ათასობით მომლოცველი ჩავიდა რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში, რათა მსოფლიოში ყველაზე დიდი მართლმადიდებლური ტაძრის გახსნას დასწრებოდა.
რუმინეთის ეროვნული კათედრალი 15-წლიანი მშენებლობის დასრულების შემდეგ გაიხსნა. ტაძარი 38 ათას კვადრატულ მეტრს ფარავს, 120 მეტრის სიმაღლისაა და 5 ათას ადამიანს იტევს. მას აქვს ექვსი ზარი, მათ შორის, ევროპაში ყველაზე დიდი - 25 ტონის სიმძიმის, რომლის ხმა 15 კილომეტრის მოშორებითაც ისმის.
რუმინეთი ევროკავშირში ერთ-ერთი ყველაზე მორწმუნე ქვეყნად მიიჩნევა, რომლის მოსახლეობის 84.7% ქრისტიანია.
ტაძრის მშენებლობა 2010 წელს დაიწყო. ცნობების მიხედვით მისი აგება 270 მილიონი ევრო დაჯდა, რაც უმეტესად შემოწირულებებით მოგროვდა.
კვირის ლოცვას რუმინეთის პრეზიდენტი ნიკუშორ დენი და პრემიერ-მინისტრი ილიე ბოლოჟანი, ასევე მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე ტაძრის გახსნასთან ერთად, რუმინეთის საპატრიარქოს ავტოკეფალიის 140 წლისთავიც აღინიშნეს.
რუმინეთს ევროკავშირის ქვეყნებს შორის ბიუჯეტის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დეფიციტი აქვს, რის გამოც ტაძრის მშენებლობის ღირებულებამ ხალხში გარკვეული უკმაყოფილება გამოიწვია. პროექტის კრიტიკოსები ამბობენ, რომ შემოწირულებებით მიღებული თანხა შეეძლოთ სკოლების ან საავადმყოფოების აშენებაზე დაეხარჯათ.
საბა ჩიტიაშვილი