ავტორი:

დარჩენილია სამი დღე: ყველაფერი, რაც ქონების გადასახადზე უნდა ვიცოდეთ - რამდენით დაჯარიმდებით, თუ დეკლარაციას არ შეავსებთ

დარჩენილია სამი დღე: ყველაფერი, რაც ქონების გადასახადზე უნდა ვიცოდეთ - რამდენით დაჯარიმდებით, თუ დეკლარაციას არ შეავსებთ

საგადასახადო კოდექსის თანახმად, იმ ოჯახებს, რომელთა შემოსავალიც 2024 წელს 40 000-ს აღემატებოდა და რამე სახის ქონებას ფლობენ, 15 ნოემბრამდე ქონების გადასახადის გადახდა უწევთ. მანამდე კი, 1 ნოემბრამდე, დეკლარაციის შევსებაა საჭირო. განაკვეთი 40 000 ლარიდან 100 000 ლარამდე შემოსავალზე 0.05%-დან 0.2%-მდე მერყეობს, ხოლო თუ შემოსავალი 100 000 ლარს აღემატება 2024 წლის 12 თვის განმავლობაში, მაშინ გვიწევს 0.8-დან 1%-მდე განაკვეთი. 1 ნოემბრამდე დეკლარაციის შეუვსებლობის, 15 ნოემბრამდე კი ქონების გადახდის გადაუხდელობის გამო, ფიზიკურ პირს ფინანსური სანქცია ეკისრება. ცნობისთვის, ემიგრაციიდან გზავნილი თანხა 40 ათას ლარიან ზღვარში არ გაითვალისწინება.

ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დასმული კითხვა - დეკლარაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, როგორ დაანგარიშდება ჯარიმების მოცულობა, რამდენით დაჯარიმდება პირი?

"ჯარიმებს აქვს 2 ნაწილი, ერთი არის დეკლარაციების წარუდგენლობაზე და მეორე - გადასახადის არ გადახდაზე. მაგალითად, თუ დეკლარაცია საერთოდ არ წარვადგინეთ, რაც უნდა გადაგვეხადა, იმას ემატება საურავის სახით ამ თანხის 5%. თუმცა, თუ გადაცილება 2 თვეზე მეტია, მაშინ ამ თანხის 10%-ით ვჯარიმდებით.

მეორე ნაწილი, თუ გადასახადის გადახდის ვადად განსაზღვრულია 15 ნოემბერი, ყოველ დაგვიანებულ დღეზე გვემატება დეკლარაციით გადასახდელი თანხის 0.05% (დამატებით). რამდენი ხანიც დავაგვიანებთ, იმ პერიოდის განმავლობაში დაგვეკისრება ეს საურავი".

ამ საკითხში უკეთ გასარკვევად AMBEBI.GE პოლიტიკოსსა და ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორ რომან გოცირიძეს ესაუბრა:

- კონკრეტულად ვის ეხება ქონების გადასახადის ვალდებულება და ამ შემთხვევაში რა არის მთავარი განმსაზღვრელი კრიტერიუმი?

- ვინაიდან ამ გადასახადს იხდის ოჯახი და არა ერთი კერძო პირი, ეს არის საოჯახო გადასახადი, რომლის წლიური შემოსავალი აღემატება 40 000 ლარს. ქონების გადასახადი, რომელიც 20 წლის წინ იყო მიღებული, არ შეეხებოდა ჩვენი მოქალაქეების 99%-ს. საგადასახადო კოდექსში ეს ნაწილი - 40 ათას ლარამდე გათავისუფლება გადასახადებიდან ჩემი ხელით დაწერილია. მას შემდეგ ხელფასებიც გაიზარდა და ფასებმა თითქმის სამჯერ მოიმატა. დღევანდელი 900 ლარი დაახლოებით, მაშინდელ 300 ლარს უდრის და ერთეულები იხდიდნენ ამ გადასახადს, ახლა მასობრივად უწევთ. დეკლარაცია 31 ოქტომბრამდე უნდა შეივსოს და 15 ნოემბრამდე უნდა იქნას გადასახადი გადახდილი, წინააღმდეგ შემთხვევაში, საშინელი ჯარიმებია.

- როგორც გაცხადდა, დეკლარაციის არასწორად შევსებისთვის ფიზიკური პირი დაჯარიმდება, მაგ. თუ სწორად, საბაზრო ღირებულების შესაბამისად არ შეაფასა მისი ქონების ღირებულება, დავა მოუწევს საგადასახადოსთან. ქონების შეფასება ინდივიდუალურია და ამაზე ნებისმიერ დროს შეიძლება მოედავონ პირს...

- დეკლარაციის არასწორი შევსებისთვის ჯარიმა დაერიცხება ადამიანს - ჯერ რამდენიც უნდა გადაეხადა იმის ნახევარი, შემდეგ, დროზე თუ არ დაფარა, არის ყოველდღიური ჯარიმები და ეს ადის საშინელ პროცენტამდე. ადამიანი თვითონ აფასებს დასაბეგრი საკუთარი ქონების ღირებულებას და თუ მთავრობას ეს არ მოეწონა, დაგაჯარიმებს. ერთ კორპუსში, ერთ სადარბაზოში მცხოვრებმა ორმა პირმა შეიძლება ერთნაირი ფართის ბინის ღირებულება განსხვავებულად შეაფასოს, ერთ ქუჩაზე მდგომი ერთნაირი სახლი ერთმა შეიძლება მეტად შეაფასოს და მეორემ - ნაკლებად. ასე შეიძლება მოხდეს ნებისმიერი ქონების შეფასებისას (სახლი, ბინა, ავტოფარეხი, კომერციული ფართი, მანქანა, ნახატები, და ა. შ.). საქართველოში თითქმის ყველას აქვს მამაპაპისეული კარმიდამო, მიწა, სახლი, შეიძლება ჰქონდეს ავტოფარეხი, რომელიც არასდროს გამოუყენებია, ან პატარა ჯიხური, ყველას ჰყავს ავტომობილი, რომელიც უნდა იბეგრებოდეს და ეს იმდენი გამოდის, ადამიანს ამის გადახდის საშუალება არ აქვს. ქონების გადასახადი უნდა იყოს სოციალურად სამართლიანი, ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობასთან შესაბამისი.

სასწრაფოდაა ასაწევი ეს გადასახადი დაახლოებით 120 ათასამდე ფასების ზრდის ტოლფასად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩათვალეთ, რომ ყოველ მეორეს გაქვთ ქონების გადასახადი. ეს არის ერთჯერადი ყოველწლიური ოჯახის გადასახადი. ოჯახში თუ მუშაობს 3 ადამიანი და თითოეულს აქვს 900 ლარი ხელფასი, ოჯახი იხდის ქონების გადასახადს. 40 ათასი ლარი დარიცხული თანხაა, თორემ სინამდვილეში, ოჯახში ხელზე ვისაც აქვს წლიური 32 ათასი შემოსავალი, გადასახადის გადამხდელია. სინამდვილეში ეს რიცხვი (32 ათასი) კიდევ უფრო ნაკლებია, რადგან დაქირავებულ პირს დამატებით უკავდება 2 პროცენტი საპენსიო ფონდისთვის. ოჯახში თუ 2 წევრი მუშაობს და თითოს აქვს 1300 ლარი ხელფასი (და ასეთი უამრავია), ის უკვე ქონების გადასახადის გადამხდელია. ამას ემატება სრულწლოვანი დასაქმებული შვილის შემოსავალიც - დავუშვათ, ცოლ-ქმარს აქვს 1000-1000 ლარი, შვილი მაღაზიაში მუშაობს და აქვს 600 ლარი ხელფასი, ქონების გადასახადის გადამხდელია, რადგან ხელზე 32 ათასი გამოდის. თუ ოჯახში არის სამი წევრი და თითოეული მათგანი იღებს თვეში 880 ლარს, ისიც ქონების გადასახადის გადამხდელია. ასეთი საქართველოში ლამის ყოველი მეორე ოჯახია. მათ ყველაფრიდან უნდა გადაიხადონ გადასახადი: ბინა, მანქანა, სოფელში მამა-პაპისეული სახლი, ავტოფარეხი, მიწა, აგარაკი თუ კომერციული ფართი, რომელიც შესაძლოა არც კი გამოყენებულა არასდროს.

- 40 ათასი ლარიდან შემოსავალზე რამდენი პროცენტია გადასახადი?

- 40-დან 100 000-მდე ვისაც აქვს შემოსავალი, არის მთელი ქონების ღირებულების 0,2%, ხოლო 100 ათასზე ზევით, მთელი ქონების ღირებულების 0,8 %.

- პენსიონერი ოჯახის წევრების შემოსავალიც ჯამდება ქონების გადასახადში, ან საპენსიო დანაზოგიც იბეგრება?

- არა, პენსია არ შედის შემოსავალში და არც საპენსიო დანაზოგი იბეგრება.

- დავუშვათ, ოჯახს არ აქვს 40 000-ზე მეტი შემოსავალი, მაგრამ ფლობს უძრავ ქონებას - მიწის ნაკვეთს, კომერციულ ფართს, ბინას, მაინც ავსებს დეკლარაციას და იბეგრება?

- ადამიანს, რომელსაც შეიძლება არავითარი შემოსავალი არ ჰქონდეს, იყოს პენსიონერი, მაგრამ აქვს მიწის ნაკვეთი (სამოსახლო და სოფლის სახლი არ ითვლება), დეკლარაციას მაინც ავსებს და გადასახადის გადამხდელია. ამ ადამიანმა უნდა შეავსოს ზუსტად ისეთივე ქონებრივი დეკლარაცია, როგორსაც ავსებენ 40 000 ლარიანი შემოსავლის მქონენი.

- თუ დასაქმებული სრულწლოვანი შვილი მშობლებთან არა, მაგრამ ცხოვრობს პენსიონერ ბებიასთან, ბაბუასთან, ან სულაც ოჯახიდან ქირითაა გასული, ამ შემთხვევაში მისი შემოსავალი ემატება თუ არა მშობლებისას?

- შვილი, ან შვილიშვილი თუ სრულწლოვანია და ცხოვრობს ცალკე და არა მშობლებთან, მაშინ არ იკრიბება შვილისა და დანარჩენი ოჯახის წევრების შემოსავალი. ოჯახი ნიშნავს ერთად ცხოვრებას და ერთობლივ სამეურნეო საქმიანობას. ოჯახში თუა ცოლი, ქმარი და შვილი, მაგრამ შვილი გავიდა ნაქირავებში, ამ გადასახადის დანიშნულების თვალსაზრისით, ის უკვე არ ითვლება ოჯახის წევრად, ის ცალკე ოჯახია, სხვაგან ცხოვრობს, ამიტომ ზრდასრული შვილის შემოსავალი არ შეიძლება ჩაითვალოს ოჯახის ფაქტობრივ შემოსავლად.

- თუ ცოლ-ქმარი სხვადასხვა ბინაშია ჩაწერილი, მაშინ რა ხდება?

- ამ შემთხვევაში ჩაწერა არაფერს ნიშნავს. ამ კანონის ხარვეზი ისიცაა, რომ ოჯახში თუ ცხოვრობს ცოლ-ქმარი და ზრდასრული შვილი, შეიძლება შვილმა თქვას, მე ამ ოჯახში არ ვცხოვრობ, სხვაგან ვცხოვრობო და არასდროს არავინ და ვერავინ შეამოწმებს, ნაქირავებშია თუ სად. იმ შემთხვევაში, თუ ოჯახის წევრის იდენტიფიკაციას ვერ აკეთებ (ყველას სახლში ვერ მიხვალ იმის გასარკვევად, ღამეს სახლში ათევს თუ - არა), სამეურნეო ცხოვრებას იქ ეწევა თუ არა, ეს დეტალიც დასახვეწია.

- დეკლარაცია ყოველწლიური ვალდებულებაა? რა შემთხვევაში საჭიროებს ის განახლებას, თავიდან შევსებას?

- სავალდებულოა ყოველი წლის 31 ოქტომბრამდე შეივსოს დეკლარაცია, მაგრამ თუ შემოსავალი 40 ათას ლარს არ ასცდა, მომავალ წელს აღარ ავსებ

- თუ არ მაქვს კოდექსით გათვალისწინებული შემოსავალი, მაგრამ მაქვს კომერციული ფართი, გაქირავებული ავტოფარეხი, ავტომანქანა, მაინც ვავსებ დეკლარაციას?

- არა, არ ავსებ დეკლარაციას, დეკლარაციის განმსაზღვრელია მხოლოდ 40 ათასამდე შემოსავალი და მიწის ნაკვეთი (ამაში არ შედის საკარმიდამო მიწა). 20 წლის წინათ მიღებული, დრომოჭმული წესის მიხედვით, უკვე ლამის სიღარიბის ზღვარზე მყოფ ოჯახებსაც კი უწევთ ამ გადასახადის გადახდა. სასწრაფოდ საჭიროა ამ კანონის შეცვლა, რადგან ძალიან მოძველდა მაშინ მიღებული ეს წესი. ამ გადასახადის გადახდის საშუალება იმ ფორმით, რაც დღეს არის, უმეტესობას არ შეუძლია.ნანა ფიცხელაური