ოთხშაბათ დილით, რიო-დე-ჟანეიროს ფაველა პენიის კომპლექსის ქუჩებში (ქალაქის უღარიბესი რაიონები) ათეულობით ცხედარი იყო გამოფენილი, ეს არის ქალაქის ისტორიაში ყველაზე მომაკვდინებელი საპოლიციო ოპერაციის შედეგი, რომელიც ერთ-ერთი გავლენიანი ბანდის წინააღმდეგ იყო მიმართული.




რიო-დე-ჟანეიროს შტატის ხელისუფლების ცნობით, სამშაბათს ჩატარებულ რეიდებში სულ მცირე 64 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ოთხი პოლიციელი. ოპერაციაში დაახლოებით 2,500 სამართალდამცველი მონაწილეობდა. ოპერაციის შედეგად პოლიციამ 93 შაშხანა და ნახევარი ტონა ნარკოტიკები ამოიღო.
32 ჯავშანტრანსპორტიორით, ორ ვერტმფრენით, 12 სანგრევი მანქანითა და დრონებით აღჭურვილი, მძიმედ შეიარაღებული პოლიციელები, სამშაბათს რიო-დე-ჟანეიროს ჩრდილოეთით, ორ ფაველაში შეიჭრნენ. სროლები რამდენიმე საათის განმავლობაში ისმოდა, ოპერაციის ადგილზე ცეცხლის ალი და კვამლიც ჩანდა.


ცენტრალური ხელისუფლების განაცხადებით, ოპერაცია “კომანდო ვერმელიოს“ (Comando Vermelho — „წითელი კომანდოს“) სახელით ცნობილი ნარკოკარტელის ქსელის გაფართოების შეჩერებას ისახავდა მიზნად.


შტატის გუბერნატორმა კლაუდიო კასტრომ ოპერაციას "ომის მაგვარი ქმედებები" უწოდა და აღნიშნა, რომ ეს იყო ყველაზე მასშტაბური ოპერაცია შტატის ისტორიაში.
მან სოციალურ ქსელში გააზიარა ვიდეო, სადაც ნაჩვენებია როგორ აგდებს სავარაუდოდ კრიმინალების მიერ მართული დრონი ბომბს პოლიციის თავზე.

ჯამში პოლიციამ 81 პირი დააკავა.
დეპუტატმა ენრიკე ვიეირამ, რომელიც ამავდროულად ევანგელისტი მღვდელიცაა, მკაცრად გააკრიტიკა ოპერაცია: "შტატის მთავრობა ფაველას მტრის ტერიტორიად მიიჩნევს — სადაც სროლისა და მკვლელობის ნებართვა აქვთ" — დაწერა მან X-ზე.

ძალადობა ასევე დაგმო გაეროს ადამიანის უფლებების ოფისმაც და განაცხადა, რომ "შეძრწუნებულია მომხდარით".
"ეს სისხლიანი ოპერაცია ასახავს პოლიციის მოქმედებების უკიდურესად ლეტალურ შედეგებს ბრაზილიის მარგინალიზებულ თემებში, გვინდა ხელისუფლებას შევახსენოთ საერთაშორისო სამართლის ვალდებულებები და მოვუწოდოთ მომხდარზე სწრაფი და ეფექტური გამოძიების ჩატარება" - ნათქვამია განცხადებაში
გასულ წელს მხოლოდ რიოში საპოლიციო ოპერაციებს 700 ადამიანი ემსხვერპლა.