ავტორი:

"ვცდილობ, მეცხვარის ხელობა არ დაიკარგოს. როგორც მე გადმომცეს უფროსებმა, მეც გადავცე უმცროსებს, მაგრამ ვიღას უნდა..." - ჩვენი დროის "თეთრი ქარავანი" და "თუში მეცხვარეები" (ფოტოები)

"ვცდილობ, მეცხვარის ხელობა არ დაიკარგოს. როგორც მე გადმომცეს უფროსებმა, მეც გადავცე უმცროსებს, მაგრამ ვიღას უნდა..." - ჩვენი დროის "თეთრი ქარავანი" და "თუში მეცხვარეები" (ფოტოები)

არაგვის ხეობაში უკვე შემოდგომის სუსხია. მთები ნელ-ნელა ფერს იცვლიან - გაღმა-გამოღმა ტყეებს წითელ-ყვითელი ელფერი გადასდებიათ. მდინარე ხმაურით მიედინება, ჰაერში ნესტისა და მიწის სუნი ტრიალებს. მდინარის ხმას უცებ ცხვრების ბღავილი ფარავს, რასაც მთები ექოს აძლევენ - ფარა ჩამოდის ხეობაში, მწყემსები თან მიჰყვებიან. ცოტა ხნით გარემო სხვაგვარი ხმაურით ივსება...

შანსს ხელიდან არ ვუშვებ მეცხვარეებს გამოველაპარაკო, პირველი ჩერდება ახალგაზრდა, რომელიც ნისლისფერ ცხენზე ზის...

ზურა:

- გურული ვარ, სოფელი ნატანებიდან ზურა გოგატაძე, ეს კიდევ ჩემი ცხენია, ლურჯა.

- გურული კაცის მეცხვარეობა, ცოტა უცნაურია.

- ჰო, გურიაში არ არის ცხვარი, მაგრამ მე მაინტერესებდა მეცხვარეობა და ამიტომაც ვარ აქ. 24 წელი შემისრულდა, უკვე 3 წელია, რაც ცხვარში ვარ, ამასობაში 50 ცხვარი შევიძინე.

ამასობაში მეორე ბიჭიც მოდის.

დათო:

- მე საგარეჯოდან ვარ, დათო ჩუბინიძე, 18 წლის. ბავშვობიდან მიყვარდა ეს საქმე და შევყევი. დაქირავებული მწყემსები ვართ, თვეში 1500 ლარს გვიხდიან. თან ცხვარიც გვყავს, მე მაგალითად 100 ცხვარი მყავს.

- სულ რამდენი ცხვარია ამ ფარაში?

- 2500, ეს ვასკა და მარაა, ვაცები, ამათ მისდევს მთელი ფარა. ყაზბეგიდან მოვდივართ, თრუსოს ხეობიდან, რუსთავში მიგვყავს ცხვარი, იაღლუჯაზე გამოსაზამთრებლად. მაისამდე იქ ვიქნები და მერე უკან წამოვალთ.

- მტაცებლებს გადაჰყრიხართ?

- კი, მთაში...

- დათვი იცის. ბევრჯერ ცხვარი შეუჭამია, ბევრჯერ კინაღამ შეგვჭამა..

- გვიამბობთ ?

- არ დაგვიჯერებთ და რა აზრი აქვს...

- რატომ არ უნდა დაგიჯეროთ?!

ზურა:

- აი, გიორგის აქვს დათვებთან ისტორიები... - ამბობს და გვანიშნა ჩვენკენ მომავალ კომბლიან მეცხვარეზე...

გიორგი:

- გვარად შიოშვილი ვარ, პატარა კი არ ვარ, 30 წლის გავხდი.... 16 წელი ხდება, რაც ცხვარში დავდივარ. ეჰ, ვიღას უნდა მეცხვარეობა.

- ღამით სად იძინებთ?

- სადაც გვიღამდება იქ, მინდორში, ტყეში... მთელი ღამე ნაბადზე გვძინავს. ნახე, ნაბდები ვირებზე გვიკიდია. ფერდზე ვწვებით, იმიტომ რომ თუ საწრეტი არა გაქვს წყალს, შეიძლება ნაბადშიც დასველდე. სეფაც გვაქვს, პატარა... უკვე ორჯერ მოგვივიდა თოვლი, ამ სეზონზე, ცივა... მანქანა მოგყვება, შორიახლოს დადის ჩვენთან ყოველთვის. ახლა, კოჭლი ცხვრები დაგვრჩა და მოიყვანს. ხან გაგვასწრებს, ხან ჩამოგვრჩება ხოლმე.

- დაოჯახებულები ხართ?

- არა, სამივე დასანიშნები ვართ. ყველა გვბლოკავს, მეცხვარე ვის უნდა?

- ე.ი ინტერნეტით ეძებთ? აბა, მიამბეთ ინტერნეტთან როგორ მეგობრობთ?

- ეს გურული ტიკ ტოკერი გვყავს. სულ ყველაფერს იღებს, ამის წყალობით ყველა იგებს სად ვართ. მე "ფეისბუქი" მაქვს.

- იარაღი რომ არ გაქვთ, ღამით თავდასხმის არ გეშინიათ?

გიორგი:

- მხედრიონის დრო ხომ არ არის...

- მგლებს ვგულისხმობ

- დავეხმაურებით ხოლმე, ჰაი-ჰაიო, მერე ძაღლებიც კარგი გვყავს, ქოფაკები და მიდიან...

- გიორგი, დათვებთან შეხვედრის მდიდარი ისტორიები გქონიათ....

- ღორღიანას ვეძახით იმ ადგილს, კობის აქედან, მაღლა ფერდზე. ვწევარ მძინავს. იმხანად თან აზერბაიჯანელი ელიმხანა მახლდა, მეცხვარე, ჰოდა, ის მაღვიძებს, - ადე, დათვიო. ავდექი, ელიმხანა ჩემზე წინ გარბის. დაიცა კაცო, სად გარბიხარ, ის მაინც დავინახოთ დათვი საით არის, ახლოს არ მივიდეთ, თოფი არ გვაქვს და არაფერი-მეთქი. ეს კიდევ მიდრბის, თან სანათს ანათებს. ვხედავთ, ამ დათვს ბატკანი ხელში აქვს ამოჩრილი და მიდის მაღლა-მაღლა. გამოუდგნენ ძაღლები, ჩვენ რომ დაგვინახეს, გული მიეცათ. გზადაგზა მოუტრიალდება ძაღლებს ეს დათვი, დადგება 2 ფეხზე და ცდილობს ღრიალით დააფრთხოს. 8 ძაღლი გვყავს, ქოფაკები. ბატკანი გააშვებინეს და დათვი გაბრაზდა! ეს ელიმხანა კიდევ სანათს ანათებს. ვეუბნები, - ჩააქრე! თუ გინდა გადაურჩე მეთქი. ვაიმე, რომ წამოვიდა ჩვენ მხარეს, ერთმანეთს ვასწრებდით... ტორი დამისვა ზურგზე, დამჩხაპნა, ვერ დამიჭირა, ძაღლებმა მიშველეს, თორემ ალბათ იქვე გამაქრობდა. ავყვირდი შიშით, ძაღლები აყეფდნენ, მე თავი დამანება და ელიმხანასკენ აიღო გეზი. იქვე პატარა ქოხი იყო, იქ შევარდა.... მოხევეებმა გვნახეს დილას. გვითხრეს, კარგია იარაღი რომ არ გქონდათ, თორემ ესროდით, ვერ მოკლავდით, შეიძლება დაგეჭრათ და ის დაჭრილი უფრო გაგიჟდებოდა, ადგილზე მოგკლავდათო.

- სულ ყაზბეგის მიმართულებით დადიხართ?

გიორგი:

- 6 წელია აქ დავდივარ, მანამდე 4 ზაფხული ბაკურიანში ვიყავი, იმის წინ 4 ზაფხული კიდევ ახალქალაქში, თურქეთის საზღვართან. თიანეთშიც ნამყოფი ვარ. ყველაზე კარგი საძოვრები ჯავახეთშია... ჩვენი საქმე რთულია, ცხვარში სიარული აღარავის უნდა. ძროხა დადგება და ძოვს ბალახს, ცხვარს კი მოტრიალება უნდა, აბაზანა, პარსვა, წველა... ცხვარი ცოტას იწველება, მაგრამ, სამაგიეროდ, თუ ძროხის 10 ლიტრი რძე უნდა ერთ კილო ყველს, ცხვრისა 4 ლიტრა ჰყოფნის. თან ცხვრის რძე უფრო ცხიმიანია.

დათო:

- ყველაზე ძნელი საქმეა დოლი. დოლის დროს დღე-ღამეში 2-2 საათი გვძინავს ხოლმე, რიგრიგობით.

- დღეში რამდენ კილომეტრს გადიხართ?

გიორგი:

- 20-30. მარტო ძოვა ხომ არ არის, ან არ ჩამორჩეს, ან სადმე არ ჩავარდეს, თან ყველაფერი ამის მტერია, ცხვრისა, ჯაგი გინდა თუ ადამიანი. იმ დღეს სოფელს ჩამოვუარეთ, ვხედავ ბავშვი ვერ ერევა და მაინც მიათრევს ერთ ცხვარს.

- იპარავდა?

- კი.... გაანებე- მეთქი, - ვუთხარი. - მაჩუქეო, გამიცინა...

- რა საჭმელს მოინატრებთ ხოლმე ცხვარში თვეობით ყოფნისას?

დათო:

- უფრო ტკბილეული. ხინკალს ჩვენით ვიკეთებთ ხოლმე. ხორცი კი გვაქვს, კუნძზე ვკეპავთ, მოხვევაც ვიცით.

- კიდევ წამოხვალთ ცხვარში?

გიორგი:

- მე კი და ესენი არ ვიცი... ვცდილობ, რომ ეს ხელობა არ დაიკარგოს. როგორც მე გადმომცეს უფროსებმა, ისე მე გადავცე უმცროსებს, მაგრამ ვიღას უნდა... დისშვილი მყავს ცხენზე არ ჯდება, მარტო ტელეფონი... მე კიდევ ლეკვებს დედაჩემი სახლში რომ არ მაყვანინებდა, საბძელში ვიძინებდი იმათთან ერთად, ისე მიყვარდა ცხოველები. ახლა ვის უნდა...

- რაზე ოცნებობთ?

გიორგი:

- დასვენებაზე. მშვიდობა იყოს, ხვავი, ბარაქა, ადამიანმა არ უნდა ითაკილოს შრომა.

ავტორი: ეკა სალაღაია