ავტორი:

"თბილისსა და ბათუმში 2 არაბული ანკლავი იქმნება" - "ძლიერი საქართველო-ლელო“

"თბილისსა და ბათუმში 2 არაბული ანკლავი იქმნება" - "ძლიერი საქართველო-ლელო“

"ძლიერი საქართველო-ლელო“, არაბული საინვესტიციო ჯგუფისთვის, თბილისში, კრწანისის ტყე-პარკისა და ბათუმში, ე.წ. გონიოს პოლიგონის ტერიტორიის გადაცემის თაობაზე გაფორმებული ხელშეკრულების პირობების გასაჯაროებას მოითხოვს.

მათ მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, "თბილისსა და ბათუმში 2 არაბული ანკლავი იქმნება".

"რუსულმა ოცნებამ" ფონიჭალაში არაბებს ვატიკანზე 12-ჯერ დიდი ტერიტორია გადასცა.

ივანიშვილის ოცნება კრწანისის ტყე-პარკში 590 და გონიოში 260 ჰექტარ ტერიტორიას არაბებს გადასცემს. ეს პროექტი არის არაბების მასობრივი მიგრაციისთვის მწვანე შუქის ანთება რეკორდულად დაბალი შობადობის და ქართველების მზარდი ემიგრაციის ფონზე. კომპანიის დამფუძნებელმა თავად თქვა, რომ უძრავი ქონების 60%-ზე მეტი საერთაშორისო მყიდველებზეა გათვლილი. ყველას კარგად გვესმის, როდესაც 1 კვ.მ. ღირებულება 5000 - 12000 დოლარამდეა, მას მხოლოდ უცხოელები შეიძენენ. ჩვენ უკვე ვნახეთ რა მოგვიტანა რუსების მასობრივმა მიგრაციამ და არაბების მიგრაციაც იგივე საფრთხეებს შეუქმნის ჩვენს ქალაქებს. ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან მასობრივმა მიგრაციამ მრავალმილიონიანი ქალაქების, პარიზისა და ლონდონის დემოგრაფია მკვეთრად შეცვალა და ცხადია ბევრად მძიმე შედეგს მოუტანს თბილისსა და ბათუმს.

ამ პროექტის ძალიან საშიში კომპონენტია კრწანისის უნიკალური ტყე-პარკის განადგურება, რომელშიც არის 5 ტბა და ჭალის ტყისთვის დამახასიათებელი უნიკალური ეკოსისტემა, სადაც 100-მდე სახეობის ფრინველი ბინადრობს, მათ შორის უნიკალური ჯიშები. ხელშეკრულების პირობები საზოგადოებისთვის სრულიად უცნობია, კომპანია შეირჩა და სახელმწიფო მიწა პროექტში ჩაიდო საჯარო მსჯელობის და კომპანიის შერჩევაში კონკურენციის და ტენდერის გამოცხადების გარეშე! ეს არის ბიძინას “არაბული აფერა”, რომელიც არის საშიში და შეიცავს უზარმაზარ კორუფციულ რისკებს. ლოგიკურია შეკითხვა: რა კავშირშია სახელმწიფო დეველოპმენტს ბიზნესთან? მითუმეტეს იმ ხელისუფლების პირობებში, რომლის ყველა უმაღლესი მაღალჩინოსანი კორუფციაში იყო ჩაფლული და კორუფციული დანაშაული ყოფილმა პრემიერმაც კი აღიარა. სახელმწიფოს არაფერი ესაქმება კერძო დეველოპერულ კომპანიაში აქციონერად. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქმე გვაქვს კორუფციულ გარიგებასთან, ან პირდაპირ რომ ვთქვათ - ივანიშვილის არაბულ აფერასთან! ამიტომ, დაუყოვნებლივ უნდა გასაჯაროვდეს არაბებთან დადებული ხელშეკრულება! ეს პროექტი ასეთი სახით ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნული ინტერესებს! ეს დანაშაულია! ჩვენ მოვითხოვთ მთავრობისგან სრულ ინფორმაციას ხელშეკრულების პირობების შესახებ", - ვკითხულობთ განცხადებაში.