ავსტრალიის სანაპიროსთან ნაპოვნ ძველ ბოთლში წერილები აღმოაჩინეს, რომლებიც ორმა ავსტრალიელმა ჯარისკაცმა პირველი მსოფლიო ომის დროს, ფრონტზე გამგზავრებიდან რამდენიმე დღის შემდეგ დაწერა.
გავრცელებული ინფორმაციით, უნიკალურ აღმოჩენას, რომელიც 1916 წლით თარიღდება, უარტონის პლაჟზე, პერტიდან დაახლოებით 600 კილომეტრის დაშორებით წააწყდნენ.

ადგილობრივმა მცხოვრებმა, რომლებიც პლაჟს ასუფთავებდნენ, ბოთლი შეამჩნიეს და თავდაპირველად ის წყლით სავსე ეგონათ, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ძველებურ, სქელი მინისგან დამზადებულ ჭურჭელში საკმაოდ მხიარულ ტონში, ფანქრით დაწერილი წერილები იყო ჩადებული.
წერილების ავტორები 27 წლის რიგითი მალკოლმ ნევილისა და 37 წლის უილიამ ჰარლი იყვნენ.

ნევილი დედას წერდა, რომ გემზე "ძალიან კარგად" კვებავდნენ და მხოლოდ ერთი კერძი არ მოეწონა რომელიც საბოლოოდ ზღვაში აღმოჩნდა.
"ჩვენი გემი შტორმის დროს ზღვის ტალღებზე ირწევა, მაგრამ ჩვენ არასდროს ვყოფილვართ ასეთ ბედნიერები. სიყვარულით, შენი შვილი, მალკოლმი" - ეწერა ბოლოში.
ნევილი წერილის აღმომჩენს სთხოვდა, რომ მისი ნაწერი დედისთვის — რობერტინა ნევილისთვის — გადაეცა, რომელიც დღეს უკვე თითქმის გამქრალ ქალაქ უილკავეტში ცხოვრობდა.
ჰარლის დედა 1916 წლისთვის უკვე გარდაცვლილი ჰყავდა, ამიტომ მან წერილის მპოვნელს მისწერა, რომ შეეძლო ნაწერი თავისთვის შეენახა.
"ნეტავ ბოთლის აღმომჩენიც ისეთივე კარგ მდგომარეობაში იყოს, როგორც ჩვენ ვართ ამ მომენტში" - წერდა ჰარლი.
რიგითი ნევილი ბოთლის ზღვაში გადაგდებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, საფრანგეთში მიმდინარე ბრძოლებში დაიღუპა. უილიამ ჰარლი ორჯერ დაიჭრა, მაგრამ ომი გადაიტანა და 1934 წელს გარდაიცვალა კიბოთი, რომელიც მისი ოჯახის განცხადებით, ომის დროს გაზით მოწამვლამ გამოიწვია.
ბრაუნების ოჯახმა, რომლებმაც ბოთლი იპოვეს შეძლეს ჯარისკაცების ოჯახებთან დაკავშირება და საუკუნეზე მეტი ხნის წინ დაწერილმა ისტორიებმა ბოლოს მაინც იპოვეს ადრესატი.