰქონდა და არჩევანს ბოლო დღემდე ცვლიდა.
ანას გადაწყვეტილებამ გაამართლა და დღეს პროგრამის ერთ-ერთი წარმატებული სტუდენტია. ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ის „ნიკორა ჯგუფის“ სტიპენდიატი გახდა. შეგახსენებთ, რომ „ნიკორა ჯგუფი“ აგრძელებს სტუდენტების მხარდაჭერასა და მომავალი სპეციალისტების მოტივირებაზე ზრუნვას. სწორედ ამ მიზნით აგრარული უნივერსიტეტის სასურსათო ტექნოლოგიების წარმატებულ სტუდენტებს ყოველსემესტრულად უნიშნავს სახელობით სტიპენდიას. მიმდინარე წელს ერთ-ერთი მათგანი გახლავთ ანა კვირკვია, რომლისაც სტიპენდიამ აგრძნობინა, რომ მისი შრომა ფასდება.
ანა, რატომ და როგორ შეარჩიეთ თქვენი უნივერსიტეტი და კონკრეტული სასწავლო პროგრამა?
ჩემი ამ პროგრამაზე ჩაბარება სპონტანური გადაწყვეტილება იყო, რადგან ბავშვობიდან მოყოლებული მრავალი ინტერესი მქონდა და არჩევანს ბოლო დღემდე ვცვლიდი. საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ ყველაზე საინტერესო, მრავალფეროვანი და პერსპექტიული პროგრამა ამერჩია. ეს კი ჩემთვის სურსათის ტექნოლოგია აღმოჩნდა. თან სკოლაში დაინტერესებული ვიყავი საბუნებისმეტყველო საგნებით. ამ მიმართულებაზე დიდი ყურადღება სწორედ ქიმიას, ბიოლოგიასა და ფიზიკას ეთმობოდა. აღსანიშნავია ისიც, რომ გავიზარდე ოჯახში, რომელშიც ჯანსაღი ცხოვრების წესი და კვება პრიორიტეტია. შესაბამისად, ვიფიქრე, რომ ეს ფაკულტეტი ჩემს ღირებულებებში ჯდებოდა.

თქვენთვის რა არის მთავარი მოტივაცია, რომ ისწავლოთ?
დიდ მოტივაციას მაძლევს იმის გააზრება, რომ ძალიან პერსპექტიულ, მოთხოვნად პროფესიას შევისწავლი. მინდა, წარმატებული და დაფასებული კვების ტექნოლოგი გამოვიდე. გარდა ამისა, დიდ მოტივაციას მაძლევენ ჩემი ოჯახის წევრები და ახლო მეგობრები, რომლებიც მუდამ მხარს მიმაგრებენ ყველაზე დამღლელ დღეებში. ძალიან მოულოდნელი და ამავდროულად, სასიხარულო აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ „ნიკორა ჯგუფის“ სტიპენდიატი გავხდი. ამან ჩემი მოტივაცია კიდევ უფრო გაზარდა. სტიპენდიის დამსახურებით პირველად ვიგრძენი ცხოვრებაში, რომ შრომა მართლაც ფასდება და შესაბამისად, დიდი სტიმული მომეცა, რომ მეტი ყურადღებით მოვეკიდო სწავლას.
რას გვეტყვით უშუალოდ სწავლის პროცესზე, რა გამოწვევების წინაშე დადექით კვების ტექნოლოგიების შესწავლის დროს?
ყველაზე დიდი გამოწვევა ჩვენი უნივერსიტეტის სწავლის “რიტმში” ჩაჯდომა იყო, რაც პირველ კურსზე შეუძლებელი მეჩვენა. ახლა რომ ვუფიქრდები, თავდაჯერებულობა მაკლდა და ადვილად ვნებდებოდი ცუდი შედეგების მიღებისას. სწორედ ამაში იყო ჩემი პრობლემა. გასულ სემესტრშიც გამიჭირდა ტექნოლოგიური საგნის ათვისება, მაგრამ ამჯერად არ დავნებდი, ორმაგი დრო დავუთმე და კარგი შედეგიც მივიღე. სწორედ ამის შემდეგად გავხდი სტიპენდიატიც.
რომელ საგანს გამოარჩევდით, როგორც ყველაზე საინტერესოს?
ბევრი დამეთანხმება, რომ ჩვენ პროგრამაზე ყველაზე საინტერესოა საბუნებისმეტყველო საგნებია. ეს დიდწილად ლაბორატორიების დამსახურებაა. თეორიაში ნასწავლის პრაქტიკაში ხილვა, იქნება ეს სურსათის მიკრობიოლოგია, ორგანული ქიმია ან სხვა, მართლაც მომხიბლავია. ასევე ჩემზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა საინჟინრო გრაფიკამ, რადგან ხაზვა თანხვედრაში იყო ჰობისთან, ხატვასთან. მნიშვნელოვანი უნარები ავითვისე და თან ძალიან ვისიამოვნე.

როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია კვების ტექნოლოგია თანამედროვე სამყაროში? თქვენი წარმოდგენით, როგორია ინდუსტრიის მომავალი საქართველოში და გლობალურად?
კვების ტექნოლოგია მრავალმხრივი და უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. თანამედროვე სამყაროში, სადღაც არასტაბილური ეკონომიკაა, სადღაც ომია, სადღაც სიმშვიდეა, მაგრამ ნებისმიერ გარემოში მცხოვრები ადამიანისთვის სურსათი უმნიშვნელოვანესია. სასურსათო უსაფრთხოება უზრუნველყოფს, რომ ყველას სტაბილურად ჰქონდეს წვდომა უსაფრთხო პროდუქციაზე. ინდუსტრიის მნიშვნელობა უფრო და უფრო იმატებს, რადგან მსოფლიოს პოპულაცია იზრდება, არის გეოპოლიტიკური დაძაბულობები და მნიშვნელოვანია, რომ ამ მოვლენებს სურსათის ინდუსტრიის რყევები არ მოჰყვეს. ამას კი თავისთავად მეტი სამუშაო ძალა ჭირდება.
სწავლისა და თქვენი პროფესიის პარალელურად, როგორია თქვენი ცხოვრება? რა არის თქვენი ინტერესები და ჰობი?
13 წელია ვსწავლობ ოპერას და მას ფაქტობრივად მეორე პროფესიად ვთვლი. თუ შესაძლებლობა მექნება, მინდა, კონსერვატორიაშიც ჩავაბარო. მუსიკალური სკოლა და ჩემი ვოკალის პედაგოგები მეორე ოჯახივით მყავს, რადგან ბავშვობიდან მოყოლებული მუდამ გვერდით მყავდნენ, შრომას და სიყვარულსაც არ იშურებდნენ ჩემთვის. ზოგადად, მუსიკა და ცეკვა ძალიან მეხმარება განტვირთვაში. ამავდროულად, თავდაჯერებულობასაც მმატებს. ასევე მიყვარს ენების სწავლა და მინდა, რაც შეიძლება მეტ ენას დავეუფლო, თუ დრო ამის საშუალებას მომცემს.

როგორ წარმოგიდგენიათ თავი თქვენს პროფესიაში წლების შემდეგ?
მინდა სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები დავამთავრო, ვიყო წარმატებული სპეციალისტი და სამუშაო გამოცდილება მქონდეს სურსათის ტექნოლოგიის სხვადასხვა სფეროში. რაც მთავარია, მინდა კარიერულ წარმატებას საქართველოში მივაღწიო. სურვილი მაქვს დავეუფლო კულინარისაც და რაც შეიძლება მეტი ქვეყნების კერძები გავსინჯო.
რას ურჩევდით აბიტურიენტებს, რომლებიც ფიქრობენ კვების ტექნოლოგიის ფაკულტეტზე ჩაბარებაზე, მაგრამ ჯერ არ იციან, რას ელოდონ?
ვურჩევდი, რომ ჩაბარებამდე აუცილებლად გადახედონ სასწავლო გეგმას და კარგად გაეცნონ, თუ რა საგნების გავლა მოუწევთ. აქ სწავლა მარტივი არაა და დიდ ძალისხმევას მოითხოვს, რადგან სასურსათო ტექნოლოგია ფართო სფეროა და მრავალი პროფესიული საგნის მაღალ დონეზე სწავლას საჭიროებს.
NS