ავტორი:

"ისევ ჭარბწონიანად ვითვლები, მაგრამ ეს კილოგრამები ჯანმრთელობის პრობლემებს აღარ მიქმნის... 2 წელზე მეტია, გაზიანი სასმელი არ მიმიღია" - ბარბარა სამხარაძის შეცვლილი ცხოვრება

"ისევ ჭარბწონიანად ვითვლები, მაგრამ ეს კილოგრამები ჯანმრთელობის პრობლემებს აღარ მიქმნის... 2 წელზე მეტია, გაზიანი სასმელი არ მიმიღია" - ბარბარა სამხარაძის შეცვლილი ცხოვრება

მომღერალი ბარბარა სამხარაძე, რომელიც ფართო საზოგადოებამ პროექტ „ნიჭიერიდან“ გაიცნო, რადიკალურად შეცვლილი იმიჯით წარდგა. გარეგნული ტრანსფორმაციის შემდეგ არტისტი ცხოვრების სრულიად ახალ ეტაპზე გადავიდა და ამის პარალელურად, მსმენელს შემოქმედებით სიახლეებსაც სთავაზობს. ბარბარა, რომელიც ახლახან საკუთარ მუსიკალურ სტუდიაშიც შეუდგა სწავლებას, ახალი ცხოვრების შესახებ ჟურნალ „სარკეს“ ესაუბრა.

ბარიატრიული ოპერაცია: "ახლა თავისუფალი ვარ და უფრო მეტის გაკეთება შემიძლია"

მომღერალმა დაადასტურა, რომ მისი გარეგნობის მნიშვნელოვანი ცვლილება ბარიატრიულ ოპერაციას უკავშირდება. ბარბარა „სარკესთან“ საუბარში ამბობს, რომ თავს ახალ სხეულში კარგად გრძნობს, თუმცა რეაბილიტაციის გზა მარტივი არ იყო.

"ბარიატრიული ოპერაცია გავიკეთე და ამით საკმაოდ კარგად დავიკელი. რეაბილიტაციის გზა იოლი არ არის. მარტივი არ არის იმ სხეულიდან გადმოწყობა ამ სხეულში. ვაკეთებ იმას, რისი გაკეთებაც მაშინ ვერ წარმომედგინა. ახლა თავისუფალი ვარ და უფრო მეტის გაკეთება შემიძლია. მაშინ თავად ვზღუდავდი საკუთარ თავს, რადგან კომპლექსები მაწუხებდა, დაბალი თვითშეფასება მქონდა“.

ბარბარას თქმით, ოპერაციის შემდეგ წონის შენარჩუნება რთული პროცესია, მაგრამ ფორმის შესანარჩუნებლად ექიმების ყველა რეკომენდაციას ითვალისწინებს.

"მართლაც რთულია, წონა რომ არ გაგექცეს, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებ, რასაც ექიმები მირჩევენ. ფეხით ძალიან ბევრს დავდივარ, ვვარჯიშობ. არ ვიღებ ისეთ საკვებს, რომელიც ჩემს ჯანმრთელობას ვნებს, თუმცა ყოფილა მომენტები, როცა ეს წესი დამირღვევია რაღაც მიზეზის გამო. ადამიანები ვართ და ხშირად ვდგებით ცდუნების წინაშე. სწრაფი კვების საკვებიც მიმიღია, მაგრამ ეს ხშირად არ ხდება. მთავარია, ძილის რეჟიმი იყოს მოწესრიგებული და შინაგანი ჰარმონია მქონდეს“.

მომღერალი ხაზს უსვამს ჯანმრთელობის მუდმივი კონტროლის აუცილებლობას. ოპერაციის შემდეგ ის ერთი წლის განმავლობაში სამ თვეში ერთხელ, ახლა კი ექვს თვეში ერთხელ დადის ექიმთან კონსულტაციაზე.

"თუ ყურადღებას არ მიაქცევ, შეიძლება ყველაზე დიდი პრობლემა დაიწყოს, წონა გაგექცეს და კვლავ მოიმატო. ექიმთან ვიზიტი იმისთვის არის საჭირო, რომ გაკონტროლდეს, ოპერაციის შემდეგ ორგანიზმი რას იღებს და რას – ვერა. ოპერაციის შემდეგ ორგანიზმს საკვების ათვისების უნარი ეკარგება... აქედან გამომდინარე, საჭიროა ექიმთან ვიზიტი, რომ გაკონტროლდეს ეს ყველაფერი, გამოვლინდეს, რა არის საჭირო, ორგანიზმს რით უნდა დაეხმარო – საკვებით, მედიკამენტებით თუ გადასხმებით. ამ ყველაფერს ექიმი ანალიზის პასუხების მიხედვით გეუბნება“.

ოპერაციის თანმდევი გართულებების შესახებაც ღიად საუბრობს: „განსაკუთრებული არაფერი, რადგან წინა საოპერაციო პერიოდში გართულებები არ მქონია. როცა წონის სწრაფი კლება მიმდინარეობს, ნაღვლის პრობლემები იჩენს თავს. მეც მქონდა მსგავსი პრობლემა, მაგრამ მკურნალობით ყველაფერმა ჩვეულებრივად ჩაიარა. ოპერაციიდან რამდენიმე ხანში თავს იჩენს თმის ცვენა. თმა მეც მცვიოდა რაღაც პერიოდი, მაგრამ მალევე შემიჩერდა. არაფერია უსაშველო, მთავარია განწყობა, მობილიზება.

კითხვაზე, არის თუ არა მისთვის ახლანდელი წონა მისაღები, მომღერალი ამბობს:

"გენეტიკურად მაქვს ისეთი აღნაგობა, რომ ჩემი ახლანდელი წონა მისაღებია. ისევ ჭარბწონიანად ვითვლები, მაგრამ ეს კილოგრამები ჯანმრთელობის პრობლემებს აღარ მიქმნის. ადრე გარეთ გასვლა არ მიყვარდა და ახლა შემიყვარდა, ფეხით ბევრს დავდივარ. მაშინ ხალისი არ მქონდა. კომპლექსები მაწუხებდა, დაბალი თვითშეფასება მქონდა“.

მომღერალი ჯანსაღი წესების დაცვის მნიშვნელობაზეც საუბრობს: "ვისაც ოპერაცია აქვს გაკეთებული, გაზიან სასმელებს უნდა მოერიდოს. ორწელიწადნახევარია, რაც გაზიანი სასმელები არ მიმიღია, არც მინერალურ გაზიან სასმელებს ვიღებ. ტკბილეული და ცომეული არ ამომიღია, მაგრამ ვიღებ მცირე რაოდენობით, პატარა ულუფებით. მთავარია, არ დამავიწყდეს, საიდან მოვდივარ და სად მინდა წასვლა“.