თურქეთის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ გებზეში 7 სართულიანი საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა, რის შედეგადაც ერთი ოჯახის ოთხი წევრი დაიღუპა.
სამაშველო ოპერაციაში 627 მაშველი მონაწილეობდა.

როგორც თურქეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო, "ანადოლუ" წერს, შენობის დანგრევის მიზეზი უცნობია, თუმცა გებზეს მერი, ზინურ ბუიუკოზი ამბობს, რომ ტრაგედია ტერიტორიასთან ახლოს მეტროს მშენებლობას შეეძლო გამოეწვია.
თურქული მედიის ინფორმაციით, შენობა 2012 წელს აშენდა. გებზეს მერმა ზინურ ბუიუკგოზმა განაცხადა, რომ შენობაში სულ ორი ოჯახი ცხოვრობდა, თუმცა ერთი ოჯახი შინ არ იმყოფებოდა.

გებზე ანატოლიის იმ რეგიონში მდებარეობს, სადაც 1999 წელს 7.6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რის შედეგადაც 18 ათას ადამიანზე მეტი გარდაიცვალა.
ამ წლის იანვარში, თურქეთის სხვა ქალაქში, კონიაში დაინგრა 4 სართულიანი შენობა, რამაც 2 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. შენობის პირველ სართულზე მაღაზიების მფლობელები ახლა სასამართლოს ელოდებიან. ვარაუდობენ, რომ მეტი სივრცისთვის, მათ შენობას საყრდენი ბოძები გამოაცალეს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში შესაძლოა, 22 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოთ.
ექსპერტები დიდი ხანია ამბობენ, რომ თურქეთში დანგრეული შენობების დიდი რაოდენობა მიწისძვრის კი არა, სახლების ასაგებად გამოყენებული დაბალი ხარისხის მასალის ბრალია.
მოამზადა საბა ჩიტიაშვილმა