1953 წლის 4 სექტემბერს საბჭოთა კავშირის ჩემპიონატების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური მატჩი შედგა, რომლის ანალოგიც საფეხურთო ისტორიებში არ მოიძებნება.
მანამდე ერთი უცნაური ამბავი მოხდა. თბილისელების მთავარი მწვრთნელი, მიხეილ იაკუშინი საკავშირო სპორტსაზოგადოება "დინამოს" გადაწყვეტილებით, მოსკოვში სასწრაფოდ გამოიძახეს და მოსკოვის "დინამოში" დანიშნეს. იაკუშინის წასვლის შემდეგ, თბილისის "დინამო" ქართული ფეხბურთის ლეგენდას, ბორის პაიჭაძეს ჩააბარეს, რომელიც საქართველოში უზომო ავტორიტეტით სარგებლობდა.
თბილისის "დინამომ" მოსკოვში "ტორპედო" 2:1 დაამარცხა, თამაშის დამთავრებამდე 5 წუთით ადრე სტადიონზე გამოაცხადეს, რომ "მოსკოვის "სპარტაკმა" თამაში წააგო, ჩემპიონები ქართველები გახდნენ"...
ტორპედოელებთან გამარჯვების მერე, დინამოელებს 20 თამაშში 29 ქულა უგროვდებოდათ (მაშინ მოგებაზე 2 ქულა იყო). ლენინგრადის "ზენიტმა" ჩემპიონობაზე დაგეშილ მოსკოვის "სპარტაკს" მოუგო და "ოქროს მატჩში" მონაწილეობისათვის "სპარტაკს" ბოლო ტურში კუიბიშეველებთან გამარჯვება სჭირდებოდა...
4 სექტემბერს თბილისელებისა და მოსკოვის "ტორპედოს" მატჩი მოსკოვის "დინამოს" სტადიონზე გაიმართა. მე-14 წუთზე ანგარიში იური ვარდიმიადიმ გახსნა – 0:1. მე-19 წუთზე გიორგი ანთაძემ "დინამოს" უპირატესობა სოლიდური გახადა - 0:2. ვალენტინ ივანოვმა 71-ე წუთზე მხოლოდ სხვაობის შემცირება მოახერხა და "დინამომ" 1:2 იმარჯვებდა.
მაგრამ თამაშის ბოლოსკენ მოსკოველი გულშემატკივარი უკონტროლო გახდა და ტრიბუნებიდან ანტიქართული შეძახილები დაიწყო – "კავკასიელებო, თქვენი დედა". მსაჯს ქვებს და ბოთლებს ესროდნენ. ფინალური სასტვენის მერე რამდენადმე ასეული მაყურებელი მინდორზე გადმოხტა და მოთამაშეებმა და მსაჯებმა თავი გასახდელს შეაფარეს."ტორპედოს" ფორვარდი ვალენტინ ივანოვი იხსენებდა: "ჩვენ მოვასწარით და მსაჯი ჩვენს გასახდელში გადავმალეთ".
ხულიგანი გულშემატკივრების მცდელობა, შეეღწიათ თბილისელთა გასახდელში, მილიციამ ადვილად აღკვეთა. როდესაც ვითარება დაწყნარდა, კაპიტნებმა, მწვრთნელებმა და მთავარმა მსაჯმა მატჩის ოქმი შეავსეს, მას ხელი მოაწერეს და ამის შემდეგ სტადიონი დატოვეს.
თბილისელებმა პირველობა გასახდელში იზეიმეს და სასტუმროში დასასვენებლად დაბრუნდნენ, მხოლოდ მეორე დღეს გაიგეს, ეს მატჩი უნდა გადათამაშებულიყო, რადგან "ტორპედომ" მსაჯობის შეცდომების გამო საჩივარი შეიტანა და ანგარიში გააპროტესტა.
მას შემდეგ, რაც მატჩის ოქმს მსაჯებმა, მწვრთნელებმა და კაპიტნებმა ხელი მოაწერეს, "ტორპედოს" მწვრთნელმა ნიკოლაი მოროზოვმა "არაობიექტური მსაჯობა" გააპროტესტა.
სად და როდის დააფიქსირა, უცნობია, რადგან თამაშის მერე ეს ან სხვა სახის პრეტენზია მატჩის ოქმში არ დაფიქსირებულა. პირიქით, მეტოქეებმა ერთმანეთს ხელი გაუწოდეს და ასე დაშორდნენ.
მოვლენები საოცარი სისწრაფით შეიცვალა. ტორპედოელთა ფორვარდები ივანოვი და ზოლოტოვი გაოგნებულან, როცა საღამოს პროტესტისა და მეორე დღეს თბილისელებთან ჩასატარებელი გადათამაშების შესახებ შეიტყვეს.
აი, რას ჰყვებოდა მიხეილ იაკუშინი:
"გადამწყვეტ მატჩს მაყურებლის როლში ვუყურებდი. თბილისელებმა სუფთად და სამართლიანად მოიგეს 2:1. თამაშის ბოლოს გამოვარდნენ ხულიგანი მაყურებლები, რომლებიც მსაჯების მიმართ უკმაყოფილებას გამოხატავდნენ, შეაღწიეს ტრიბუნის ქვეშ მდებარე შენობაში და უწესოდ მოქცევა გააგრძელეს. როგორც წესი, ამის გამო, წაგებას მასპინძელ გუნდს ჩაუთვლიდნენ. მაგრამ მოულოდნელად გამოაჩინეს "ტორპედოს" პროტესტი, ვითომ მსაჯების მიერ დაშვებული შეცდომების გამო. წესით, ეს საკითხი არც უნდა განხილულიყო, მაგრამ მაინც მატჩის გადათამაშება გადაწყვიტეს. ეს დიდი უსამართლობა იყო".
4 სექტემბრის მატჩით დინამოელები ჩემპიონები ვერ ხდებოდნენ, თუმცა "ოქროს მატჩში" მონაწილეობას ინაღდებდნენ, ანუ ჩემპიონობისთვის იბრძოლებდნენ. ჩვენებზე ამ გადაწყვეტილებამ საშინლად იმოქმედა - ისინი განადგურებულნი იყვნენ.
დინამოელები მომხდარმა ისეთ დათრგუნა, რომ საბრძოლველად ვეღარ განეწყვნენ, გადათამაშებაში "ტორპედოსთან" 1:4 წააგეს, რაშიც მიკერძოებულმა მსაჯობამაც თავისი როლი ითამაშა, "სპარტაკმა" კი ბოლო, 11 სექტემბრის მატჩში გაიმარჯვა და ჩემპიონობა მოიპოვა.
ყველაზე სკანდალური საბჭოთა მატჩი ერთ-ერთმა რუსმა ჟურნალისტმა ასე მონათლა - "მკვლელობა" პეტროვსკის პარკში" (მოსკოვის "დინამოს" სტადიონი პეტროვსკის პარკში მდებარეობს) - რომლის ანალოგიც საბჭოთა ფეხბურთში არ არსებობდა".
იგივე ჟურნალისტი წერდა: "საბჭოთა ხელისუფლებას არ სურდა, სტალინის გარდაცვალების წელს ჩემპიონი თბილისის "დინამო" გამხდარიყო, რადგან ქართული ნაციონალიზმის გამოვლენის ეშინოდათ".
ეს არ ნიშნავს, რომ "სპარტაკს" გაჩემპიონებაში დაეხმარნენ, ალბათ, უფრო თბილისელებს შეუშალეს ხელი ან მკაცრად დასაჯეს. ვეტერანი ქართველი ფეხბურთელები ამტკიცებენ, როდესაც თბილისის "დინამოს" შესაძლო ჩემპიონობის ამბავი წითელი იმპერიის მაშინდელ მმართველს, ხრუშჩოვს შეატყობინეს, რის გამოც თურმე უზომოდ აღშფოთდა. ამით სსრ კავშირის ჩემპიონატში მოსკოვური კლუბების ჰეგემონიის დასრულდებოდა და თანაც, თბილისის "დინამოს" მიერ?! ის ამას ვერ შეეგუებოდა, რადგან "დინამოს" ბერიას პირმშოდ მიიჩნევდა და ცხადია, დინამოელთა ჩემპიონობაც ლავრენტის წარმატებასთან გაიგივდებოდა.
თბილისელებს ოქროს მედლები 1953 წელს დააკარგვინეს, როცა სტალინი გარდაიცვალა და ხელისუფლებაში ხრუშჩოვი მოვიდა. "დინამომ" უმაღლესი სინჯის მედლები 1964 წლის შემოდგომაზე მოიპოვა - ერთი თვის მერე, როცა ხრუშჩოვი თანამდებობიდან მოხსნეს. განგებამ ეს ორი გუნდი. "დინამო" და "ტორპედო" ერთმანეთს საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატების ისტორიაში პირველ "ოქროს მატჩში", 1964 წელს შეახვედრა. დინამოელებმა მოსკოველებს იმავე ანგარიშით ძლიეს, რა ანგარიშითაც 11 წლის წინანდელი უსამართლო მატჩი დათმეს (4:1), იმპერიის ჩემპიონობა კი პირველად იზეიმეს...