ავტორი:

რატომ არ ეხება პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელი გიორგი გახარიას პარტიას? - რა თქვა პაპუაშვილმა

რატომ არ ეხება პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელი გიორგი გახარიას პარტიას? - რა თქვა პაპუაშვილმა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი განმარტავს, რატომ არ ეხება მათი საკონსტიტუციო სარჩელი პარტიას "გახარია-საქართველოსთვის“.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, მთავარი სამართლებრივი ხაზი არჩევნების საბოტაჟი იქნებოდა, თუმცა პარტია "გახარია-საქართველოსთვის“ მანდატები შეინარჩუნა და დღეს საპარლამენტო საქმიანობა დაიწყო.

"3 პარტიას ეხება, თუმცა ამავე დროს მიგითითეთ, რომ არიან ამ პარტიებთან დაკავშირებული პარტიები, მაგრამ ვინაიდან ერთ-ერთი, მათ შორის საერთაშორისო სტანდარტით დამკვიდრებული კრიტერიუმი არის, რომ პარტია არა მხოლოდ თავისი ქცევით უნდა არღვევდეს კონსტიტუციას, არამედ რეალურ საფრთხეს უქმნიდეს კონსტიტუციურ წყობილებას. ამიტომ, ერთკაციან და არარელევანტურ პარტიებთან დაკავშირებით ამ ეტაპზე ჩვენ საჩივარი არ გვაქვს.

რაც შეეხება "გახარია-საქართველოსთვის“ პარტიას, ორ კრიტერიუმს ეფუძნება ჩვენი მოთხოვნა - პირველი არის არაკონსტიტუციურობის დასაბუთება, მეორე არის თვითონ პარტიის რელევანტურობა. "გახარია-საქართველოსთვის“ პარტიის შემთხვევაში, მთავარი სამართლებრივი ხაზი იქნებოდა არჩევნების საბოტაჟი, თუმცა, მათ იმ ნაბიჯით, რომ თავის დროზე მანდატები შეინარჩუნეს, რამდენიმე დღის წინ განაცხადეს, რომ პარლამენტში საქმიანობას განაახლებდნენ და დღეს განაახლეს კიდეც და ამ მხრივ, ამ არგუმენტისაგანაც თავი გაითავისუფლეს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, "ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს 3 პარტიის აკრძალვის მოთხოვნით მიმართავს. პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით, მმართველი პარტიის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელით შემდეგი პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობას და აკრძალვას მოითხოვენ: "ნაციონალური მოძრაობა“, "კოალიცია ცვლილებისთვის“ და "ძლიერი საქართველო - ლელო“.