90–იან წლებში ოზონის შრეში არსებული ხვრელი ერთ–ერთი უდიდესი გლობალური საკითხი იყო. მაშინ რომ ეს ფაქტი იგნორირებული ყოფილიყო, დღეს პლანეტა გაცილებით უარეს მდგომარეობაში იქნებოდა.
რა არის ოზონის ხვრელი: დედამიწის ატმოსფეროს ზედა ფენაში, სტრატოსფეროში, ოზონის კონცენტრაციის მკვეთრი შემცირების ფენომენი. ბოლო ათწლეულებში გაძლიერდა, სავარაუდოდ ანთროპოგენური ზემოქმედების შედეგად. კაცობრიობის განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია იმის გამო, რომ სტრატოსფერული ოზონი დედამიწის ზედაპირს მზის ულტრაიისფერი გამოსხივებისგან იცავს. ოზონის ხვრელი დიამეტრით 1000 კმ პირველად აღმოაჩინეს 1986 წელს სამხრეთ ნახევარსფეროში ანტარქტიკის თავზე. იგი ჩნდებოდა ყოველ აგვისტოს, ხოლო დეკემბერში ან იანვარში კი ქრებოდა. ჩრდილოეთ ნახევარსფეროში არქტიკაზე ჩნდებოდა მეორე ხვრელი, თუმცა გაცილებით მცირე ზომებით. ოზონის საფარის შეთხელების შედეგად იზრდება დედამიწის ზედაპირზე მოხვედრილი ულტრაიისფერი გამოსხივების ინტენსივობა, რაც თავის მხრივ იწვევს კანის დაავადებათა ალბათობის ზრდასაც.
1970–იანი წლების დასასრულს, ბრიტანული ანტარქტიკული კვლევის ცენტრის მეტეოროლოგი, ჯონათან შენკლინი დროის უმეტეს ნაწილს კემბრიჯის მიყრუებულ ოფისში ატარებდა, სადაც ანტარქტიკის კონტინენტზე მოპოვებულ მონაცემებს ამუშავებდა.

ამავდროულად, 1974–ში იმავეს ამბობდნენ მეტეოროლოგები, მარიო მოლინა და შერი როულანდი. მათ გამოქვეყნებულ სამეცნიერო ნაშრომში განიხილებოდა, რომ ქლოროფტორ–ნახშირწყლებს დედამიწის სტრატოსფეროს განადგურება შეეძლო. მათი ნაშრომი, რომელმაც 1995 წელს ნობელის პრემია მიიღო, თავის დროზე დიდი კომპანიების კრიტიკის ქვეშ მოხვდა, რომლებიც თავიანთი პროდუქტების უსაფრთხოებას ამტკიცებდნენ.
ქლოროფტორ–ნახშირწყლების გამოყენება 1970–იან წლებში გაიზარდა, როცა ის მაცივრებში, კონდიციონერებში, აეროზოლის სპრეებსა და სხვა ინდუსტრიულ გამწმენდ საშუალებებში იყო.
ეს ამბავი საერთაშორისო დონეზე გავრცელდა და მთელი მსოფლიო მობილიზდა. იმ შესაძლებლობამ, რომ ოზონის შრის განადგურებას ადამიანთა ჯანმრთელობის დაზიანება შეეძლო, საზოგადოებაში შიში გააჩინა. მსოფლიოს მთავრობები და მეცნიერები საერთო გლობალური პრობლემის გარშემო მობილიზდნენ.
"იგივე საშიშროება აღარ არსებობს, როგორიც წარსულში იყო" - ამბობს კენტენბერის უნივერსიტეტის პროფესორი, ლორა რეველი. ამის მიზეზი პრობლემის გამკლავებისთვის საერთაშორისო დონეზე მიღებული ზომებია.
1977–ში გლობალური გეგმა იქნა მიღებული და ოზონის შრისა და მზის რადიაციის კვლევაში მეტი რესურსი ჩაიდო. 1985–ში, როცა ვარაუდების შემდეგ, ოზონის ხვრელის არსებობა დადასტურდა, გაიმართა ვენის კონვენცია, რომელზეც დამატებითი კვლევის საჭიროება იქნა განხილული. გაიზარდა სამეცნიერო კვლევაში ჩადებული ინვესტიციები და სახელმწიფოები კოლექტიური მოქმედების გეგმაზე შეთანხმდნენ, რის შედეგადაც ყველაფერი შეიცვალა.
90-იანებსა და 2000–იანების დასაწყისში ქლოროფტორ–ნახშირწყლების წარმოება და გამოყენება ფაქტობრივად ნულამდე ჩამოვიდა.
ამ საკითხის გადაჭრაში ყველა აღიარებს ერთი შეთანხმების მნიშვნელობას. 1987 წლის მონრეალის პროტოკოლი ერთადერთი შეთანხმებაა, რომელსაც ყველა, 198 გაეროს სახელმწიფომ მოაწერა ხელი. მონრეალის პროტოკოლმა წლიურად 2 მილიონამდე კანის კიბოსა და მილიონობით კატარაქტის შემთხვევების პრევენცია მოახდინა.
მსოფლიო, რომ არ შეთანხმებულიყო და ქლოროფტორ–ნახშირწყლების გამოყენება არ აეკრძალა, ვარაუდობენ, რომ 2050 წლისთვის დედამიწაზე ცხოვრება შეუძლებელი იქნებოდა.
დღესდღეობით, ოზონის ხვრელი ისევ არსებობს, მაგრამ სამეცნიერო მტკიცებულების მიხედვით ის ნელ–ნელა მცირდება. მეცნიერების აზრით, ოზონის შრე 1980 წლამდელ მდგომარეობას 21–ე საუკუნის შუა პერიოდში დაუბრუნდება.
ავტორი: საბა ჩიტიაშვილი