საფრანგეთის პირველი ლედის, ბრიჯიტ მაკრონის მიმართ ინტერნეტში გავრცელებული "დამამცირებელი“ კამპანიისთვის პარიზის სასამართლოს წინაშე 10 პირი წარდგა. გამოძიების ინფორმაციით, ისინი ყალბ ინფორმაციას ავრცელებდნენ იმის შესახებ, რომ თითქოსდა, ბრიჯიტ მაკრონი რეალურად ტრანსგენდერი მამაკაცი იყო სახელად ჟან-მიშელ ტრუნიუ.
"ჩემი აქ ყოფნა მნიშვნელოვანია. მინდა ვისაუბრო იმ ზიანის შესახებ, რაც ამ ამბავმა დედაჩემს მიაყენა. მსურს მოგიყვეთ, როგორია მისი ცხოვრება მას შემდეგ, რაც ამ თავდასხმების სამიზნე გახდა“, - განაცხადა საფრანგეთის პირველი ლედის შვილმა.

წელს, მაკრონების ადვოკატმა, ტომ კლერმა, BBC-ს განუცხადა, რომ წყვილი აშშ-ის სასამართლოს ფოტო და სამეცნიერო მტკიცებულებებს წარუდგენდა იმის დასამტკიცებლად, რომ ქალბატონი მაკრონი ქალია.

რაც შეეხება სასამართლოს, მის წინაშე 10 ადამიანი წარდგა, მათ შორის 41-დან 60 წლამდე ასაკის 8 მამაკაცი და 2 ქალი. ბრალდებულებიდან ერთ-ერთი 51 წლის დელფინ ჯ. არის, რომელიც ამანდა როის ფსევდონიმით სარგებლობს. ჯერ კიდევ 2021 წელს ამანდა როი ერთ-ერთ ინტერვიუში ამტკიცებდა, რომ ბრიჯიტი რეალურად კაცი იყო.
სამართალდამცავების განცხადებით, ზოგიერთი მათგანი ემანუელ მარკონთან ბრიჯიტის ურთიერთობას "პედოფილურსაც“ უწოდებს. თუმცა თავად მაკრონების სარჩელში იკითხება, რომ "მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტ მაკრონსა და პირველ ლედის ღრმა ინტელექტუალური კავშირი ჩამოუყალიბდათ, მათ მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობის საზღვრები არ გადაუკვეთავთ იმ პერიოდში, როდესაც ემანუელი სკოლის მოსწავლე იყო".
წყვილი, 2007 წელს დაქორწინდა, როდესაც ემანუელ მაკრონი 29 წლის იყო, ხოლო ბრიჯიტი - 54-ის.