ავტორი:

33-წლიანი პაუზის შემდეგ, აშშ-ს ბირთვული იარაღის გამოცდა სურს - რა შედეგს მოიტანს ეს და რომელ ქვეყანას აქვს ყველაზე დიდი არსენალი

33-წლიანი პაუზის შემდეგ, აშშ-ს ბირთვული იარაღის გამოცდა სურს - რა შედეგს მოიტანს ეს და რომელ ქვეყანას აქვს ყველაზე დიდი არსენალი

ხუთშაბათს, ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან შეხვედრის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 33-წლიანი შესვენების შემდეგ, შეერთებული შტატების შეიარაღებულ ძალები დაუყოვნებლივ განაახლებენ ბირთვული იარაღის გამოცდებს.

  • აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის განცხადებით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადება ბირთვული ტესტირების პოტენციურად განახლების შესახებ დაკავშირებულია აშშ-ის ბირთვული არსენალის ფუნქციონირების შენარჩუნების აუცილებლობასთან.

ვენსმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ტრამპის განცხადება "თავისთავად მეტყველებს“ და დასძინა, რომ აშშ-ს, რუსეთს და ჩინეთს "დიდი ბირთვული არსენალი“ აქვთ.

"ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ნაწილია იმაში დარწმუნება რომ ჩვენს ხელთ არსებული ბირთვული არსენალი რეალურად სწორად ფუნქციონირებს და ეს ტესტირების რეჟიმის ნაწილია“,- აღნიშნა ვენსმა.

რა მოხდება თუ ცდები განახლდება?

ქუინსის უნივერსიტეტის საერთაშორისო თავდაცვის პოლიტიკის ცენტრის წარმომადგენლის, მაქსიმ სტარჩაკის თქმით, ამით მხარეები მიიღებენ უფრო მეტ ტექნიკურ ინფორმაციას და შეეცდებიან თავიანთი შეიარაღების გაუმჯობესებას.

"თუ რუსეთი ნამდვილად ემზადება ბირთვული იარაღის ცდისთვის, მას შეეძლო ამის გაკეთება დაუყოვნებლივ და სწრაფად. არა მგონია, რომ ეს რუსეთისთვის სასარგებლო იყოს“, - დასძინა მან.

შეიარაღების კონტროლის ასოციაციის ხელმძღვანელი, დერილ კიმბოლი კი მიიჩნევს, რომ ბირთვული იარაღის ტესტირებამ შეიძლება ძირი გამოუთხაროს ბირთვული გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულებას. შესაძლოა, ამ ყველაფერმა რუსი, ამერიკელი ან ჩინელი სამხედრო ბირთვული მეცნიერების მუშაობა არ დააჩქაროს, მაგრამ სამაგიეროდ დაეხმაროს იმ ქვეყნებს, რომლებსაც შთამბეჭდავი არსენალი არ გააჩნიათ და ამ ქვეყნებმა შეძლონ თავიანთი იარაღის მოდერნიზაცია და გაფართოება

რამდენი ბირთვული გამოცდა ჩატარდა, რატომ შეჩერდა ისინი და რატომ შეიძლება ვინმემ ხელახლა დაიწყოს მათი გამოცდა?

ბირთვული ხანა

ბირთვული ეპოქა 1945 წლის ივლისში დაიწყო, როდესაც შეერთებულმა შტატებმა ნიუ-მექსიკოს შტატში, ალამოგორდოს პოლიგონზე, 20 კილოტონიანი ატომური ბომბი გამოსცადა. ამას 1945 წლის აგვისტოში ჰიროსიმისა და ნაგასაკის ატომური დაბომბვა მოჰყვა, რასაც ორივე ქალაქში ჯამში 214 ათასი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და მეორე მსოფლიო ომში იაპონიის კაპიტულაციით დასრულდა.

საბჭოთა კავშირმა დასავლეთი შოკში ჩააგდო, როდესაც მხოლოდ ოთხი წლის შემდეგ — 1949 წლის აგვისტოში — თავისი პირველი ბირთვული ბომბი ააფეთქა.

1945 წლიდან 1996 წლამდე როდესაც, ბირთვული გამოცდების საყოველთაო აკრძალვის ხელშეკრულებას (CTBT)) მოეწერა ხელი, გაეროს მონაცემებით მთელ მსოფლიოში 2,000-ზე მეტი ბირთვული გამოცდა ჩატარდა, აქედან:

  • აშშ — 1,032
  • საბჭოთა კავშირი — 715
  • დიდი ბრიტანეთი — 45
  • საფრანგეთი — 210
  • ჩინეთი — 45

CTBT- ის ხელმოწერის შემდეგ სულ 10 ბირთვული გამოცდა განხორციელდა : ინდოეთი — 2 (1998) პაკისტანი — 2 (1998), ხოლო ჩრდილოეთ კორეა — 2006, 2009, 2013, 2016 (ორჯერ) და 2017 წლებში.

აშშ-მ ბირთვული შეიარაღება უკანასკნელად 1992 წელს გამოსცადა, ჩინეთმა და საფრანგეთმა — 1996 წ. , ხოლო საბჭოთა კავშირმა — 1990 წ.-ს.

რუსეთს, რომელმაც საბჭოთა ბირთვული არსენალის უმეტესი ნაწილი მემკვიდრეობით მიიღო, ბირთვული ბომბი არასდროს გამოუცდია. გასულ კვირას მან ბირთვულ ძრავაზე მომუშავე რაკეტისა და ტორპედოს საცდელი გაშვება განახორციელა, თუმცა ბირთვული ქობინის გამოცდა არ ჩაუტარებია.

რატომ შეწყდა ბირთვული გამოცდები?

მსოფლიოში მზარდი შეშფოთება დაიწყო იმ ზემოქმედებასთან დაკავშირებით, რასაც ბირთვული გამოცდები ატმოსფეროს, ნიადაგსა და წყალზე ახდენდა და შესაბამისად უარყოფითად აისახებოდა ადამიანების ჯანმრთელობასა და ეკოლოგიაზე.

დასავლეთის გამოცდებმა წყნარ ოკეანეში და საბჭოთა კავშირის გამოცდებმა ყაზახეთსა და არქტიკაში, ბუნებისა და ადამიანებისთვის მძიმე შედეგები მოიტანა.

  • აქტივისტების თქმით, ბირთვული შეიარაღების გამოცდის შედეგად ხმელეთის უზარმაზარი ფართობი დაბინძურდა, რამაც ათწლეულების განმავლობაში მილიონობით ადამიანში ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები გამოიწვია.

ექსპერტების აზრით, ცივი ომის დროს ბირთვული გამოცდების შეზღუდვამ საგრძნობლად შეუწყო ხელი მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის დაძაბულობის შემცირებას.

1996 წლის 24 სექტემბერს 187 ქვეყნის მიერ ხელმოწერილი CTBT კრძალავს ბირთვულ აფეთქებებს ყველასთვის და ყველგან. რუსეთმა ხელშეკრულებას ხელი 1996 წელს მოაწერა, თუმცა რატიფიცირება 2000 წელს მოახდინა.

აშშ-მ აღნიშნულ ხელშეკრულებას ხელი ასევე 1996 წელს მოაწერა, თუმცა რატიფიცირება დღემდე გაუკეთებია. 2023 წელს ვლადიმირ პუტინმა ოფიციალურად გააუქმა რუსეთის რატიფიცირება, რითაც ქვეყანა აშშ-სთან თანასწორ მდგომარეობაში ჩააყენა.

რატომ შეიძლება ბირთვული გამოცდები კვლავ დაიწყოს?

ორი მთავარი მიზეზი — ახალი მონაცემების მიღება ან პოლიტიკური მესიჯის გაგზავნა

ბირთვული გამოცდები საშუალებას იძლევა გაირკვეს, როგორ იმუშავებს ახალი შეიარაღება — და კვლავ ეფექტურია თუ არა ძველი. ტექნიკური მონაცემების მიღების გარდა, ასეთი გამოცდა რუსეთსა და ჩინეთში აღიქმება როგორც აშშ-ის სტრატეგიული ძალის დემონსტრირება.

აშშ-მ ბოლო, რიგით 1054-ე ბირთვული ბომბი, კოდურ სახელწოდებით "გამყოფი: ნევადის შტატის დასავლეთ ნაწილში მდებარე მიწისქვეშა ობიექტზე გამოსცადა, როგორ ექსპერტები აღნიშნავენ, "ამ ადგილისთვის ბირთვული იარაღის სატესტო ავტორიზაციის ხელახალი მინიჭების შემთხვევაში გამოცდებისთვის მომზადებას მინიმუმ 36 თვე დასჭირდება.

რა რაოდენობის ბირთვული იარაღი არსებობს დღეს მსოფლიოში

ყოველი ქვეყანა ცდილობს თავისი მონაცემები გაასაიდუმლოოს, თუმცა ამერიკის მეცნიერთა ფედერაციის ინფორმაციის მიხედვით:

  • რუსეთს დაახლოებით 5,459 ბირთვული ქობინი გააჩნია.
  • აშშ-ს — 5,177

ეს ციფრები ასევე შეიარაღებიდან მოხსნილ და საწყობში შენახულ და ქობინებსაც მოიცავს.

Arms Control Association-ის მონაცემების მიხედვით:

აშშ-ს 5,225 ქობინი აქვს, ხოლო რუსეთს — 5,580

ბირთვული ქობინების რაოდენობამ პიკს 1986 წელს მიაღწია, ამ დროს მთელი მსოფლიოს არსენალი 70,000-ზე მეტ ქობინს ითვლიდა, საიდანაც უმეტესობა საბჭოთა კავშირსა და აშშ-ს ეკუთვნოდა. დღეს მათი რაოდენობა დაახლოებით 12,000-მდე შემცირდა, თუმცა უმეტესობა კვლავ ამ ორი ქვეყნის განკარგულებაშია.

ბირთვული შეიარაღების მქონე მესამე მესამე უდიდეს ძალა ჩინეთია, რომელსაც 600 ქობინი გააჩნია.

შემდეგ მოდიან:

  • საფრანგეთი — 290
  • დიდი ბრიტანეთი — 225
  • ინდოეთი — 180
  • პაკისტანი — 170
  • ისრაელი — 90
  • და ჩრდილოეთ კორეა — 50

რუსეთი, აშშ და ჩინეთი ერთდროულად ახორციელებენ თავიანთი ბირთვული არსენალის მასშტაბურ მოდერნიზაციას.

წყარო