ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ძალაში შესვლიდან სამ კვირაზე ნაკლები ხნის შემდეგ ისრაელმა ღაზას სექტორის ტერიტორიაზე ახალი დარტყმები განახორციელა.
ისრაელი და "ჰამასი" ზავის დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.
"ძლიერი“ დარტყმების შესახებ ბრძანება ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მას შემდეგ მიიღო, რაც მისმა ოფისმა განაცხადა, რომ ორშაბათს "ჰამასის" მიერ, მათთვის გადაცემულ კუბოში არ აღმოჩნდა გარდაცვლილი მძევლის ცხედარი, არამედ ეს იყო სხვა მძევლის ოფირ ცარფატის ნეშტის ფრაგმენტები, მისი ცხედრის ნაწილი ისრაელის ძალებმა 2023 წლის ბოლოს იპოვეს.
"ჰამასის“ მიერ მართული სამოქალაქო თავდაცვის სააგენტოს ინფორმაციით, ისრაელის თავდასხმას 9 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 4 ქალი, 3 მამაკაცი და 2 ბავშვი.
ამასთანავე, "ჰამასმა" განაცხადა, რომ ისრაელისთვის კიდევ ერთი მძევლის ცხედრის გადაცემას გადადებს.
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ღაზაში აშშ-ის მიერ მხარდაჭერით მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას საფრთხე არ ემუქრება.
"როგორც გავიგე, მათ ისრაელელი ჯარისკაცი მოკლეს. ასე რომ, ისრაელმა საპასუხო დარტყმა განახორციელა და უნდა განეხორციელებინა კიდეც. ცეცხლის შეწყვეტას არაფერი ემუქრება“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.
"თურქეთი გააგრძელებს სოლიდარობას პალესტინელი ხალხის მიმართ და გააგრძელებს რეგიონში სამართლიანი, მდგრადი და ყოვლისმომცველი მშვიდობის უზრუნველყოფის მცდელობების მხარდაჭერას“, - ნათქვამია განცხადებაში.
"ჰამასის" მიერ კონტროლირებადი ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ომის შედეგად მთლიანობაში 68 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. სამინისტრო დასძენს, რომ "რამდენიმე“ მსხვერპლი კვლავ ნანგრევების ქვეშ რჩება.
სამინისტროს ცნობით, ცეცხლის შეწყვეტის ამოქმედების შემდეგ 94 ადამიანი დაიღუპა.