ავტორი:

რუსეთი, ბელარუსი, ჩინეთი, ბანგლადეში და სხვა - კიდევ რომელ ქვეყნებში აიკრძალა 21-ე საუკუნეში ესა თუ ის პარტია და პოლიტიკური ორგანიზაცია?

რუსეთი, ბელარუსი, ჩინეთი, ბანგლადეში და სხვა - კიდევ რომელ ქვეყნებში აიკრძალა 21-ე საუკუნეში ესა თუ ის პარტია და პოლიტიკური ორგანიზაცია?

“ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს სამი პარტიის აკრძალვის მოთხოვნით მიმართავს. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით, მმართველი პარტიის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელით შემდეგი პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობას და აკრძალვას მოითხოვენ: "ნაციონალური მოძრაობა“, "კოალიცია ცვლილებისთვის“ და "ძლიერი საქართველო - ლელო“.

  • პარტიების და სხვადასხვა პოლიტიკური ორგანიზაციების საქმიანობა არაერთ ქვეყანაში აუკრძალავთ, ამ ქვეყნების უმეტესობას ავტორიტარიზმი ახასიათებს, თუმცა არიან გამონაკლისებიც - მაგალითად, ესპანეთში ერთ-ერთი პარტია ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირის გამო აკრძალეს. ყველა ქვეყანაში განსხვავებული პოლიტიკური კონტექსტი აქვს საფუძვლად პარტიების საქმიანობის აკრძალვის გადაწყვეტილებას.

ვნახოთ, 21-ე საუკუნეში რომელმა ქვეყნებმა აუკრძალეს ამა თუ იმ პარტიასა და პოლიტიკურ ორგანიზაციას საქმიანობა (შენიშვნა: სია არასრულია):

რუსეთი

2003 წელს აკრძალეს პარტია "რუსეთის ეროვნული ერთიანობა" ნეო ნაციზმის საფრთხის გამო, 2007 წელს აიკრძალა "ეროვნული ბოლშევიკური პარტია", 2010 წელს "ეროვნულ სოციალისტური საზოგადოება", ასევე "სლავური გაერთიანება". ამავე წელს აკრძალეს "რუსეთის ნაციონალ-სოციალისტური მუშათა პარტია", 2011 წელს "ხალხის ნების არმია", ამავე წელს "მოძრაობა არალეგალური იმიგრაციის წინააღმდეგ", "რუსეთის საყოველთაო ეროვნული კავშირი", 2012 წელს - "ჩრდილოეთის საძმო", 2015 წელს პარტია "რუსები", 2020 წელს Bashkort, ამავე წელს "ერისა და თავისუფლების კომიტეტი", 2023 წელს "რუსეთის თავისუფლების ლეგიონი" და ა.შ. რუსეთის აკრძალული პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტიკური ორგანიზაციების ჩამონათვალი საკმაოდ დიდია.

ბელარუსი

ბელარუსშიც არაერთი პარტია და პოლიტიკური ორგანიზაციაა აკრძალული - 2023 წელს აკრძალეს "ბელარუსის სოციალ დემოკრატიული ასამბლეა", ასევე "სოციალ დემოკრატიული პარტია", "ქრისტიან კონსერვატიული პარტია", "ბელარუსის პატრიოტული პარტია", "მწვანეთა პარტია", "რესპუბლიკური პარტია", "ბელარუსის აგრარული პარტია" და ა.შ. პარტიების ძირითადი ნაწილი ბელარუსში 2023 წელს აიკრძალა.

ჩინეთი

არაერთი პარტიაა აკრძალული ჩინეთშიც, მათი ძირითადი ნაწილი 90-იან წლებში აკრძალეს. რაც შეეხება 21-ე საუკუნეს, 2018 წელს, აკრძალეს "ჰონგ კონგის ნაციონალური პარტია", რადგან ეს პარტია ჰონგ-კონგის დამოუკიდებლობის მომხრეა. 2013 წელს აიკრძალა "ჩინეთის კონსტიტუციონალისტების პარტია", 2007 წელს "ახალი დემოკრატიული ჩინეთის პარტია", ამავე წელს "ჩინეთის ნაციონალისტთა გაერთიანება", 2008 წელს "მაოისტი კომუნისტების პარტია".

მოლდოვა

2023 წელს მოლდოვაში აკრძალეს პარტია The Șor. ასევე კიდევ რამდენიმე პარტიას, როგორებიცაა "გამარჯვება“, "აღორძინების პარტია“, მოლდოვას ალტერნატივა და ხსნის ძალა“, "მოლდოვას აგრარული პარტია“ შეუჩერდათ არჩევნებში მონაწილეობის უფლება. ძირითადად საუბარია პრორუსულ პარტიებზე.

უკრაინა

2022 და 2023 წლებში უკრაინაში აიკრძალა მრავალი პრორუსული პარტია. მათ შორის "ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის", "რუსული ერთიანობა“ და ა.შ.

საბერძნეთი

2023 წელს საბერძნეთმა ულტრამემარჯვენე პოლიტიკურ პარტიას არჩევნებში მონაწილეობის მიღება აუკრძალა. საუბარია პარტია "ოქროს გარიჟრაჟზე", რომელიც კრიმინალურ ორგანიზაციად გამოაცხადა, მისი ხელმძღვანელი კი დააკავეს.

ესპანეთი

2003 წელს აიკრძალა პარტია Batasuna ტერორისტულ დაჯგუფება ETA-სთან თანამშრომლობისა და კავშირების გამო.

ტაილანდი

2006 წელს სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, ყველა პოლიტიკური პარტია აიკრძალა გარდა დემოკრატიული პარტიისა.

ფილიპინები

ფილიპინების ყოფილი დიქტატორის, როდრიგო დუტერტეს პარტიას არჩევნებში მონაწილეობის უფლება ჩამოერთვა.

ბანგლადეში

Awami League-ს 2025 წელს აეკრძალა პოლიტიკური საქმიანობა ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე

ირანი

ირანშიც უმეტესობა ოპოზიციური პარტიების საქმიანობა აკრძალულია. მაგალითად, 2010 წელს აიკრძალა ისლამური ირანის ფრონტი, ირანის ისლამური მოჯაჰედების ორგანიზაცია და ა.შ.

სუდანი

ქვეყანაში 2010 წელს აიკრძალა ეროვნული კონგრესის პარტია.

პერუ

2024 წელს აიკრძალა მუშათა, ფერმერთა, უნივერსიტეტის სტუდენტებისა და რეზერვისტების ეროვნული ალიანსი.

ნახეთ ასევე