აქტივისტი თამარ გიორგაძე 22 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე დააკავეს. მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მე-10 ნაწილით და 173-ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედებას ედავებიან, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობასა და გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვას გულისხმობს.
"კიდევ ერთხელ გავალებთ, მოიძიოთ იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ თამარ გიორგაძე გზის სავალ ნაწილზე იმყოფებოდა და მას ხელოვნურად მაშინ კეტავდა, როცა ამისთვის შესაბამისი რაოდენობის ხალხი არ იყო“, - ამ სიტყვებით მიმართა მოსამართლე ნინო ენუქიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს, როცა 27 ოქტომბრის სხდომაზე
აქტივისტ თამარ გიორგაძის ადმინისტრაციული სახდელის დადებაზე უნდა ემსჯელათ. აღნიშნული საქმის განხილვა გასულ სხდომაზეც იმ მიზეზით გადაიდო, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა გიორგაძის მიერ გზის გადაკეტვის დამადასტურებელი ვიდეომტკიცებულება ვერ წარმოადგინეს.
შემდეგი სხდომა 17 ნოემბერს ჩაინიშნა და შსს-მ ვიდეომასალა სწორედ ამ დროისთვის უნდა წარმოადგინოს.
თამუნას როცა დავურეკე, მითხრა, ბევრი დრო არ მაქვს, დაკავებულებს ამანათები უნდა შევუტანოო.
"მცხეთაში მივდივარ, დაკავებულების ოჯახებიდან პირადი ნივთები წამოვიღეთ და იზოლატორში გვაქვს შესაგზავნი. მათი რიცხვი შეზღუდულია, რამდენიმე ნივთს ერთდროულად ვერ ჩავუტანთ, ამიტომ ხშირად ჩასვლა გვიწევს. ჩვენ, აქტივისტებსა და გულშემატკივრებს განაწილებული გვაქვს ფუნქციები. დღეს საკვები და პირადი ნივთები ბაჩო კუციასთან და კოკო მიქაიასთან შემაქვს (მესამეცაა მათთან საკანში, გვარი არ მახსოვს, ეს დღეები ცოტა ამოვვარდი რეჟიმიდან). ქალბატონმა ნინომ გაუმზადა სამივეს ამანათი, მისი გვარი არ ვიცი, ასეთი ვითარებაა - ხშირად ერთმანეთის გვარებიც არ ვიცით, მაგრამ ერთნი ვართ, მომცემენ ნომერს და ვრეკავთ ერთმანეთთან, სად და რომელ საათზე მივიდეთ, რა გამოვართვათ, ყველაფერი შევაგროვოთ და მერე წავიღოთ. ამხელა სოლიდარობამ, თანადგომამ და სიყვარულმა როგორ შეიძლება უკვალოდ ჩაიაროს და შედეგი არ დადგეს?“

- ბრალდება გზის გადაკეტვას მედავება. პირველ პროცესზე, რომელიც 23 ოქტომბერს ჩატარდა, მოსამართლემ მოუსმინა შსს-ს წარმომადგენელს და ჩემს უფლებადამცველს, რომელმაც მანამდე სთხოვა მათ მტკიცებულებების ჩვენება. წარმომადგენელმა უპასუხა, რომ დროში ვერ მოესწრებოდა და მოსამართლესთან ერთად ვნახავთო. შსს-ს მოწმეებიც ჰყავს, ორი ცრუმოწმე პოლიციელი, რომელიც ვითომ ჩემს დაკავებას ესწრებოდა (არადა, ორივე იქ იყო, სადაც დაკავების ოქმი შედგა, ისინი დაკავების ფაქტს არ შესწრებიან). მათ რაც სთხოვეს, ის დაადასტურეს...

მოსამართლემ გვიჩვენა პოლიციის მანქანიდან გადაღებული ვიდეოკადრები, სადაც მე არ ვჩანდი. იმ დღეს ტროტუარზე ვიდექი, გზა არ გადამიკეტავს და ამას არც არაფერი ადასტურებს. ბრალდებას მტკიცებულებად ჩემი დაკავების ვიდეო არ წარმოუდგენია, ისევ ჩემმა ადვოკატმა წარმოადგინა დაკავების ვიდეომასალა. ის არც უნახავს მოსამართლეს და ისე უთხრა შსს-ს წარმომადგენლებს, რომ მათ მიერ წარმოდგენილ ვიდეომასალაში ბრალი არ მტკიცდებოდა და 27 ოქტომბრამდე გადადო სხდომა, მოითხოვა წარმოედგინათ სხვა ვიდეომასალა, რომელიც დაამტკიცებდა ჩემს ბრალეულობას. მეორე სხდომაზეც რომ ვერ წარმოადგინეს, მოსამართლე ძალიან გაბრაზდა და უთხრა 30 ცალი 112-ის კამერა გაქვთ ბოძებზე, რუსთაველზე და რატომ ვერ მოხერხდა იმ ვიდეოს ამოღება და წარმოდგენა, გიორგაძე ნამდვილად თუ კეტავდა რუსთაველის გამზირსო. მოკლედ, მოსამართლემ 17 ნოემბრამდე მეორედ გადადო სხდომა და კატეგორიულად მოითხოვა წარმოედგინათ ვიდეომტკიცებულება, სადაც მათ მიერ ინკრიმინირებული ბრალი დაფიქსირდებოდა. როგორც წესი, როცა ბრალს ვიდეოებით ვერ ამტკიცებენ, ცრუმოწმეები მოჰყავთ ხოლმე. ჩემდა გასაკვირად, მოსამართლემ არ ისურვა მათი ცრუმოწმეების დაკითხვა, ძალიან უცნაური ვითარებაა... ეს ბრალი ვერ დამტკიცდება, მხოლოდ ვიდეომტკიცებულებას თუ დაეყრდნობა მოსამართლე, ვინაიდან ასეთი ბუნებაში არ არსებობს, იმ დღეს არ გადავსულვარ გზაზე, ტროტუარიდან გადასვლა ვერ მოვასწარი, ცოტა დამაგვიანდა და როცა მივედი, დაკავებები დაწყებული იყო და გზაზეც ავტომანქანები მოძრაობდნენ...
- კონკრეტულად "ოცნების“ წინააღმდეგ აქტივობაში 2016 წლიდან ჩავერთე. მანამდე, 2006 წლიდან ვიყავი რესპუბლიკური პარტიის წევრი, ჯერ ჩუღურეთის, შემდეგ საბურთალოს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე. 2012 წელს, როდესაც კოალიცია შეიქმნა და რესპუბლიკური პარტია "ქართული ოცნების“ კოალიციის წევრი გახდა, საბურთალოს შტაბის წევრი, მერე ორი თვის განმავლობაში კოალიცია "ქართული ოცნების“ საბურთალოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ვიყავი. 2006 წლიდან საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელე ვარ და აქედან მოყოლებული, ოლქის დროებითი წევრის დონეზე ყველა არჩევნებში მაქვს მონაწილეობა მიღებული. ვარ NDI-ს და IRI-ს საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენერი. 2012 წელს მაჟორიტარი წევრის - დავით უსუფაშვილის გამარჯვებისა და მისი პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ, მისი ბიუროს ხელმძღვანელად დავინიშნე 2016 წლამდე. აქედან უკვე აქტიურად ვმონაწილეობდი ოპოზიციის მხრიდან (ჯერ "შენების“ მოძრაობის წევრი ვიყავი ბატონ დავითთან ერთად, შემდეგ "ლელოს“ დამფუძნებელი გავხდი და ა.შ.) აქტივობებში.

- წინა ხელისუფლების დროსაც არ გავჩერებულვარ... 2006 წლიდან, როცა რესპუბლიკური პარტიის წევრი ვიყავი, ყველა მიტინგსა თუ აქციაში ვმონაწილეობდი. 2007 წლის ნოემბრის აქციის დროს ფიზიკურად დავზიანდი - "იმედის“ ტელევიზიაში შეჭრის შემდეგ, მე და ჩემი მეუღლე მივვარდით ტელევიზიასთან და ვცდილობდით დახმარებას, მაშინ მოვიწამლე და მომხვდა რეზინის ტყვიები. ამის მერე საავადმყოფოში აღმოვჩნდი, სადაც ჩემი სახელი და გვარი დაფიქსირდა. მეორე დღეს შინ პოლიცია მომადგა, მე და ჩემი მეუღლე განყოფილებაში გადაგვიყვანეს და პოლიციელის შეურაცხყოფისთვის 2000-2000 ლარით დაგვაჯარიმეს. რაც მაშინ ხდებოდა, ის ხდება დღესაც, უბრალოდ, ჯარიმები იყო განსხვავებული. ასე რომ, ვერავინ დამწამებს ცილს, რომ "ნაცი ვარ და ამიტომ ვდგავარ რუსთაველზე“.
გავრილოვის თემის დროსაც გამოვედი, ხოლო მას მერე, რაც რუსული კანონი მიიღეს, აქტიურად ვდგავარ ქუჩაში, ვარ 335 დღის აქტიური მონაწილე, ამ ხნის განმავლობაში შეიძლება 20 დღე მქონდეს ჩაგდებული. ისე, ეს პირველი დაკავებაა ჩემთვის, აქამდე არც ჯარიმა მქონია.

- პროფესიით ინჟინერ-ტექნოლოგი ვარ, თუმცა ჩემი პროფესიით არ მიმუშავია. 2006 წლამდე ბავშვები პატარები მყავდა და შესაბამისად, დიასახლისი ვიყავი. ჩემი მეუღლე ყოფილი პოლიციელია და ისიც იმავე წლიდან რესპუბლიკური პარტიის წევრი გახდა, ჩვენ ერთნაირი პოლიტიკური გზა გავიარეთ... როცა 2003 წელს მიხეილ სააკაშვილი მოვიდა, მთელი შსს-ს შემადგენლობა კადრების განკარგულებაში გადაიყვანა, მათ შორის, ჩემი მეუღლეც. ის შემდეგ თავის პოზიციაზე დააბრუნეს, მაგრამ რამდენიმე თვეში დაწერა განცხადება და წამოვიდა, მითხრა, - მათთან ერთად ვერ ვიმუშავებ, არ შემიძლიაო. დიდ აქციებზე ყოველთვის მოდიან მეუღლე, დედა და ჩემი შვილებიც, ყოველდღიურში - მე ვარ.

მეუღლეს ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება აქვს და რასაც ჩვენ ვიტანთ, გაზით მოწამვლას და სხვას, ის უბრალოდ, ვერ გადაიტანს. ორი ვაჟი მყავს, 29 და 27 წლის.

- ვერ შევეგუები ქვეყნის კურსის შეცვლას, ვერც ამის პარალელურად დიქტატურის და ტერორის დამყარებას, უკანონო პატიმრების ზრდას, თანდათან რომ ამატებენ მათ რიცხვს. კატასტროფას კატასტროფა ემატება, პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდება, ირღვევა ადამიანის უფლებები, შეკრება-მანიფესტაციის უფლება, კონსტიტუცია საერთოდ აღარ გვაქვს, არანაირი კანონი და არაფერია, რამაც შეიძლება ადამიანის უფლება დაიცვას, არასამთავრობოები, ფაქტობრივად, ვეღარ ფუნქციონირებენ... ადვოკატები და დამოუკიდებელი სეგმენტი რომ არ გვყავდეს, აქციების მონაწილეებს არ ვიცი, რას გვიზამდნენ. ერთადერთი დახმარება და ხსნა რაც არის და რაც მოქმედების საშუალებას გვაძლევს, ეს არის ადვოკატები, რომლებიც უკვე ერთი წელია 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ. მეც როცა იზოლატორში შემასახლეს, დილის 6 საათი იყო და სადღაც 15 წუთში შემოვიდა გუჯა ავსაჯანიშვილი, რომელიც 8 დაკავებულ ქალს შეგვხვდა. მეორე დღეს აქტივისტების თხოვნით, სხვა ადვოკატებიც მოვიდნენ.

ახლა მცხეთაში ამანათების გადასაცემად მივდივარ. სოლიდარობაა, რაც ბრძოლის უნარს და საშუალებას გვაძლევს. ძალიან ბევრნი ვართ, ვისაც გადაწყვეტილი გვაქვს, რომ არავითარ შემთხვევაში არ გავჩერდეთ. რა სასჯელიც უნდა იყოს, არც ქვეყნის დატოვებას ვაპირებთ და არც გაჩერებას, ბრძოლა გრძელდება ბოლომდე. საოცარი სოლიდარობა გვაქვს ერთმანეთის მიმართ, როცა შსს დაკავებულებს ინიციალებით აცხადებს, ვიწყებთ ამ ადამიანების მოძებნას, ვაორგანიზებთ მათთან ადვოკატების შესვლას, ამანათების შეგზავნას... ეს არის სოლიდარობის უპრეცედენტო ფორმა, ასეთი რამ არც ერთ ქვეყანაში მსმენია და არც არსად წამიკითხავს.