19 წლის ბელა კალი (Bella Culley), დიდი ბრიტანეთის მოქალაქე, რომელიც საქართველოში ნარკოტიკების კონტრაბანდისთვის დააკავეს, ამ ეტაპზე კვლავ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში რჩება, თუმცა არ არის გამორიცხული, მალე პატიმრობას თავი დააღწიოს. მას შემდეგ, რაც მისმა ოჯახმა უზარმაზარი თანხა - 140 000 ფუნტი სტერლინგი საპროცესო გარიგების პირობების ფარგლებში გადაიხადა, მას პატიმრობა უნდა შეუმცირდეს, თუმცა, როგორც ირკვევა, მისი ადვოკატი ახლა მიხეილ ყაველაშვილისგან, შეწყალებას ითხოვს, - რის თაობაზეც უცხოური მედია წერს.
ახალგაზრდა ქალი, რომელიც ა.წ. მაისში, თბილისში 200,000 ფუნტის ღირებულების კანაფის შემოტანისთვის დააკავეს, საპროცესო შეთანხმებას მიაღწია, რის შედეგადაც 2 ნოემბერს მას ორწლიანი პატიმრობა მიესჯება. ამის სანაცვლოდ, მისმა ოჯახმა 500,000 ლარი (£140,000) ჯარიმა გადაიხადა.
მისი ადვოკატი მალხაზ სალაყაია ცდილობს, რომ ბელა სასჯელისგან სრულად გათავისუფლდეს და ამისთვის ყაველაშვილს მიმართავს, რათა ქალის ორსულობისა და სხვა შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, შეწყალება მიიღოს.
მალხაზ სალაყაიას თქმით, შეწყალების შემთხვევაში ბელა კალი ქვეყანას დაუყოვნებლივ დატოვებს. შეწყალებაზე უარის თქმის შემთხვევაში, ადვოკატი პირობით ვადამდე გათავისუფლების (ე.წ. უდო) შესაძლებლობას განიხილავს, რაც პენიტენციური სისტემის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.
"ბელა კალს, რომელიც დეკემბერში იმშობიარებს, უკვე ექვსი თვე აქვს მოხდილი. საპროცესო შეთანხმების შემდეგ, მას წინ კიდევ 18 თვე ელოდება გისოსებს მიღმა. მისი ორსულობის მიუხედავად, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების ყველა მცდელობა უარყოფილია. იმ შემთხვევაში, თუ შეწყალების აქტი არ შედგება, გოგონას შეეძლება ბავშვი საპატიმროში გაზარდოს. ადვოკატის თქმით, მას გამოეყოფა "ცალკე, სპეციალური ოთახი“, რომელიც მის საჭიროებებზე იქნება მორგებული", - წერს "დეილი მეილი" .
სალაყაიამ აღნიშნა, რომ ქართული კანონი არ ითვალისწინებს ავტომატურ არასაპატიმრო ღონისძიებას მშობიარობამდე, რადგან დაკავებისას ქალი ჯერ არ იყო დედა.

"ბელა კალის ბედი მიხეილ ყაველაშვილის ხელშია. ყაველაშვილი, ყოფილი ფეხბურთელია, რომელმაც ერთ ხანს ინგლისურ "მანჩესტერ სიტიში" თამაშობდა, ის მმართველი ძალის, "ქართული ოცნების“ წევრია.
პრეზიდენტის პოსტი ყაველაშვილმა შარშან, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიკავა, რომელსაც კრიტიკოსები სადავოდ და ავტორიტარულად მიიჩნევენ. ის 2016 წლიდან იყო პარლამენტარი, ცნობილია ანტიდასავლური შეთქმულების თეორიების გავრცელებით, მათ შორის "გლობალური ომის პარტიის“ შესახებ - წერს მედია.
ბელა ამტკიცებს, რომ ის იძულებული იყო, რომ ნარკოტიკები ტაილანდიდან საქართველოში გადაეტანა. მისი თქმით, ტაილანდურმა დაჯგუფებამ ის ცხელი უთოთი დაწვა და თავის მოკვეთის ვიდეო აჩვენა. ის ასევე ამბობს, რომ თბილისში ჩაფრინდა, რადგან ეგონა, რომ ეს ქვეყნის სახელი იყო და არ იცოდა, რომ მის ბარგში 14 კგ უკანონო ტვირთი იყო დამალული.
ეს შემთხვევა ემთხვევა ბრიტანული დაჯგუფებების მიერ "ბექფაქერების" (ზურგჩანთიანი მოგზაურების) გამოყენების ზრდას, რომლებიც ტაილანდში კანაფის ლეგალიზების შემდეგ, დიდი მოგების მიზნით, ნარკოტიკების კონტრაბანდისთვის არიან დაგეშილი.
განაჩენის გამოცხადება დაგეგმილია ორშაბათს, ადგილობრივი დროით 14:00 საათზე.
წაიკითხეთ ასევე: