"უხერხულობას ქმნის, როცა პრეზიდენტის დედა საჩუქრად იღებს ამ მასშტაბის ქონებას, ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი", - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა პროკურატურის მიერ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კუთვნილი, დიდი ოდენობით ქონების მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და გაფლანგვის ფაქტზე გამოძიების დაწყებას. საქმე ეხება სტუ-ს დავას საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას წინააღმდეგ.
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კუთვნილი, დიდი ოდენობით ქონების მართლსაწინააღმდეგო მითვისების და გაფლანგვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. სტუ-ს რექტორმა საგამოძიებო უწყებას გამოძიების დაწყების განცხადებით, 17 ოქტომბერს მიმართა, სადაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სარგებლობასა და მფლობელობაში არსებული, თბილისში კოსტავას ქუჩა N77-ში მდებარე უძრავი ქონების (მიწის ნაკვეთების, მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობებისა და სპორტული მოედნების) შპს ,,საქართველოს უნივერსიტეტზე“ უკანონო პრივატიზების ფაქტებზე მიუთითებდა.