ოქტომბერი ტრადიციულად ძუძუს კიბოსთან ბრძოლის გლობალური თვეა, რომელიც ყოველწლიურად გვახსენებს დროული დიაგნოსტიკის სასიცოცხლო მნიშვნელობას. "ვარდისფერი ოქტომბრის" ფარგლებში, ცნობილი ექიმი კოტე მათითაშვილი თავის პოდკასტში უმნიშვნელოვანეს თემას შეეხო და სტუმრად მომღერალი, ნატო მეტონიძე მიიწვია.
ნატო მეტონიძე არის ქალი, რომელმაც ერთხელ უკვე დაამარცხა ვერაგი დაავადება, თუმცა, როგორც თავად ამბობს, ახლა მეორედ უწევს ამ რთული გზის გავლა. მომღერალი გულწრფელად იხსენებს პირველ დიაგნოზს 2011 წელს, იმ საშინელ შიშსა და განცდებს, რაც დიაგნოზის გაგებამ მოიტანა. ის საუბრობს იმ უდიდეს როლზე, რომელიც მკურნალობის პროცესში მეგობრებისა და ოჯახის მხარდაჭერამ ითამაშა.
სამი წლის წინ, ერთხელ გამორჩენილი ანალიზის შემდეგ გაიგო, რომ დაავადება 5-წლიანი სიმშვიდის შემდეგ, მეორედ, უკვე მეტასტაზური ფორმით დაუბრუნდა
- ახლა მეორედ გავდივარ ამ გზას. კლასიკური ვარიანტია, რომ გგონია, შენ არასოდეს დაგემართება. შემდეგ ცოტა ხანს ვერ აცნობიერებ და მერე გიწევს. პირველად 2011 წელს გავიგე დიაგნოზის შესახებ, სარკეში აღმოვაჩინე, თვალსაჩინო იყო. შემდეგ ექიმს მივაკითხე, ოპერაცია ავსტრიაში გავიკეთე, სხივური თერაპიაც იქ ჩავიტარე. აღმოჩნდა, რომ კარგ ეტაპზე აღმოვაჩინე დაავადება. ამ დაავადებასთან ბრძოლა თუ გიწევს, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ დროულად მიაკითხო სპეციალისტს. ამ დროს ბევრად მარტივია აქედან თავის დაღწევა და გზას, რასაც გადიხარ, ისიც.

- რა რეაქცია გქონდათ, დიაგნოზის შესახებ რომ შეიტყვეთ.
- საშინელი შიში იყო, ამ დროს ძალიან ცუდი პროგნოზები მოგდის თავში, არასასიამოვნოა. თან მაშინ არ იყო ჩვენთან ასე მედიცინა. შემდეგ უღრანი ტყეა, არ გინდა გაიგო და წარმოიდგინო, რომ ეს შენ დაგემართება ან შენს ოჯახში ვინმეს.
თავიდან არ მინდოდა ყველასთვის მეთქვა. ორმა ჩემმა მეგობარმა იცოდა და ჩემმა დამ. ძალიან მჭირდებოდნენ ეს ადამიანები. მე თანახმა ვიყავი აქ გამევლო ეს მკურნალობა, მაგრამ რატომღაც აიჩემეს, რომ უცხოეთში ჯობდა. ადამიანების მხარდაჭერა ამ დროს ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა თავი მარტო არ იგრძნო.
ჩემს მეგობარს უკვე ჰქონდა ეს გზა გავლილი, ავსტრიაში, იმ ექიმთან, რომელთანაც მან იმკურნალა. თავდაპირველად გავიკეთე ოპერაცია, მორფოლოგიის პასუხი რომ მოვიდა აღმოჩნდა პირველი სტადია. ამის გამო, ქიმია არ დამჭირდა, მხოლოდ სხივური და ჰორმონო თერაპია დამჭირდა. შემდეგ ექვს თვეში ერთხელ შემოწმებაზე დავდიოდი, შემდეგ წელიწადში ერთხელ.
მამაც სიმსივნით არის გარდაცვლილი, დედაც ახლახან ასე...
მანამდე არ ჩამიტარებია სკრინინგი, უპასუხისმგებლოდ ვიქცეოდი, როგორც იქცევიან ახლა სხვა ქალები. სადღაც შუა გზაში მივხვდი, რომ ეს არის მნიშვნელოვანი და მინდა, რომ ეს ყველამ გაიაზროს. არ აისხლიტონ, მივიდნენ სპეციალისტთან. უბრალოდ ღმერთის ნება იყო, რომ გადავრჩენილიყავი და დავრჩენილიყავი ამ ქვეყანაზე.
- როდის დააკაკუნა მეორედ?
- ხუთი წელი წარმატებულად დავამთავრე, მაგრამ პარალელურად დამჭირდა ოპერაცია, გვერდითი საჭიროება გაჩნდა, კიდევ ერთი ოპერაცია დამჭირდა. ითვლება, რომ მშვიდობიანად დავასრულე ხუთი წელი ჰორმონო თერაპიის. თუმცა მაშინ მითხრეს, რომ თუ ამას გავაგრძელებდი, მეტად დაზღვეული ვიქნებოდი, რვა ან ათი წელი. ექიმმა მითხრა, რომ თუ თქვენ ხშირად გაიკონტროლებთ, შეგიძლიათ შეწყვიტოთ თერაპია. ძალიან გულმოდგინედ ვიკეთებდი წელიწადში ერთხელ. ერთ-ერთი სკრინინგის დროს, ყველაფერი გავიკეთე და დედა გახდა იმ დროს ავად და მაინც და მაინც გულ-მკერდის რენტგენი არ გავიკეთე. ყველაფერი გავიკეთე და ეს ერთ კვირაში დავგეგმე, მერე რაღაცნაირად მიმავიწყდა. სამი წლის წინ, მეორედ აღმოჩნდა ეს პრობლემა. დედას წარმოუდგენელი მდგომარეობა ჰქონდა და სჭირდებოდა ჩემი ყურადღება.
- დღეს რა მდგომარეობა გაქვთ?
- მეორე შემთხვევაში რომ მივედი, აღმოჩნდა რომ არის რეციდივი, მეტასტაზური, ფილტვზე საკმაოდ მოზრდილი და კისრის მალაზეც. არც მიფიქრია, რომ ეს შეიძლებოდა კიდევ დაბრუნებულიყო. მინდა, რომ ნაკლებად ემოციური ვიყო საუბრის დროს, მაგრამ შინაგანად მაინც ვღელავ.
არც მიფიქრია აქედან წასვლა. მივაკითხე ნია შარიქაძეს, რომელიც იმ მომენტში ჩემი ძმის მკურნალი იყო. ალბათ არის რაღაც გენეტიკური განწყობა ოჯახში. ნიამ მითხრა, არ მჭირდება მე ოჯახიდან ორი პაციენტიო... ათი დღე იყო ყველაზე მძიმედ გადასატანი, რადგან დიდი მეტასტაზიდან ბიოფსია დამჭირდა. გვეგონა ფილტვი, რადგან ჩემი ძმა იმ მომენტში ფილტვის სიმსივნის რთულ სტატიას გადიოდა. ძალიან მძიმე პერიოდი გავიარეთ. ამ შემთხვევაშიც მოვიდა ის პასუხი, რომ რაც შეიძლებოდა ამ შემთხვევაში უკეთესი იყოს და აღმოჩნდა, ისევ მკერდის თემა.
ამ გზაზე ძალიან დამეხმარნენ მეგობრები და ოჯახის წევრები, ლიზა იყო, რომელიც გვერდიდან არ მომცილებია. მახსოვს კლინიკაში ჩემმა ქმარმა მიმიყვანა და შემდეგ უნდა მოეკითხა, ყველაზე მძიმე მისთვის ამის თქმა აღმოჩნდა. მახსოვს, ჩემი ქმარი დამენანა რომ მარტო ყოფილიყო. დავურეკე ლიზას... ძალიან დამეხმარნენ მეგობრები, როდესაც ცუდი ამბები აქვთ მოსაყოლი ჩემს მეგობრებს, ალამაზებენ და ისე მიყვებიან...

ხანდახან სისუსტე მაქვს, თუმცა ჩემზე უფრო მძიმედ არიან ამ პრეპარატების მიღების ფონზე. როდესაც კურსს ვამთავრებ და ვისვენებ შემდეგ კურსამდე, ყველაზე რთული ეს ერთი კვირაა, ყველაზე სუსტად ამ დროს ვარ და შემდეგ როდესაც ვაგრძელებ, უფრო აქტიური ვარ.
ამ წამლებთან ერთად ექიმი გიწერს გეგმას რა უნდა იკონტროლო. ფურცელს რომ დავხედე მივხვდი, რომ ახალი საქმე მაქვს, რომელიც მე უნდა გავაკეთო. ჩვენ ყოველთვე ვიკეთებ სისხლის სხვადასხვა ანალიზს და ყველა შემთხვევაში გაუმჯობესებული პასუხი, უკვე ბედნიერებაა.
დედებო, თქვენს შვილებს სჭირდებით ჯანმრთელი, ნუ იქნებით ეგოისტები, ვიცით, რომ გაახალგაზრდავდა ეს ვერაგი დაავადება და აუცილებლად ჩაიტარეთ სკრინინგი.