"მე ვარ ეზოდან მოტაცებული ადამიანი, დაახლოებით 100 მეტრში, ბუნკერთან მივიტანე ხელის ურიკით ნაგავი - ფოთლები და რაღაც ტოტები... იმ დღეს 60-70 კაცი იყო იქ, სამოქალაქო ფორმაში... სულ ბანდიტები ვუძახე, კი მეუბნებოდნენ, - რატომ გვაკადრებ, ქალბატონოო?! რანაირად?! ჩემი თუ ამ რეჟიმს ეშინია, კალოშებიანი ლიანასი… მაშინ ეს რეჟიმი დამხობილია მშვიდობიანად", - ეს სიტყვები საპატიმროდან გამოსულმა 64 წლის აქტივისტმა ლიანა მუშკუდიანმა თქვა, რომელსაც რუსთაველზე გზის გადაკეტვისთვის სამი დღე ჰქონდა მისჯილი.
ვიდეომ, რომელშიც ლიანა მუშკუდიანი აღნიშნულ სიტყვებს ამბობს, სოციალური ქსელი მოიარა და ადამიანებში პოზიტიური განწყობა გააჩინა.
ლიანა მუშკუდიანს ambebi.ge დაუკავშირდა და მის ახლოს გასაცნობად ინტერვიუ ჩაწერა. მისი ცხოვრება საქართველოს უახლესი ისტორიის ზუსტი ანარეკლია - ომები, ემიგრანტობა, ბრძოლა უკეთესი მომავლისთვის...
- ვიდეო, რომელიც თქვენი საპატიმროდან გამოსვლის ეპიზოდს ასახავს და ჟურნალისტმა ნინო ჯანგირაშვილმა გადაიღო, ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა. იმ კადრებში, სადაც არც ისე სასიამოვნო ამბავს ჰყვებით, იგრძნობა, რომ იუმორის კარგი გრძნობა გაქვთ...
- რომ გამოვედი, ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი შევიცანი. იქ დამხვდა. ტელეფონით გადაგიღებთო და რაღაცები ვთქვი... მერე ხალხი მირეკავდა, მათ შორის, ემიგრანტები ამერიკიდან, აღფრთოვანებულები ვართო, - მეუბნებოდნენ... საერთოდ ცხოვრებაში იუმორმა მიშველა. ყველას უხარია ჩემთან გასაუბრება, ყოფნა, მიყვარს ადამიანები, ყველას ვეხვეწები, ვამშვიდებ, რომ ემოციებს არ აჰყვნენ.
ჩემი დაკავების მომენტიდანვე ჩემში გადავკეტე პანიკა, რათა მშვიდად შევხვედროდი იმ ყველაფერს, სიტუაცია შემემსუბუქებინა.
ჩემს აყვანაში ათეულობით ადამიანი მონაწილეობდა. მიზანში ვყავდი მათ აყვანილი, რადგან გზის გადაკეტვისას ორი ადამიანი თუ გადადიოდა, მესამე მე ვიყავი ხოლმე.

- საპატიმროდან რომ გამოხვედით, ისევ წახვედით აქციაზე?
- ერთი დღე დავიძინე და მერე ისევ წავედი. იქ მთხოვეს, გადაკეტვა აღარ გინდა, საკმარისია, შენი ვალი ქვეყნის წინაშე უკვე მოიხადეო... ისეთი აღშფოთება გამოუწვევია ჩემს დაპატიმრებას იქ, რომ ჩემი ძირს დავარდნილი დროშა ახალგაზრდებმა აიტაცეს... მეზობლები, ხალხი მეკითხება, - არ გეშინიაო? ამ აყვანისთვის მზად ვიყავი...
- თქვენზე უფრო მეტი გვითხარით...
- 1961 წლის 9 მაისს ქუთაისში დავიბადე. იქვე დავამთავრე მე-15 საშუალო სკოლა და შემდეგ უკვე სამშენებლო ტექნიკუმი. 1987 წელს რუსეთში სამშენებლო ინსტიტუტში მოვეწყე. იმ მხარესა და ქალაქში ვიყავი, სადაც იმ პერიოდში თურმე ბიძინა ივანიშვილიც მოღვაწეობდა, თუ ბიზნესი დაიწყო...
ეს არის ციმბირი - კრასნოიარსკის მხარე, ქალაქი კრასნოიარსკი. გამოდის, მე და ბიძინა ივანიშვილი ერთდროულად ვიმყოფებოდით ციმბირში.
- რამდენ ხანს იყავით იქ?
- ჩემი და იქ 1975 წელს წავიდა, სადაც პერიოდულად მეც ჩავდიოდი. იმ ქალაქში თბილისიდან პირდაპირი ფრენები იყო ხოლმე. 1987 წელს კი სასწავლებლად წავედი, სადაც 1989 წელს 9 აპრილის ტრაგედიამდე დავრჩი. შემდეგ ქართველები იქიდან ჩვენს ქვეყანაში დავბრუნდით. სწავლა ქუთაისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სამშენებლო-სამოქალაქო მრეწველობის ფაკულტეტზე გავაგრძელე. პროფესიით მშენებელი ინჟინერი ვარ.
ჩემი სტუდენტობა აფხაზეთის ომს დაემთხვა. ინსტიტუტი 1993 წელს დავამთავრე. 90-იან წლებში, მოგეხსენებათ, უმძიმესი პერიოდი იყო, უშუქობა და დიდი გასაჭირი და ლუკმა-პურის ფული რომ მეშოვა, თბილისში წამოვედი. დეზერტირების ბაზარში ვმუშაობდი, ვვაჭრობდი. შემდეგ ვერის ხეობაში, მიწის ნაკვეთი შევიძინე და 40 კვადრატული სახლი ავაშენე. ბევრი რამ მარტომ გავაკეთე, ვცდილობდი და კიდევ ვცდილობ, სირთულეებს გავუძლო. მარტო ვცხოვრობ, დაუოჯახებელი ვარ... 2007 წელს სამუშაოდ თურქეთში წავედი და ძალიან მძიმე, ჩავარდნილ მოხუცებს ვუვლიდი...
- და ის ერთი გყავთ, რომელიც ახსენეთ?
- 4 დედმამიშვილი ვართ - 2 და და 2 ძმა. ჩემი და 45 წელზე მეტია, ციმბირშია, ერთ-ერთი ძმა რუსეთში ჩემს დასთან იყო და თავისი ცოლ-შვილით ქუთაისში ჩამოვიყვანეთ. იქ საკუთარი სახლი გვაქვს, სადაც თავისი რუსი მეუღლით და შვილებით დაფუძნდა, ერთი ძმა კი ყაზახეთშია.
თურქეთში აღარ წავსულვარ, რადგან მატერიალურად ჩემი და უზრუნველმყოფდა, იქიდან მეხმარებოდა და ასევე მეხმარებოდა ძმაც - ხელოსანია. რეალურად კი სოციალურად დაუცველი ვარ.
- თქვენი დაკავების თემას რომ დავუბრუნდეთ - რა გახდა ამის მიზეზი და როდიდან დადიხართ აქციებზე?
- უკვე თვეებია, დავდივარ ისე, რომ თითქმის დღე არ ჩამიგდია. ხომ ვთქვი, გზის გადაკეტვაში ვმონაწილეობდი. 20 ოქტომბრის გადაკეტვას მედავებოდნენ, ამბავი ასე იყო - რომ მივედი, გზა გადაკეტილი დამიხვდა და მერე მეც გადავედი, პირბადე არ მეკეთა. ამიტომ 20 ოქტომბრის ჩანაწერით ჩემი ამოცნობა იოლად მოხდა. 22-ში კი ჩემს საცხოვრებელ სახლთან მოვიდნენ, ქუჩის თავსა და ბოლოში დადგნენ. როცა დარწმუნდნენ იმაში, რომ იქ ვცხოვრობდი, ჩემს დაკავებას შეუდგნენ. ნაგავი გადასაყრელად საღამოს რომ არ ამეტანა იქ, სადღაც მაინც დამაკავებდნენ. მათი დამოკიდებულება ასეთია, რომ აუცილებლად ვიღაც დააკავონ, რომ ხალხი დაშინდეს და აქციაზე არ გავიდეს.
საპატიმროში სამი დღე და ღამე ვიყავი. ჩემთან ერთად იყვნენ: ჟურნალისტი ქეთა ციცქიშვილი, ნინო სვანიძე, კიდევ ერთი ნინო. ჩემი აყვანის წუთიდან იყო კანონდარღვევა. არ ვიცი, ვინ იყვნენ ისინი, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულები, რომ მომადგნენ. ტელეფონი და ღირებული ხელსაწყო ეზოში მქონდა დატოვებული. ვეხვეწებოდი, სახლში ტელეფონი მაინც შემატანინეთ ან თუნდაც თან წამომაღებინეთ, ვერავის ნომერს ვერ გავიხსენებ და დავრჩები, აბსოლუტურად, დაუცველი-მეთქი. ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს, თავი მოიკლეს ეზოში არ გამიშვეს და არც თვითონ გამომყვნენ. ასე დარჩა ღია ცის ქვეშ ტელეფონი და ის ხელსაწყო. მერე მეზობლებმა მიხედეს. სამი დღე იქ უტელეფონოდ, უპატრონოდ ვიყავი, ვერავის ვუკავშირდებოდი და ვერ ვატყობინებდი, რა ხდებოდა ჩემს თავს.
- თავიდან რამ გამოგიყვანათ აქციაზე და რა გაიძულებთ ყოველდღე იქ სიარულს?
- გაყალბებული არჩევნებიდან დაწყებული, ევროკავშირთან მოლაპარაკების შეწყვეტით გაგრძელებული, ასევე უსამართლო სასამართლო, ახალგაზრდების ცემის საშინელი ფაქტები, ჩვენი მომავალი თაობის წამება და მათ მიმართ არაადამიანური მოპყრობა. ზოგიერთი დაამახინჯეს, დაასახიჩრეს, ვიღაცას მხედველობა დააკარგვინეს, ზოგს მენტალური პრობლემები შეექმნა... აქციებზე მოსულები დაზარალებული ახალგაზრდები ჰყვებოდნენ, რომ ჯერ კიდევ მკურნალობის პროცესს გადიან, აქვთ დეპრესია, შიში... მათი საცოდაობით გული მეწვის.
- ქუთაისური გარემო, იქაური კოლორიტული სიტუაციები არ გენატრებათ თბილისში?
- მე იმის მომხრე ვარ, რომ ადამიანი რა კუთხიდანაც არის, იმას არ უნდა მოშორდეს. შეიძლება მოინახულო თბილისი, მოეფერო და ისევ უკან წახვიდე... დღეს თბილისში მთელი საქართველო ცხოვრობს... საბოლოდ იმ გარემოში დაბრუნებას ვაპირებ, სადაც გავიზარდე. თბილისში მძიმე ცხოვრების მეტი არაფერი მინახავს. ქალი შენი ხელით საძირკველს რომ მოჭრი, კედლებს რომ აშენებ, წარმოიდგინეთ, როგორია?!. ქუთაისში ძმისშვილები მყავს და ალბათ გარკვეული დროის შემდეგ იქაურობას დავუბრუნდები.