პედრო ალონსო ლოპესმა, რომელსაც “ანდების მონსტრის“ სახელით იცნობენ, კოლუმბიაში, ეკვადორში და პერუში ასეულობით გოგონა დაახრჩო. დღეს კი მისი ზუსტი ადგილსამყოფელი უცნობია.

ლოპესი 1948 წლის ოქტომბერში კოლუმბიის ტოლიმას რეგიონში დაიბადა. მისი ცხოვრება ქაოსითა და ძალადობით იყო სავსე. მამა დაბადებიდან მალევე მოუკლეს, დედა კი, რომელიც სექს - მუშაკი იყო, 13 ბავშვს სიღარიბეში ზრდიდა.
გარდა იმისა, რომ ლოპესმა პატარა ასაკშივე გამოავლინა სისასტიკისკენ მიდრეკილება, მსხვერპლიც იყო - 8 წლის ასაკში დედამ ის სახლიდან გააგდო, ცოტა ხანში პატარა ლოპესი ბავშვების ბანდას შეუერთდა, ქუჩაში იძინებდა და ნარჩენებით იკვებებოდა. მისი თქმით, მას ხშირად აუპატიურებდნენ როგორც მოზრდილები, ისე ზრდასრული მამაკაცები.
12 წლის ასაკში პედრო ამერიკელი მისიონერების ოჯახმა იშვილა, საიდანაც ფულის მოპარვის შემდეგ გაიქცა. 18 წლის ასაკში, ლოპესი მანქანის ქურდობისთვის ბოგოტას ციხე “ლა მოდელოში“ გაგზავნეს. ციხეში ჩასვლის მეორე დღესვე ის სამმა პატიმარი გააუპატიურა. პედროს შურისძიება სწრაფი და სასტიკი იყო - თვითნაკეთი დანა დაამზადა და სამივე პატიმარი მოკლა.
პედრო ალონსო ლოპესი კოლუმბიაში, ეკვადორში და პერუში მოგზაურობდა. მისი სამიზნე ღარიბი, ადგილობრივი წარმოშობის ახალგაზრდა გოგონები იყვნენ. პედრო მათ ხშირად ფულს ან საჩუქარს აძლევდა და ეუბნებოდა რომ ავტობუსის გაჩერების პოვნაში სჭირდებოდა დახმარება. როცა მსხვერპლთან მარტო რჩებოდა, საატიკად კლავდა.
1979 წლისთვის ეკვადორის ქალაქ ამბატოს მახლობლად ბავშვების გაუჩინარებამ შემაშფოთებელი მასშტაბი მიიღო, სასოწარკვეთილი მშობლები ქუჩაში ცნობებს აკრავდნენ და განცხადებებს აქვეყნებდნენ გაზეთებში, თუმცა პოლიცია გაუჩინარებებს ოჯახურ დავებს და ბავშვებით მოვაჭრეებს აბრალებდა.
სიმართლე თავისთავად გამჟღავნდა, როდესაც ძლიერი წვიმების შემდეგ, დატბორილ მიწაში 4 გოგონას ცხედარი აღმოაჩინეს. იმავე პერიოდში, ლოპესმა კიდევ ერთი ბავშვის, 12 წლის მარია პოვედას გატაცება სცადა, მაგრამ დედა ჩაერია და განგაში ატეხა. ადგილობრივებმა მოძალადე დაიჭირეს და პოლიციას გადასცეს.
მკვლელმა ყველა მისი სასტიკი დანაშაული აღიარა და დეტალურად აღწერა. პოლიციამ 53 ცხედარი აღმოაჩინა და 110 მკვლელობაზე მიიღო ოფიციალური აღიარება. ლოპესმა ასევე აღიარა, რომ კოლუმბიასა და პერუში კიდევ ასობით გოგო მოკლა, ჯამში შესაძლოა 300-ზე მეტი.

ის, კიტოში მდებარე, განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომების მქონე ციხეში გაგზავნეს. ციხეში ყოფნისას ლოპესი ხშირად იძლეოდა ინტერვიუებს, თუმცა თავს ხან უდანაშაულოდ მოიხსენიებდა, ხანაც თავისი ნამოქმედარით ამაყობდა.

1994 წელს, მიუხედავად პროკურორების მოთხოვნისა და მსხვერპლთა ოჯახის პროტესტისა. ლოპესი “კარგი ქცევისთვის“ ორი წლით ადრე გაათავისუფლეს. მაშინ მან საკუთარ თავს “საუკუნის კაცი“ უწოდა.
ეკვადორიდან პედრო ალონსო კოლუმბიას გადასცეს, სადაც მას ბრალად 12 წლის ფლორ ალბა სანჩესის მკვლელობა წაუყენეს, ლოპესი დამნაშავედ ცნეს, მაგრამ შეშლილად გამოაცხადეს და ბოგოტაში მდებარე ფსიქიატრიულ კლინიკაში გააგზავნეს .
სამი წლის შემდეგ, 1998 წელს ექიმებმა განაცხადეს, რომ პედრო “გამოჯანმრთელდა“ და გაათავისუფლეს - ის ყოველთვიურად პოლიციაში უნდა გამოცხადებულიყო, მაგრამ ეს არ გაუკეთებია და განთავისუფლებიდან მალევე გაქრა.

სერიული მკვლელის ბოლო დადასტურებული ნახვის ფაქტი 1999 წლის სექტემბერში დაფიქსირდა, როდესაც ბოგოტაში ახალი პირადობის მოწმობა გაიკეთა ყალბი სახელით. სამი წლის შემდეგ, ინტერპოლმა კიდევ ერთი მკვლელობის საქმეზე ლოპესზე ძებნა გამოაცხადა, რომელიც 2005 წელს მას შემდეგ დროებით შეწყდა, რაც კოლუმბიაში თითქოსდა მისი გვამი აღმოაჩინეს. — მაგრამ დნმ - ის ანალიზმა გაურკვეველი შედეგები აჩვენა და ბევრი ფიქრობს რომ ის დღემდე ცოცხალია.
დღეს, თუ ცოცხალია “ანდების მონსტრი“ დაახლოებით 77 წლის უნდა იყოს. პედრო ალონსო ლოპესი, კვლავ რჩება ერთ-ერთ ყველაზე საშინელ სერიულ მკვლელად კაცობრიობის ისტორიაში, რომელმაც 300-ზე მეტი გოგონას მოუსწრაფა სიცოცხლე.