პოლონეთის ქალაქ ლიპსკოში, საქართველოს 39 წლის მოქალაქე არასრულწლოვან ქალიშვილზე ფსიქიკური და ფიზიკური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. ინციდენტი ოჯახური დაპირისპირების დროს მოხდა.
პოლონური მედიისა და ლიპსკოს პოლიციის ინფორმაციით, გასულ კვირას, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა საქართველოს მოქალაქემ ოჯახში ჩხუბი დაიწყო, რა დროსაც 11 წლის ქალიშვილს დანით სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. მამაკაცის, მისი მეუღლის და 11 წლის ქალიშვილის გარდა, სახლში კიდევ იმყოფებოდა მისი სამი არასრულწლოვანი შვილი, რომელთა ასაკი 15, 12 და 2 წელია.
შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე დაუყოვნებლივ მივიდა პოლიციის პატრული, რომელმაც 39 წლის მამაკაცი დააკავა და დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანა.
პოლიციისა და პროკურატურის ერთობლივი და გადამწყვეტი მოქმედებების შედეგად, ოჯახის დაუყოვნებლივ დაცვის მიზნით, დაკავებულის მიმართ რამდენიმე მკაცრი პრევენციული ღონისძიება გატარდა.
მამაკაცს დაევალა, პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, დაუყოვნებლივ დატოვოს დაკავებული საცხოვრებელი ბინა. მას ასევე აეკრძალა დაზარალებულებთან (მეუღლე და შვილები) მიახლოება და მათთან ნებისმიერი სახის კონტაქტი. აეკრძალა შესვლა იმ სკოლაში/დაწესებულებაში, სადაც მისი შვილები სწავლობენ. გარდა ამისა, მამაკაცს დაუწესდა პოლიციის ზედამხედველობა და აეკრძალა პოლონეთის დატოვება.
პოლიციაში აცხადებენ, რომ სამსახურების გადამწყვეტმა ჩარევამ შესაძლებელი გახადა "ძალადობის ჩამდენი პირის სწრაფი იზოლირება და მისი ახლობლების დაცვის უზრუნველყოფა“. გამოფხიზლების შემდეგ 39 წლის მამაკაცი გადაყვანილ იქნა ლიპსკის რაიონულ პროკურატურაში, სადაც მას წაუყენეს ქალიშვილზე ფსიქიკური და ფიზიკური ძალადობის ბრალდება.