214 მიმდინარე პროექტიდან 161 პრობლემური იყო, რომელთა ჯამური ღირებულება 1 მლრდ ლარს აღემატებოდა - პრობლემებში ვგულისხმობ, როგორც შესრულების დაბალ ტემპს, ასევე შეჩერებულ და ვადაგადაცილებულ პროექტებს, ხარისხის პრობლემას და ა.შ., - ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც მან ინტერპელაციის წესით უსმენენ.
"მუნიციპალური განვითარების ფონდში შესწავლის შედეგად, სამწუხაროდ, გამოიკვეთა მთელი რიგი პრობლემები. პროექტების დაგეგმვისა და ზედამხედველობის სუსტი სისტემა, რაც მრავალი დაგვიანებული, ან სრულად შეჩერებული პროექტის მიზეზად იქცა. კერძოდ, მაგალითად, 214 მიმდინარე პროექტიდან 161 პრობლემური იყო, რომელთა ჯამური ღირებულება 1 მლრდ ლარს აღემატებოდა. პრობლემებში ვგულისხმობ როგორც შესრულების დაბალ ტემპს, ასევე შეჩერებულ და ვადაგადაცილებულ პროექტებს, ხარისხის პრობლემას და ა.შ.
რიგ შემთხვევაში მშენებლობის დაბალი ხარისხი მოითხოვს უკვე შესრულებული სამუშაოების გადამოწმებას და ხელახლა შეფასებას. თუ ჩვენს მიერ მიმდინარე პროექტების მონიტორინგის შედეგად, ხარისხთან დაკავშირებით კითხვები გაჩნდა, ჩვენ ვალდებულნი ვართ, რომ აღნიშნული საკითხი დამატებით შევისწავლოთ და მხოლოდ საექსპერტო დასკვნის შემდეგ გაგრძელდეს აღნიშნული სამუშაოები“, - განაცხადა სოხაძემ.