ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ჰიუსტონის ყურეში სულ მცირე, 22 ცხედარი იპოვეს - გარდაცვლილთაგან 19 მამაკაცი იყო, სამი - ქალი. ასაკი 29-დან 55 წლამდე მერყეობს.
15 სექტემბერს ჰიუსტონის უნივერსიტეტის 20 წლის სტუდენტის, ჯეიდ მაკკისიკის ცხედარი ნახეს.
ჰიუსტონის პოლიციის ცნობით, წარჩინებული სტუდენტი მეგობრებთან ერთად ადგილობრივ ბარში იმყოფებოდა, შემდეგ კი მარტო წავიდა ბენზინგასამართ სადგურზე.

მოსახლეობა იდუმალებით მოცულ გარდაცვალების შემთხვევებს სერიულ მკვლელს უკავშირებს. ამ კვირაში გამართულ პრესკონფერენციაზე ჰიუსტონის საბჭოს წევრებმა, ლეტიცია პლამერმა და კეროლაინ ევანს-შაბაზმა ეს ვარაუდი უარყვეს და განაცხადეს, რომ სერიული მკვლელის არსებობის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს.
CNN-თან ინტერვიუში სისხლის სამართლისა და შეთქმულების თეორიების ექსპერტები თანხმდებიან, რომ არ არსებობს არანაირი ნიშანი იმისა, რომ სერიული მკვლელი ცხედრებს ჰიუსტონის წყლის არხში ყრიდეს.
"ჩვენ ვერ ვიპოვეთ რაიმე სახის ტიპური ნიმუში, რაც ამ საქმეს სერიულ მკვლელობასთან დააკავშირებს", - განაცხადა ჰიუსტონის პოლიციის კაპიტანმა სალამ ზიამ

სასამართლო ექსპერტიზის მონაცემების თანახმად, გარდაცვალების მიზეზებს შორის იყო შემთხვევითი დახრჩობა, თვითმკვლელობა, წამლით მიღებული ინტოქსიკაცია, ბლაგვი საგნით მიყენებული ტრავმა და გულ-სისხლძარღვთა დაავადება.
"როდესაც ადამიანი წყალში იხრჩობა... მტკიცებულებები ნადგურდება. ჩვენი ცხელი, ნოტიო გარემოს გამო, სხეული საკმაოდ სწრაფად ლპება, რაც გარდაცვალების მიზეზის დადგენას კიდევ უფრო ართულებს", - ამბობენ ექსპერტები.