ავტორი:

სანქტ-პეტერბურგში, "უცხოელ აგენტებად აღიარებული“ მომღერლების სიმღერების შესრულებისთვის ქუჩის მუსიკოსები დააკავეს - "დანოსი" მათზე "დუმის" დეპუტატმა დაწერა

სანქტ-პეტერბურგში, "უცხოელ აგენტებად აღიარებული“ მომღერლების სიმღერების შესრულებისთვის ქუჩის მუსიკოსები დააკავეს - "დანოსი" მათზე "დუმის" დეპუტატმა დაწერა

რუსეთში დააკავეს ქუჩის მუსიკოსები, რომლებიც "უცხოელ აგენტებად აღიარებული“ მომღერლების სიმღერებს ასრულებდნენ.

  • 27 ოქტომბრის საღამოს, სანქტ-პეტერბურგის პოლიციამ ჯგუფ Stoptime-ის გიტარისტი, ალექსანდრე ორლოვი დააკავა.
  • ორლოვის გარდა რამდენიმე დღის წინ დააკავეს ამავე ჯგუფის წამყვანი ვოკალისტი დიანა ლოგინოვა და კიდევ ერთი წევრი. ლოგინოვა წინასწარი დაკავების იზოლატორიდან დღეს უნდა გაეთავისუფლებინათ, თუმცა, როგორც ჩანს, პატიმრობაში დატოვეს.
  • დაკავებულია ჯგუფის მესამე წევრი, დრამერ ვლადისლავ ლეონტიევიც - ისიც წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. თუმცა მოსალოდნელია, რომ სამშაბათს საღამოს გაათავისუფლებენ.
დიანა ლოგინოვა

როგორც რუსული მედია წერს, რადგან “რუსეთში უცხოელ აგენტებად აღიარებული“ მომღერლების სიმღერებს ასრულებდნენ, მათ რუსული არმიის დისკრედიტაცია ედებათ ბრალად.

Stoptime-ის წევრები 15 ოქტომბერს, მას შემდეგ დააკავეს, რაც ქალაქის ცენტრში შეასრულეს Monetochka-ს, Noize MC-ს და Zemfira-ს სიმღერები. ქუჩის კონცერტებს საკმაოდ დიდი აუდიტორია ჰყავდა და სოციალურ ქსელშიც პოპულარულები იყვნენ.

ტელეგრამ-არხმა "როტონდამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მუსიკოსებზე "დანოსი" ვინმე მიხეილ ნიკოლაევმა დაწერა. მოგვიანებით "ფონტანკამ“ დაადგინა, რომ ჯგუფის - "სტოპთაიმის“ წევრებს მინიმუმ კიდევ ერთმა ადამიანმა უჩივლა და ეს იყო "დუმის" პეტერბურგელი დეპუტატი, მმართველი პარტიის წევრი მიხეილ რომანოვი.

მისი თქმით, 14 ოქტომბერს მას კოლეგამ, ანექსირებული ყირიმის დეპუტატმა, აჩვენა ვიდეო, რომელშიც "პეტერბურგის ქუჩაში მოზარდები ცეკვავენ უცხოელი აგენტების სიმღერებზე“.

მან ვიდეოს ნახვის შემდეგ წერილობითი მოთხოვნები გაუგზავნა საგამოძიებო კომიტეტსა და შსს-ს.

შეგახსენებთ, Monetochka-ს, Noize MC-ს და Zemfira-ს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული, თუმცა მათი ნამუშევრების შესრულება კანონით აკრძალული არ არის.

ჯგუფი ასრულებდა ისეთ სიმღერებს, როგორიცაა "Ты солдат" და "Светлая полоса", რაც რუსმა ძალოვნებმა რუსული ჯარის შეურაცხყოფად ჩათვალეს. დიანა ლოგინოვა, რომელიც სასცენო სახელით "ნაოკო“ გამოდის, 18 წლისაა. ის მუსიკის სტუდენტი და ქუჩის მუსიკოსია. როგორც რუსული მედია წერს, დაკავებულებს 13 დღით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

წყარო