ბოლო 24 საათია, რაც მსოფლიოს მოდის ეპიცენტრი ლოს-ანჯელესია, სადაც Vogue-ის ყოველწლიურმა გრანდიოზულმა ღონისძიებამ, Vogue World-მა ( ტრიუმფით ჩაიარა. წელს ღონისძიების თემა ჰოლივუდის კინო იყო და კოსტიუმები ამ თემის მიხედვით შეიქმნა.

ეს იყო კინოსა და მოდის სამყაროს დაუვიწყარი სინთეზი, რომლის მთავარი გმირები, მსოფლიო ვარსკვლავებთან ერთად, ქართველი სუპერმოდელები – მატილდა გვარლიანი და ნასტასია ლეგრანი-ბაბლუანი აღმოჩნდნენ.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მატილდა გვარლიანი და ნასტასია ლეგრანი-ბაბლუანი ამ ისტორიულ პროექტში მიიღებდნენ მონაწილეობას, რამდენიმე დღით ადრე გავრცელდა. ეს იყო მათი პირველი გამოსვლა "Vogue World“-ის პოდიუმზე.
ღონისძიება ლოს-ანჯელესის საკულტო ადგილას, Paramount Pictures Studios Lot-ზე გაიმართა, სადაც ლეგენდარული ფილმები – "საუზმე ტიფანისთან“ და "ნათლია“ გადაიღეს. შოუს თემატიკა სწორედ კინემატოგრაფიული მემკვიდრეობის აღნიშვნა იყო, სადაც ცნობილი ფილმების კოსტიუმები თანამედროვე მაღალი მოდის ლუქებს შეერწყა.
შოუ მსახიობმა, ნიკოლ კიდმანმა გახსნა, რამაც საზოგადოება აღაფრთოვანა. პოდიუმზე ასევე ვიხილეთ სუპერმოდელი ქენდალ ჯენერი, რომელმაც ნიკოლ კიდმანის გმირის საკულტო ლუქი წარმოადგინა ფილმიდან "მულენ რუჟი“. ცნობილ მსახიობებთან და მომღერლებთან (მათ შორის Doja Cat და გრეისი აბრამსი) ერთად, პოდიუმზე დომინირებდნენ ტოპ-მოდელები, რომელთა შორისაც ორი ქართველი სახე ბრწყინავდა.

მატილდა გვარლიანის ლუქი 1960-იანი წლების ეპოქას უკავშირდებოდა. მოდელმა მოირგო მოკლე კაბა, რომელიც მწვანე-ყვითელ ფერებში გადაწყვეტილი ყვავილებითა და ოქროსფერი დეტალებით იყო გაფორმებული. ენერგიული და თამამი ლუქი სრულდებოდა ფერადი, ზოლებიანი, მაღალყელიანი ჩექმებით. მატილდას ვარცხნილობა კი ეფექტურად გადმოსცემდა ეპოქის თავისუფალ სტილს.
თავის მხრივ, ნასტასია ლეგრანი-ბაბლუანი სრულიად განსხვავებულ, თეატრალურ ესთეტიკას წარმოადგენდა. მან მოირგო XVIII საუკუნის მოდით შთაგონებული კაბა, რომელიც ღია და მუქ ვარდისფერ ტონალობებში იყო გადაწყვეტილი. ნასტასია ნამდვილი არისტოკრატი ქალბატონის იმიჯით გამოჩნდა, რაც შოუს კინემატოგრაფიულ კონცეფციას განსაკუთრებულ სიღრმეს სძენდა.
"Vogue World“-ის მიზანი მხოლოდ შთამბეჭდავი შოუ არ არის. ღონისძიებას სრულად საქველმოქმედო ხასიათი აქვს – ბილეთებიდან შემოსული მთელი თანხა გადაირიცხა Entertainment Community Fund-ში. ამჯერად, ფონდი ფოკუსირებული იყო ლოს-ანჯელესის ბოლო ხანძრების შედეგად დაზარალებული კოსტიუმების დიზაინერებისა და კინოინდუსტრიის სხვა პროფესიონალების დახმარებაზე.